ეროვნული ლიგა. III ტურის წინ: დედაქალაქი ოთხ მატჩს მასპინძლობს

AutoSharing Option
დღეს, 16 მარტს სტარტს აიღებს ეროვნული ლიგის მესამე ტური, რისი დასრულების შემდეგაც სანაკრებო პაუზა იქნება და კლუბებს დასვენების საშუალება მიეცემათ.

Sportall.Ge

ორივე გუნდი ორი ტურის შემდეგ თითო მოგებითა და წაგებით ხვდება ერთმანეთს, "დინამო არენაზე" ნამდვილად საინტერესო დაპირისპირება გველოდება.

"დინამოს" წინა მატჩი საკმაოდ ეფექტური გამოვიდა, სადაც დინამოელებმა "ლოკომოტივი" 4:1 დაამარცხეს. აღნიშნულ შეხვედრაში "დინამოს" შემტევი ტრიო ბრწყინავდა: კიტეიშვილი, ივანიშვილი და შულაია.

"სამტრედია" მეორე ტურში მოულოდნელად "სიონთან" 0:1 დამარცხდა და დიდი დანაკლისიც განიცადა - გუნდმა ოლაიტანი დაკარგა, რომელიც საკმაოდ დიდი ხნით დაემშვიდობა მინდორს.

ისევე,
როგორც "დინამო", "სამტრედიამაც" თავისი პირველი 3 ქულა "რკინიგზელებთან" აიღო.

მიუხედავად ბევრი ცვლილებისა, კახა კაჭარავა თავიდან აშენებს გუნდს და შედეგი სახეზეა, "დინამო" ტურიდან ტურამდე აუმჯობესებს თამაშს. რაც შეეხება "სამტრედიას", ამ კლუბმა ბოლომდე ვერ იპოვა საკუთარი თავი, იმის მიუხედავად, რომ ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს.

წინა სეზონში ამ გუნდების დაპირისპირებისას ორი თბილისელებმა მოიგეს, ერთი "სამტრედიამ" და ერთიც ფრედ დასრულდა.

მსაჯები: არბიტრი - გ. ყრუაშვილი, პირველი ასისტენტი - ი. უკლება, მეორე ასისტენტი - ს. სპიცინი, პირველი დამატებითი ასისტენტი - დ. სანოძე, მეორე დამატებითი ასისტენტი - შ. ქუხილავა, მეოთხე მსაჯი - ა. აფციაური.

Sportall.Ge

ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მატჩს გულშემატკივართა აქტიურობა ვერ გაამრავალფერონებს, რადგან "ტორპედოს" სასჯელი წინა სეზონიდან მოჰყვება.

ქუთაისელებმა არასტაბილურად დაიწყეს სეზონი: ჯერ "დილასთან" დამარცხდნენ და შემდეგ ნუკრი რევიშვილის შეცდომა რომ არა, შეიძლება "რუსთავთან" დაპირისპირებისას მხოლოდ 1 ქულა წამოეღოთ. რა თქმა უნდა, ეს გიორგი კუხიანიძის დამსახურებაცაა, რომელიც საჭირო დროს საჭირო ადგილზე იყო.

"ლოკომოტივმა" პირველი ორი ტური ჩააგდო და ჯერჯერობით საკუთარი თამაშის პოვნა ვერ მოახერხა, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "ლოკომოტივს" სეზონის სტარტზე საკმაოდ რთული მატჩები აქვს.

თბილისელთა შემადგენლობაში გამოსარჩევია თეიმურაზ შონია, რომელმაც ორივე წაგებულ მატჩში საკმაოდ ეფექტური გოლი გაიტანა.

იმის მიუხედავად, რომ შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება, მაღალ ტემპს და ორმხრივ შეტევებს უნდა ველოდოთ. საშინაო არენიდან გამომდინარე, უპირატესობა იმერლებს ექნებათ, თუმცა რკინიგზელებს ახლა სწყურიათ ყველაზე მეტად გამარჯვება, რადგან მათ გრაფაში 0 ქულა წერია.

მსაჯები: არბიტრი - გ. ავაზაშვილი, პირველი ასისტენტი - დ. ჩიგოგიძე, მეორე ასისტენტი - ზ. მენთეშაშვილი, მეოთხე მსაჯი - დ. ხარიტონაშვილი

დისკვალიფიკაცია: ბიძინა მახარობლიძე

Sportall.Ge

"დავით პეტრიაშვილის არენა" ორივე კლუბისთვის საშინაო არენა იქნება პირველი ორი წრე და ეს ფაქტორი არცერთ გუნდს არ მისცემს უპირატესობას.

"ჩიხურა" ამ სეზონში სასიამოვნო მოულოდნელობაა. თითქოსდა, დაშლილი კლუბი, რომელიც თავიდან აღდგა, უშანსოდ უნდა ყოფილიყო, თუმცა ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ. პირველ ტურში 6:1 იმარჯვეს "კოლხეთთან" და წინა შეხვედრაში "დილასთან" ფრედ, 1:1 დაასრულეს, თუმცა საკამათოა ბოლო მომენტი, სადაც დიდი ალბათობით, იმერლებს პენალტი ეკუთვნოდათ.

უნდა გამოვარჩიოთ გიორგი გაბედავა, რომელიც ეროვნული ლიგის მთავარი ბომბარდირია 4 გოლით და 2018 წლის სეზონი საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო.

