დინო ჰამზიჩი: ბიძინა ივანიშვილი? მსმენია, რომ...

AutoSharing Option
დღეს კი საჩხერის "ჩიხურას" ბოსნიელ კარის დარაჯ დინო ჰამზიჩს წარმოგიდგენთ.

30 წლის მეკარე, 2016 წლიდან მოყოლებული, სოსო ფრუიძის გუნდში ასპარეზობს. საინტერესოა, რას აკეთებს ფეხბურთელი საქართველოში მოედნის მიღმა. ყველაფერ ამას კი ჩვენი რუბრიკიდან შეიტყობთ.

- როგორია თქვენი ცხოვრება საქართველოში?
- ჩემი ცხოვრება ფეხბურთია და სწორედ ფეხბურთის მეშვეობით დაუკავშირდა საქართველოს. უკვე 2 წელია აქ ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი დიდებულადაა.

- ვისთან ერთად ცხოვრობთ საქართველოში?
- თბილისში ჩემს მეუღლესთან ერთად, მაგრამ კვირაში 3-4 დღე საჩხერეში გვიწევს ყოფნა.

Sportall.Ge

- რას ფიქრობთ საქართველოს
დედაქალაქის, თბილისის შესახებ?

- ძალიან ძველი და ცნობილი ქალაქია, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. თბილისში ძალიან ბევრი ლამაზი ადგილია და ყოველთვის ვცდილობ, თავისუფალ დროს ეს ადგილები მოვინახულო.

- რომელია თქვენი ფავორიტი ადგილი თბილისში?
- ჩემი ფავორიტი ადგილი ლისის ტბაა. ჩემს მეუღლესთან ერთად ამ ადგილს ხშირად ვსტუმრობ, რაც ძალიან მსიამოვნებს.

- რომელია თქვენი საყვარელი ქართული კერძი და რას ფიქრობთ ქართულ სამზარეულოზე?
- ყველა ქართული კერძი ნამდვილი პოემაა. ვგიჟდები მწვადზე ტყემალთან ერთად. ზოგჯერ ხაჭაპურს და ლობიანსაც მივირთმევ, რომელიც ძალიან გემრიელია.

- რა არის ყველაზე დიდი უცნაურობა, რაც საქართველოში შენიშნეთ?
- პირველი, რამაც გამაოცა, ეს მანქანების ტარების წესი იყო, რომელიც ევროპისგან ძალიან განსხვავებულია. თავდაპირველად, როდესაც საქართველოში მანქანის ტარება ვცადე, ძალიან შემეშინდა.

მაგრამ ახლა ამ ყველაფერს მივეჩვიე და პრობლემას არ წარმოადგენს.

- როდესაც კარიერას დაასრულებთ, გექნებათ თუ არა სურვილი, საქართველოში იცხოვროთ?
- პირველი რიგში, იმედი მაქვს, რომ აქ დიდხანს დავრჩები, რადგან აქაურობა ძალიან მომწონს, მაგრამ მომავალში რა იქნება, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით.

ჩემი ოჯახის წევრები ბოსნიაში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ცხოვრობენ. ვფიქრობ, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ბოსნიაში საცხოვრებლად დავბრუნდები.

იქ ჩემი სახლი მაქვს, სადაც ყველაზე მეტად მიყვარს ყოფნა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოში ცხოვრებაც ძალიან სასიამოვნოა.

Sportall.Ge

- რა იცოდით საქართველოს შესახებ, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში ჩამოხვიდოდით?
- სიმართლე გითხრათ, ბევრი არაფერი... უბრალოდ, ვიცოდი, რომ აქ მეგობრული ადამიანები ცხოვრობდნენ. ვიცოდი, რომ საქართველოს ჰქონდა კარგი კერძები და მშვენიერი ღვინო. უშუალოდ ფეხბურთზე არაფერი ვიცოდი.

- რატომ გადაწყვიტეთ, რომ ფეხბურთელი გამხდარიყავით?
- მამაჩემის და ჩემი უფროსი ძმის გამო. ისინი ფეხბურთს თამაშობდნენ და მეც მათ კვალს გავყევი.

- ქართველებისთვის ოჯახი ძალიან ბევრს ნიშნავს. რას იტყოდით თქვენს ოჯახზე?
- ოჯახი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. თუ არ მექნება ოჯახთან კარგი ურთიერთობა, ცხოვრება გაცილებით რთული იქნება.

