ეროვნული ლიგა. XXX ტურის წინ: ისევ იწვიმებს... გოლები?

AutoSharing Option
წინა ტური სამი დღის წინათ დასრულდა, დღეს კი უკვე... მომდევნო იწყება!

ეგ კი არა, ეროვნულ ლიგაში ვიდრე ბოლო პაუზა იქნება (6-17 ნოემბერი), ჩვენს ფეხბურთელებს ყოველ მეოთხე-მეხუთე დღეს მოუწევთ მატჩების ჩატარება.

ახლა, მთავარია, რომ კლიმატურმა პირობებმა არ შეგვიშალოს ხელი: იმედია, სტიქია ჩაცხრება და XXX ტურში დანიშნული ყველა მატჩიც, მეტ-ნაკლებად, "საფეხბურთო პირობებში" გაიმართება.

არადა, მართლაც საინტერესო ტური გველოდება და ისე, როგორც, ფაქტობრივად, მთელი სეზონის განმავლობაში, ამჯერადაც ძალიან ძნელი იქნება ამა თუ იმ წყვილში რომელიმე გუნდისთვის ფავორიტისა თუ აუტსაიდერის სტატუსის მინიჭება.

აქვე, იმის
იმედსაც გამოვთქვამთ, რომ წინა ტურის მსგავსად, ეროვნული ლიგის ფეხბურთელები ამჯერადაც გაგვანებივრებენ ერთმანეთზე ეფექტური გოლებითა და საერთოდ, მაღალი შედეგიანობით...

18.10. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 15:00
სამტრედია-დინამო (ბთ)
ურთიერთშეხვედრები
30: +12 =5 -13, 38-45
დისკვალიფიკაცია
გიორგი დათუნაიშვილი, გიული მანჯგალაძე (ორივე - სამტრედია)
I-II-III წრე: 1:0, 2:0, 1:0

თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, უჩა სოსიაშვილმა "სამტრედიას" მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი საშინაო მატჩი უნდა ჩაატაროს!

ერთი შეხედვით, მის გუნდს არ უნდა გაუჭირდეს ერთ-ერთი აუტსაიდერის დამარცხება (მით უფრო, რომ ამ სეზონში წინა სამივე მატჩი მოუგო), მაგრამ ვერც იმ ფაქტს გავექცევით, რომ ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელთა პოტენციალი ნამდვილად არ შეეფერება ამ გუნდის ადგილს სატურნირო ცხრილში.

გვჯერა, რომ ამ შემადგენლობით აჭარლებს აშკარად განსხვავებული მიზნები უნდა ჰქონოდათ...

უკვე ვთქვით, რომ მიმდინარე სეზონში "სამტრედიამ" სამივე მატჩი მოუგო და განსაკუთრებით, II წრის შეხვედრა (2:0) გვინდა გამოვყოთ; ჯერ ის ვთქვათ, რომ ეს იყო "სამტრედიას" პირველი საშინაო გამარჯვება (მხოლოდ მეექვსე ცდაზე) და ის ფაქტიც გვინდა აღვნიშნოთ, რომ ორივე გოლი საყრდენმა ნახევარმცველებმა, გიორგი დათუნაიშვილმა და გიული მანჯგალაძემ გაიტანეს.

ჰოდა, "სამტრედიის" ეს ორი საკვანძო და, ფაქტობრივად, შეუცვლელი ფეხბურთელი დღეს თავის გუნდს ვერ დაეხმარება (ორივე - დისკვალიფიცირებულია) და აქედან გამომდინარე, მასპინძელთა ახალგაზრდა თავკაცს სერიოზული თავსატეხი მოუწევს ძირითადი შემადგენლობის შერჩევისას.

მით უფრო, რომ "სამტრედიას" ნამდვილად არა აქვს გრძელი სათადარიგოთა სკამი და ეს თემა, სოსიაშვილის წინამორბედის, გია ცეცაძისათვისაც არანაკლებ პრობლემატური იყო...