"რუსთავი" ჯერჯერობით ისეთი მრისხანე ვერ არის, როგორც უნდა იყოს თავისი შემადგენლობიდან გამომდინარე. გუნდში ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ამწვავებს თამაშს, მათე კვირკვიაა, დანარჩენები მხოლოდ მის ტემპს მიჰყვებიან.

კვირკვიამ წინა შეხვედრაში პირველი ტაიმის შემდეგ თამაში ვეღარ გააგრძელა და მოედნის დატოვება მოუწია. არადა, "ტორპედოსთან" მატჩში იმ მცირე დროშიც კი ახერხებდა საინტერესო მომენტების შექმნას.

"რუსთავსაც", დებიუტანტი კლუბის კვალობაზე, საკმაოდ რთული კალენდარი შეხვდა, პირველ ორ ტურში ქვეყნის ოქროს და ვერცხლისმედალოსნებს დაუპირისპირდა. ამ ორი კლუბის დაპირისპირება კი პირველი იქნება, რადგან ისინი ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.

Sportall.Ge

თბილისური სტადიონები ზაფხულამდე საკმაოდ დატვირთული იქნება. ბოლნისელების საშინაო არენა "მიხეილ მესხი 2" იქნება.

"სიონი" საკმაოდ საინტერესოდ თამაშობს. ის რად ღირს, რომ "სამტრედია" დაამარცხა 1:0. კლუბს, თითქოსდა, თორნიკე ზარქუას დისკვალიფიკაცია უნდა დასტყობოდა, თუმცა მიხეილ მუჯრიშვილმა წინა მატჩში მშვენიერი "სეივები" გააკეთა და პენალტიც მოიგერია, რის შედეგადაც ბოლნისელებმა სამი ქულა მოიპოვეს.

"კოლხეთი" პირველი კლუბია, რომელმაც ამ სეზონში მწვრთნელი გაუშვა, მაგრამ მწვრთნელის რა ბრალია, ფეხბურთელები უშვებენ გასაოცარ შეცდომებს. ალეკსეი სოლოსინი, რომელიც "ანჟიდან" ჩამოვიდა ფოთელთა რიგებში სათამაშოდ, რომელმაც ორ ტურში 10 გოლი გაუშვა, მაინც საუკეთესოა საკუთარ გუნდში, რადგან რუსი მეკარე რომ არა, "კოლხეთისთვის" ეს ანგარიშიც სანატრელი იქნებოდა.

ორივე გუნდს მოუწია "საბურთალოსთან" დაპირისპირება. "სიონი" 1:3 დამარცხდა, ხოლო "კოლხეთი" - 1:4. ორივე გუნდი უგებდა პირველ ტაიმში თბილისელებს, თუმცა მეორე ტაიმში ორივემ დათმო.

ბოლნისელები ამ მატჩის ფავორიტად უნდა მოვიაზროთ, რადგან ჯერჯერობით ფოთელთაგან რაიმე სიახლე არ ჩანს.

Sportall.Ge

ტური "მიხეილ მესხზე" დასრულდება და ცხრილიდან გამომდინარე, ამ შეხვედრას შეგვიძლია ცენტრალურიც კი ვუწოდოთ. თბილისელები ცხრილში პირველები არიან, ხოლო "დილა" 4 ქულით მესამე ადგილზეა.

"საბურთალო" ერთადერთი გუნდია ეროვნულ ლიგაში, რომელმაც ორივე მატჩის მოგება შეძლო. მოგებასაც ხომ გააჩნია, გია ჭიაბრიშვილის შეგირდებმა ორი ისეთი "ქამბექი" შემოგვთავაზეს, რომ მაყურებელიც და მეტოქეც გაოცებული დატოვეს. გუნდის შეტევითი პოტენციალი ამ სეზონში საკმაოდ მრავალფეროვანია. "საბურთალო" ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს.

გამოყოფის ღირსია: გიორგი კოხრეიძე, დავით ვოლკოვი და ვაგნერ გონსალვეში, მაგრამ ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ თბილისელების კალენდარი საკმაოდ მსუბუქია და ძლიერ მეტოქეებთან მატჩებს ახლა იწყებს.

გორის "დილა" თუ ბრწყინავდა "ტორპედოსთან" (3:2) მატჩში, "ჩიხურასთან" ასეთი ეფექტური თამაში ვერ შემოგვთავაზა. არადა, გორელთა შეტევაც მშვენივრად გამოიყურება. უნდა გამოვყოთ დავით რაჟამაშვილი, რომელსაც სამი საგოლე გადაცემა დაუგროვდა და შეტევების მთავარი შემოქმედი ის და ნოდარ ქავთარაძეა.

ამ მატჩში უხვგოლიან დაპირისპირებას შესაძლოა მივადევნოთ თვალი და გამარჯვებაც ალბათ იმას დარჩება, ვინც უკეთესად შეუტევს.

წინა სეზონში ურთიერთშეხვედრებში თბილისელებმა სამჯერ მოუგეს გორელებს, ხოლო ერთხელ დამარცხდნენ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გაივსება დღეს სტადიონები.
0
დინამო ტურიდან ტურამდე აუმჯობესებს თამაშსო...ჯერ მხოლოდ 2 ტურია ჩატარებული და ასეთი დასკვნა საიდან?!
Lagashi
11:25 16-03-2018
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული