ეროვნული ლიგა 2018. "რუსთავის" წარდგენა

AutoSharing Option
Sportall.ge აგრძელებს 2018 წლის ეროვნულ ლიგაში მონაწილე გუნდების წარდგენას.

"რუსთავი" ეროვნული ლიგის დებიუტანტია. მათ 2017 წლის სეზონში ეროვნული ლიგა 2-ის მოგებით გაინაღდეს საგზური საქართველოს პირველობაზე. წინა სეზონში გამოსარჩევი იყო გუნდში დავით სიჭინავა, რომელმაც 30 გოლი გაიტანა და გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

კლუბი ეროვნულ ლიგაში ახალ ცხოვრებას იწყებს, წინა სეზონიდან მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი დარჩა. ასევე, კლუბს ახალი მწვრთნელი ჰყავს ვლადიმირ გაზაევის სახით. 37 წლის მწვრთნელს აქამდე "ალანია" და ყაზახური "აქტობე" გაუწვრთნია.

ჯერ კიდევ აქტუალურია კითხვა, სად ითამაშებს "რუსთავი"? "ფოლადის არენაზე"
ხელოვნურსაფარიანი მოედანია და პირველი ორი წრე გამორიცხულია იქ თამაში. "რუსთავის" ხელმძღვანელობა ცდილობს, რომ რუსთავის რაგბის სტადიონზე ითამაშოს, თუმცა ამისთვის რაგბის კავშირის თანხმობაა საჭირო. ხოლო ფედერაციამ მათ თბილისში "დავით პეტრიაშვილის არენა" გამოუყო საასპარეზოდ.

"რუსთავი" სადებიუტო მატჩს 4 მარტს, სტუმრად თბილისის "დინამოსთან" ჩაატარებს.

ტრანსფერები
კლუბმა ძალიან ბევრი ფეხბურთელი გაუშვა, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაეხმარნენ, თუმცა დაიმატა ამავდროულად საკმაო რაოდენობის ფეხბურთელი, რომლებიც საშუალებას მისცემენ, უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს. თუ "რუსთავი" მოახერხებს დროულად შეთამაშებას, მაშინ ეს შემადგენლობა ერთ-ერთი საუკეთესო შეიძლება გახდეს ეროვნულ ლიგაში.

კლუბიდან წავიდნენ: გურამ მინდორაშვილი და გიორგი გაფრინდაშვილი (ბოლნისის სიონი), გიგა სამხარაძე და რატი წაწკრიაშვილი (გაგრა), გიორგი ვასაძე (ვიტ ჯორჯია), ზვიად მეტრეველი (ცხინვალი), ნიკოლოზ აფაქიძე (სებაილი), ირაკლი ქათამაძე (შუქურა), მიხეილ ალავიძე (ბათუმის დინამო). თავისუფალი აგენტები: მირზა მერლანი, გიორგი გოცაძე, ერეკლე კილაძე, ირაკლი გოგინაშვილი, ზვიად ლობჟანიძე და გიორგი კილასონია.

კლუბში მოვიდნენ:
მათე ცინცაძე (პოგონი), ოთარ მარცვალაძე, დავით კვირკველია და თემურ ჩოგაძე (ბათუმის დინამო), მამუკა კობახიძე (ლოკომოტივი), ლევან გეგეჭკორი, ნუკრი რევიშვილი, ბექა ქავთარაძე, ლაშა სალუქვაძე და ბექა მიქელთაძე (თბილისის დინამო), მათე კვირკვია (ტორპედო), კოკა სეფიაშვილი (კოლხეთი), ავთო ენდელაძე (მეშახტე), რევაზ ბარაბაძე (მერანი), ირაკლი კლიმიაშვილი (შუქურა), პაპუნა ფონიავა (ჩიხურა), ლუკა ზვიადაძე (ლიეპაია), გიორგი პაპავა (დილა) თავისუფალი აგენტები: ალბერტ ცხოვრებოვი და მიხეილ გორელიშვილი.

შეკრება
კლუბმა შეკრება თურქეთში, ქალაქ სიდეში გაიარა. მათაც, ისევე, როგორც ბევრ ქართულ კლუბს, დაბალი დონის სპარინგ-პარტნიორები ჰყავდათ. თითქმის ახალშექმნილ გუნდს ახალი მწვრთნელიც დაემატა, ამიტომ შეთამაშება უცბად არ ხდება და ხშირ შემთხვევაში ნაჩვენები შედეგი ამის ბრალიც შეიძლება იყოს.

პირველი ორი შეხვედრა ბულგარეთის რანგით მეორე ლიგის პირველადგილოსან "ცარსკო სელოსთან" და უნგრეთის რანგით მეორე ლიგის გუნდ "შიოფოკთან" 0:2 დათმეს. 

ფრე, 1:1 ითამაშეს უზბეკეთის უმაღლესი ლიგის მე-7-ადგილოსან "ალმალიკთან". პირველი გამარჯვება 3:2 მოახერხეს უკრაინის რანგით მეორე ლიგის ბინადარ "კოლოსთან".

2:0 დაამარცხეს შვეიცარიის რანგით მე-4 ლიგის გუნდი "ნატერსი" და ბოლო შეხვედრაში ყირგიზეთის ჩემპიონ "ალაისთან" 3:0 გამარჯვებით დაბრუნდნენ საქართველოში.

დასკვნა

ჩემი პირადი შეფასებაა, რომ კლუბის მთავარ მწვრთნელად ვარლამ კილასონიას დარჩენა სჯობდა, რადგან აქაც იგივე პრინციპია, როგორც ლეგიონერი ფეხბურთელის შერჩევისას. თუ უცხოელი მწვრთნელი მოგყავს, მაღალი დონის და დიდი გამოცდილების უნდა იყოს, ხოლო ვლადიმირ გაზაევი რამდენადაა ასეთი, თქვენ თვითონ განსაჯეთ.

"რუსთავი" ახალი გუნდით იწყებს ასპარეზობას და კლუბში ისეთი ბევრი ფეხბურთელი მოხვდა, რომლებიც შედეგს დადებენ. თუმცა მთავარია, ეს გუნდი ნახევარწლიანი ან თუნდაც ერთწლიანი არ გამოდგეს, მაგრამ ქართულ რეალობაში ვცხოვრობთ და არაფერი არ არის გამორიცხული...

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვშიშობ, რომ "რუსთავსაც" იგივე არ დაემართოს, რაც "დინამო" ბათუმს. ლეგიონერმა მწვრთნელმა და ზედმეტად ბევრმა დამატებულმა ფეხბურთელმა ლიგა-2-ში ამოაყოფინა თავი... ძალიან მინდა, რომ ვცდებოდე!!!
tngh
14:43 27-02-2018
1
ამბობენ კლუბი რუსებმა იყიდესო და თუ ასეა ვნახოთ რამეში თუ წაადგება გუნდს. რუსები თვითონ რომ იხეირებენ ამას რად უნდა საუბარი. ეს სტადიონი კიდევ რა გახდა? მეტალურგიის საკუთრებაა და ბევრ რამეს აფერხებს კლუბისთვის
David
17:42 27-02-2018
0

სიახლეები პოპულარული