18.10. ბათუმი. სარაგბო სტადიონი. 19:00
შუქურა-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები
9: +1 =3 -5, 8-16
დისკვალიფიკაცია
ირაკლი კლიმიაშვილი (შუქურა)
I-II-III წრე: 1:3, 1:4, 1:1

დღეს, კიდევ ერთი აჭარული კლუბი ითამაშებს - ბოლოადგილოსანი "შუქურა" ეროვნულ ლიგაში ერთადერთ... უმოტივაციო გუნდს, "ჩიხურას" უმასპინძლებს.

გიორგი შაშიაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "შუქურა", გამოკვეთილი აუტსაიდერის სტატუსის მიუხედავად, არაფრით ეგუება ამ მდგომარეობას: ქობულეთელთა გუნდს 7-მატჩიანი მოუგებელი სერია კი აქვს, მაგრამ, თითქმის ყველა მატჩში გააქვს გოლ(ებ)ი და პირველი-მეორე წრეებისგან განსხვავებით, აღარც დიდი ანგარიშით მარცხდება.

..."ჩიხურაზე" კი ვთქვით, რომ უმოტივაციოდ არის დარჩენილი ჩემპიონატშიო, მაგრამ ნურც ის დაგვავიწყდება, რომ სოსო ფრუიძის კრებულს მხოლოდ 8 ქულა აშორებს პლეი აუტის ზონას.

თანაც, მომდევნო მატჩი სწორედ ამ ზონაში მყოფ ბათუმის "დინამოსთან" აქვს, ხოლო შემდეგ - თბილისის "დინამოსთან".

19.10. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 13:30
ლოკომოტივი-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
5: +1 =1 -3, 8-16
დისკვალიფიკაცია
გეგა დიასამიძე, დავით სამურკასოვი (ორივე - ლოკომოტივი)
I-II-III წრე: 0:3, 1:2, 0:6

ეს ტურის, უდავოდ, ყველაზე დამაინტრიგებელი მატჩია - "ლოკომოტივს" ზედიზედ მეორე დედაქალაქური დერბი უწევს. თუმცა, სადერბო ფაქტორის გარდა, უფრო მეტად მნიშვნელოვანი უნდა იყოს ორივე გუნდის სატურნირო მდგომარეობა: სწორედ "ლოკომოტივი" და "საბურთალო" იბრძვიან IV ადგილის დასაკავებლად, რამაც, შესაძლოა, ევროპალიგის საგზური მოუტანოს ერთ-ერთ მათგანს.

ორივე გუნდი შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას. ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ ეროვნულ ლიგაში ამ გუნდებზე მეტი გოლი მხოლოდ თბილისის "დინამოს" აქვს გატანილი.

დღესდღეობით, "ლოკომოტივი" მხოლოდ 2 ქულით უსწრებს თავის ერთ-ერთ უხერხულ მეტოქეს და მაქსიმალურად შეეცდება, ეს უპირატესობა გაზარდოს ან, სულ მცირე, შეინარჩუნოს მაინც.
თუმცა, ეს ყველაფერი გიორგი დევდარიანის გუნდისთვის ძალიან რთული იქნება - "ლოკომოტივს" წინა ხაზის რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმირებული ჰყავს.

ამას გარდა, დისკვალიფიკაცია აქვს ორ საკვანძო ფეხბურთელს - საყრდენ ნახევარმცველ დავით სამურკასოვსა და შემტევ ნახევარმცველ გეგა დიასამიძეს.

აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ოპტიმალური შემადგენლობა არც გიორგი ჭიაბრიშვილს ეყოლება: "საბურთალოს" მთავარი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს ხომ უეფას ახალგაზრდულ ლიგაში თურქულ "ბურსასპორთან" მოუწევს წინადღეს ასპარეზობა და ძნელი წარმოსადგენია, იგივე გიორგი კოხრეიძე თუ ლუკა ლაკვეხელიანი მეორე დღეს გასამართავ დერბიშიც ვიხილოთ.

...მომდინარე სეზონში "საბურთალომ" სამივე მატჩი მოუგო "ლოკომოტივს" და ამით ბევრი რამ არის ნათქვამი. განსაკუთრებით კი, რაღა თქმა უნდა, III წრის მატჩი უნდა გამოვყოთ, როცა "საბურთალომ" თავისი ლიდერების, დავით ვოლკოვის (ჰეთ თრიკი), ლაშა შინდაგორიძისა (დუბლი) და გიორგი ხარაიშვილის გოლებით "ლოკომოტივს"... 6:0 მოუგო!