- რას იტყოდით თქვენი მეგობრების შესახებ?
- მყავს ბევრი მეგობარი, როგორც ბოსნიაში, ისე საქართველოში. ძალიან მომწონს დროის გატარება ჩემს თანაგუნდელებთან.

- გაიხსენეთ თქვენი ყველაზე ცუდი და კარგი მოგონება საქართველოში...
- ყველაზე ცუდი მოგონება "სამტრედიასთან" მარცხია, როდესაც ჩემპიონობის მოპოვების შანსი დავკარგეთ. ყველაზე კარგი კი დავით ყიფიანის სახელობის თასის მოგება.

- რა არის ყველაზე უცნაური სიტყვა, რომელიც საქართველოში გაგიგიათ?
- არ ვიცი... ალბათ, "მამა", რომელიც ევროპულად ჟღერს, როგორც დედა და ქართულად ნიშნავს მამას.

- რომელია თქვენი საყვარელი ფილმი?
- ძალიან ბევრი ფილმი მომწონს. ძალიან მიყვარს კომედიური ჟანრის ფილმებისა და სერიალების ყურება. ერთ-ერთი ასეთი "ზებუნებრივია", ანდაც "სამეფო კარის თამაშები".

- ვინ არის თქვენი საყვარელი მომღერალი?
- ძალიან მომწონს ჯონ ლეჯენდი, ედ შირანი... ასევე, ჯგუფი "მეტალიკა". ასევე, ბოსნიური სიმღერები და მომღერლები.

- ქართველი მომღერლების შესახებ თუ გსმენიათ რაიმე? მაგალითად, თუ იცით გია სურამელაშვილი?
- არა, გიას შესახებ არაფერი გამიგონია.

- თუ გაქვთ ზედმეტსახელი კლუბში?
- არა, ყველა დინოს მეძახის.

- თუ გსმენიათ რაიმე ყველაზე ცნობილ საჩხერელ ბიძინა ივანიშვილზე?
- დიახ, მსმენია.

- რა?
- მე მას არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ ვიცი, რომ საჩხერეში მასზე მხოლოდ კარგს ლაპარაკობენ.

- პოლიტიკა საქართველოში ძალიან აქტუალურია. რომელიმე პოლიტიკოსის გვარი თუ გაგიგონიათ?
- პოლიტიკით დაინტერესებული არ ვარ... მხოლოდ სპორტი.

- ქართულ ტელევიზიებს თუ უყურებთ?
- დიახ, "სილკის" სპორტულ არხებს. ბევრი არხი მაქვს, მაგრამ "სილკსა" და "სეტანტაზე" ფეხბურთის ყურება ძალიან მიყვარს.

- რას იტყოდით ქართველ კომენტატორებზე, რომლებსაც ამ არხებზე თამაშები მიჰყავთ?
- ძალიან საინტერესოა მათი მოსმენა. სიმართლე გითხრათ, მე მათი ენა არ მესმის, მაგრამ იმდენად არიან ჩართულნი თამაშის პროცესში, რომ მათი მოსმენა და ემოციები მსიამოვნებს. ისინი ნამდვილი პროფესიონალები არიან.

- რომელია თქვენი საყვარელი მეკარე?
- ძალიან ბევრი ფავორიტი მეკარე მყავს, მაგრამ საუკეთესო, ალბათ, მანუელ ნოიერია. ასევე მომწონს იკერ კასილასიც.

- რა არის ის სიტყვა, რომელსაც სოსო ფრუიძე ყველაზე ხშირად იყენებს ვარჯიშებზე?
- ფრუიძე ხშირად ამბობს: "წადი ბიჭო!" და ასევე "სწრაფად!"

Sportall.Ge

- რომელი ქართული სიტყვა იცით, თუ შეგიძლიათ გვითხრათ რამდენიმე?
- ბევრი არა, მაგრამ როდესაც ნაცნობებს ვხვდები, ვეკითხები: "ჩემი ძმა, რა ხდება?"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი რა, რა გია სურამელაშვილი. მეტი არავინ გაგახსენდათ? სირცხვილმა არ შეაწუხა ჟურნალისტი, როცა ასეთ სისულელეს ეკითხებოდა?
ფენეკი
19:01 11-03-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული