ზუგდიდური კლუბის დირექტორი რევაზ პერტაია ამბობს:
"შოთა მოთელვამდე კარგად იყო, მაგრამ მოედანზე გასვლამდე მოულოდნელად ცუდად გახდა და წაიქცა. მცხეთის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადავიყვანეთ, მაგრამ... ვეღარ ვუშველეთ.
თავდაპირველად ითქვა, თითქოს, თრომბი იყო მიზეზი, მაგრამ ჯერ ზუსტად არ ვიცით.
31 წლის შოთა მამინაშვილი, რომელიც ბათუმის "დინამოს" ყოფილი მეკარის, იური მამინაშვილის ვაჟი იყო, ამავე კლუბში აღიზარდა, "ზუგდიდში" კი 2017 წლიდან თამაშობდა. იყო "მაჭახელასა" და ქობულეთის "შუქურას" წევრიც, ხოლო ადრეულ წლებში კი რუსულ "ნოვოკუზნეცკ-კუზბასში" თამაშობდა.
"ლელოს" და Sportall.ge-ს რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოთა მამინაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"