სხვათა შორის, ეს იყო "ლოკომოტივის" ანტირეკორდი: საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში მანამდე ასეთი სხვაობით არასდროს წაუგია...

19.10. ფოთი. პარკი არენა. 15:30
კოლხეთი-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
64: +18 =17 -29, 70-97
I-II-III წრე: 1:2, 0:3, 0:0

ტურის კიდევ ერთი მატჩი, სადაც აბსოლუტურად განსხვავებული მიზნების მქონე გუნდები უნდა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. თანაც, აუტსაიდერი "კოლხეთისა" და ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტის, "ტორპედოს" პაექრობა... ფოთში გაიმართება!

აი, ასე: გარკვეული პაუზის მერე, "კოლხეთს" თავის მშობლიურ ქალაქში მოუწევს უკვე ნამდვილი საშინაო მატჩის ჩატარება და არა სამტრედიაში, ბათუმში, ქობულეთსა თუ ლანჩხუთში...

...ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერთან მატჩს "კოლხეთი" ერთობ არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობითა და არანაკლებ წარუმატებელი სერიით ხვდება: ფოთელებს უკვე 15 მატჩია ეროვნულ ლიგაში არ მოუგია.

ჰოდა, როგორი საქმეა, ასეთ სიტუაციაში მყოფმა გუნდმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს ჩემპიონობისთვის მებრძოლ "ტორპედოს"? თანაც, ქუთაისელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი არც საკადრო პრობლემებს უჩივის და ძირითად შემადგენლობაში ფეხბურთელთა როტაციასაც უმტკივნეულოდ მოახდენს.

19.10. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 20:00
დილა-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები
58: +4 =12 -42, 31-151
დისკვალიფიკაცია
გოდერძი მაჩაიძე (დილა)
I-II-III წრე: 2:1, 1:1, 0:5

...XXX ტურის დასკვნითი მატჩიც უდიდეს ინტერესს იწვევს: "დილა" ყველა ღონეს ხმარობს, პლეი აუტში რომ არ მოხვდეს, თბილისის "დინამოს" მიზანი კი ყველასთვის ნათელია: უამრავი და მართლაც ქრონიკული საკადრო პრობლემების მიუხედავად, ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი კვლავაც ჩემპიონობის ერთ-ერთ უპირველეს ფავორიტად რჩება.

საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში, თბილისის "დინამოსთვის" ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მეტოქე სწორედ "დილა" იყო, რომელთანაც, 1990-დან 2012 წლამდე, ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული არც ერთი მატჩი არ ჰქონდა წაგებული!

და აი, 2012 წლის შემოდგომაზე "დილამ" პირველად შეძლო "დინამოს" დამარცხება. ეს იყო "დილას" ამჟამინდელი თავკაცის, გიორგი დარასელიას სადებიუტო შეხვედრა გორელთა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე...

2015/16 წლების სეზონში, უკვე უჩა სოსიაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დილამ", ორივე მატჩი მოუგო "დინამოს"...

აი, რაც შეეხება გორელთა გუნდის მეოთხე გამარჯვებას, ეს ამ სეზონის სტარტზე მოხდა, როცა "დილას" ებრაელი სპეციალისტი ზივ არიე წვრთნიდა. უფრო მეტიც: ამ ბოლო წლებში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ახლა უკვე "დინამოს" გაუჭირდა გორელთა დამარცხება და მხოლოდ III წრის მატჩში შეძლო ეს - 5:0.

...მიმდინარე სეზონში ამ გუნდებს შორის ჩატარებული სამი მატჩიდან, ერთი "დილამ" მოიგი, ერთი - "დინამომ", ერთიც - ფრედ დამთავრდა. სამივე მატჩში არბიტრებს წითელი ბარათის გამოყენებამ მიუწიათ, პირველი წრის მატჩი კი "დინამომ" სულაც 9 ფეხბურთელით ჩაამთავრა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დილა ყველანაირად შეეცდება დადებით შედეგს მიაღწიოს, მაგრამ მე მჯერა ჩვენი გუნდის და კახა კაჭარავასი... უნდა მოვიგოთ აუცილებლად!
levani kaxeti
14:41 18-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული