ყველას ვურჩევდი, ეს არ გააკეთონ... - ინტერვიუ ბუდუ ზივზივაძესთან

AutoSharing Option
2016 წლის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე თბილისის "დინამომ" 1-წლიანი იჯარით აიყვანა.

2017 წელს "სამტრედიის" ყოფილი შემტევი დანიური "ესბიერგის" ღირსებას იცავდა, სადაც კარიერა კარგად არ წაუვიდა.

ფეხბურთელი "დინამოს" ღირსებას ადრეულ პერიოდშიც იცავდა, ამ კლუბში 3 წელი გაატარა.

Sportall.ge ზივზივაძეს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- რას იტყოდით თბილისის "დინამოს" შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის ამ კლუბში დაბრუნება?
-"დინამო" ისტორიულად ძალიან დიდი კლუბია. იგი თავისი ინფრასტრუქტურით და პირობებით საქართველოში საუკეთესოა.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო "დინამოში" დაბრუნება, რადგან სათამაშო პრაქტიკა მჭირდებოდა.

3
წელი უკვე გატარებული  მაქვს "დინამოში" და ახლა მეორედ მომეცა საშუალება, რომ ამ კლუბს დავეხმარო, რისთვისაც ძალიან ბედნიერი ვარ.

- 2016 წელს თქვენ საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაგასახელეს. როგორ ფიქრობთ, ამ გადმოსახედიდან, იყო თუ არა "ესბიერგში" გადასვლა არასწორი ნაბიჯი?
- საუკეთესოდ როდესაც დამასახელეს, ეს ჩემთვის ყველაზე ბედნიერი წუთები იყო, რადგან მსგავსი ინდივიდუალური მიღწევა არასდროს მქონია. ეს ჯილდო თავდაჯერებისთვისაც ძალიან კარგი იყო.

რაც შეეხება "ესბიერგში" გადასვლას, ყველა ვხედავთ, რომ ცუდი ნაბიჯი იყო, თუმცა, გარკვეული გამოცდილება იქ მაინც მივიღე.

ვნახე იქაური ფეხბურთი, თუ როგორ იქცევა იქ ხალხი, როგორი მიდგომით არიან ფეხბურთისადმი და ეს, რა თქმა უნდა, მომავალში დამეხმარება.

ამიტომ, გამოცდილების მხრივ, დანიაში გადასვლას გარკვეული პლუსები ჰქონდა, თუმცა უკეთესად უნდა წარმართულიყო კარიერა.

საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ შეცდომა დავუშვი "ესბიერგში" წასვლით.

- "დინამოს" სამოქმედო კურსის შესახებ რას იტყოდით? თბილისური კლუბი აკადემიიდან ბევრ ახალგაზრდას აძლევს თავის გამოჩენის საშუალებას...
- რა თქმა უნდა, კარგია. თაობა მოდის და უნდა მიეცეთ ახალგაზრდებს ეროვნულ ლიგაში თავის წარმოჩენის შანსი.

ვფიქრობ, რომ დღევანდელ "დინამოს" ძალიან კარგი ახალგაზრდები ჰყავს. შეიძლება ამ პროექტმა დღეს არ მოგვცეს შედეგი, მაგრამ გარკვეული დროის მერე მოვა ის, რაც ქართველი ხალხისთვის სანატრელი გახდა.

- თბილისის "დინამო" ევროტურნირებზე იასპარეზებს. როგორ ფიქრობთ, რა იქნება ამ გუნდის მაქსიმუმი წლევანდელ ევროტურნირებზე?
- დღევანდელი გადმოსახედიდან ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია. იმიტომ, რომ შემადგენლობა ბოლომდე დაკომპლექტებული არ არის.

გუნდში ელოდებიან ცენტრალური მცველის მოსვლას და კიდევ რამდენიმე პოზიციაზე სურთ გაძლიერება. ამიტომ ამ კითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ.

- როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა საქართველოს ჩემპიონატში თქვენი წასვლის შემდეგ?
- ვიტყვი, რომ გაშუქების მხრივ ძალიან გამოსწორდა, თითქმის ყველა თამაში შუქდებოდა და დანიიდანაც ვადევნებდი თვალყურს.

ასევე ვიტყვი, რომ დაძაბული და საინტერესო ძალიან ბევრი თამაში იყო, რაც საჭიროა ჩემპიონატის დონის ასამაღლებლად.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ "ესბიერგში" თქვენი წასვლა იყო შეცდომა. ანალოგიურ სიტუაციაში არიან სხვა ქართველი ფეხბურთელებიც, რომლებიც ქვეყნის გარეთ სათამაშოდ მიდიან და ნაკლები სათამაშო დრო ეძლევათ. თქვენ უკვე როგორც ამ მხრივ გამოცდილი, რას ეტყოდით მათ?
- მე ზამთარში წავედი და ყველას ვეტყვი, რომ ზამთარში კლუბის შეცვლისგან ყველამ თავი შეიკავოს, რადგან ყოველთვის ზამთარში ტრანსფერს ზაფხულის ტრანსფერი ჯობია.

ასევე ყველას ვურჩევდი, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში წავიდნენ, თუ მხოლოდ თავად კლუბი არის დაინტერესებული და არა აგენტი ეუბნება, რომ "მე ჩაგიყვან, მოგაწყობ გუნდში" და შეიძლება მწვრთნელმა არც კი იცის, ისე მიგიყვანონ გუნდში და შემდეგ ხდება, რომ თამაში არ გიწევს.

ისიც არის, რომ ევროპაში ქართველ ფეხბურთელებს არ გვიცნობენ... ამიტომ მწვრთნელი ადგილზე გვეცნობა ვარჯიშის დროს და ეს ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
კი შეცდომა იყოო აღიარებს ,მაგრამ რომ არ წასულიყო რაც მისთავს გადახდა სხვას ხომ ვეღარ ურჩევდა,ამიტო როგორც ნათქვამია "წინა კაცი უკა კაცის ხიდიაო" ან სხვის შეცდომებზე უნდა ვისწავლოთო"

რაც შეეხება ბუდუს ის სორად მოიქცა,რომ დაბრუნდა თან სად დინამოში და არა სამტრედიაში........ამის წინ წერდნენნ ჯაბა კანკავაზე რატომ გადავიდა ყაზახეთშიო,აგერ ახალგაზრდა კაცს არ გაუმართლა ევროპაში და ჯაბას ასაკის კაცს აღარ მიიწვევედნენ და სადაც მიიწვია მწვრთნელმა იქ წავიდ.....

აი თუნდაც კვირკველიაზე რომ წერენ ზამთრის შესვენებაზე ინგლისური პრემიერ ლიგის კლუბები ეპატიჟებიანო...აგერ კაცი ამბობს რომ ზაფხულის ტრანსფერი ჯობიაო ამიტომ გაითვალისწინებს ალბათ საბა ამ ყველაფერს

qutaiseli
14:23 11-01-2018
0
ყოჩაღ ბუდუ,კარგი ინტერვიუა,პატიოსნად ამბობ იმას რაც გადაგხდა თავს.
იმედია თბილისის დინამოში გატარებული წინა "სამი ბედნიერი წელიწადივით" არ მოგიწევს ახლაც სათადარიგო სკამის ხეხვა.
წარმატებები ბუდუნა :)
Dinamofuns
13:18 11-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული