ლეგიონერები ჩვენს ქვეყანაში: რატომ და რისთვის მოდიან საქართველოში?

AutoSharing Option
ამას წინათ, "დინამო თბილისის" "ფეისბუქგვერდზე" გუნდის უკრაინელი ლეგიონერის, დმიტრო ივანისენიას კომენტარი ვნახე, რომელიც ამბობდა, რომ საქართველოში მას განსაკუთრებული პროგრესი ექნება და კახა კაჭარავას გუნდში მოხვედრით ძალიან ბედნიერია.

ერთი შეხედვით, გასაკვირი არც არაფერია (მაგრამ რაღა არ არის გასაკვირი?!), დღეს ხომ ქართულ ფეხბურთში ისეთი ტენდენცია დამკვიდრდა, რომ ყველა აქედან გაქცევაზეა.

ქართულ ფეხბურთს დუეტ ჩიხლაძეების მშვენიერი ნამუშევარი - "კართან მოდგა შემოდგომა" ძალიან მოუხდება და მშვენიერ აკომპანემენტსაც გაუწევს.

ჩვენი ფეხბურთელებიც გაზაფხულის ფოთლებივით აქეთ-იქით დაგვეკარგნენ. გულსავსე და მხიარული დღეები კი მართლაც ყველას ენატრება...

თავდაპირველად, მინდა
ერთი ისტორია გავიხსენო. 2003-04 წლებში, როდესაც ნორმალურ მინდორზე თამაში კი არა, საერთოდ ბურთის შოვნა ჭირდა, კახეთის ერთ-ერთი სოფლის გუნდში მრავლად ჩამოდიოდნენ ლეგიონერები.

წნორის "მილანის" შესახებ ჩვენ ადრე უკვე ვწერდით, რომელიც სოფელ ძველ ანაგაში თამაშობდა.


ყველა ახალგაზრდას, რომელიც გაჭირვებაში ცხოვრობდა და ე.წ. დერმატინის ბურთით თამაშობდა, აინტერესებდა: "რა დაჰკარგვიათ ამ უცხოელებს კახეთის ერთ მიყრუებულ სოფელში?"

მაშინ მათ შესახებ "ლეგენდები" დადიოდა - ზოგი ამბობდა: ამ შავკანიან ადამიანს ბანანის ბიზნესი აქვს და ფეხბურთი იმდენად მაგრად იცის, ჩვენებურებს ათი თავით სჯობსო.

მეორენი სულაც მათ კრიმინალურ წარსულზე საუბრობდნენ. თითქოს, მათ ადამიანები დახოცეს და საქართველოს თავი შეაფარეს. ფეხბურთის თამაში კი იმიტომ დაიწყეს, რომ მათი ამოცნობა შეუძლებელი ყოფილიყო.

ეს ყველაფერი კი დროთა განმავლობაში წარსულს ჩაბარდა. გუნდი დაიშალა. ზოგი ბანანის ბიზნესს მიუბრუნდა, ზოგიც - კრიმინალურ წარსულს. ლეგენდა კი ისევ ლეგენდად დარჩა და დღემდე მაინც გაურკვეველია:

"კი მაგრამ, რატომ უნდა ჩამოხვიდე ქვეყანაში, სულაც იმ სოფელში, სადაც თავის რჩენა იქ მცხოვრებ მოსახლეობასაც კი უჭირს?!"

შოვინიზმში არ ჩამომართვათ, უბრალოდ, კითხვა ხომ სრულიად ბუნებრივია?

Sportall.ge-ს რამდენიმე თვის უკან კონტაქტი ჰქონდა ერთ-ერთი ქართული კლუბის უცხოელ ფეხბურთელთან, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში აღარ ასპარეზობს.

რამდენი იყო მისი ყოველთვიური შემოსავალი? 800 დოლარი... კითხვაზე, რატომ დათანხმა ამ ჯამაგირს ჩვენს ქვეყანაში, მან გვითხრა: მთავარი იყო ჩემი სამშობლოდან წამოვსულიყავიო...

მოდით, რეალისტები ვიყოთ და პირდაპირ ვთქვათ, რომ მაღალი დონის ლეგიონერების გარეშე ძლიერი ჩემპიონატის შექმნა შეუძლებელია.

და რა ძალუძს დღეს ქართულ კლუბებს ლეგიონერებთან დაკავშირებით? ის, რაც გასულმა სატრანსფერო ფანჯარამ დაგვანახა, მე პირადად, მხოლოდ ერთ რამეს მაგონებს: აზიის რომელიმე ღარიბულ ქვეყანაში არსებულ H/M-ს ქარხანას, სადაც იაფი მუშახელი სჭირდებათ. ამ ყველაფრით კი დამსაქმებელიც კმაყოფილია და დასაქმებულიც.

შეუძლიათ თუ არა ქართულ კლუბებს, ძლიერი ლეგიონერები ჩამოიყვანონ? ალბათ, ყველასთვის პასუხი მარტივია - არა!

ის ფინანსური რესურსი, რომელიც ქართულ კლუბებს აქვთ, მათ ამის საშუალებას ვერ მისცემს. მაგალითად, "სამტრედიამ" ორი ისეთი ლეგიონერი ჩამოიყვანა, რომლებსაც ცნობილ კლუბებთან ასე თუ ისე შეხება ჰქონიათ.

მაგრამ უჩა სოსიაშვილის გუნდმა ეს როგორ გააკეთა? როგორც ივან ფატიჩი, ისე ვინსენ ვეილი, გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდნენ.

მუდმივი დავა მიდის იმის შესახებ, უნდა აფინანსებდეს თუ არა სახელმწიფო ქართულ კლუბებს. ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა რამდენიმე კვირის უკან ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 3000 ლარზე მეტი ხელფასი 2017 წელს მხოლოდ 85 ფეხბურთელს ჰქონდა.

სხვა საკითხია, რა იგულისხმება 3000 ლარს ზევით. აქ შეიძლება ვინმე 10000-ს იღებს, ან სულაც 5000-ს, მაგრამ ზღვარი, რომელსაც 3000 ეწოდება, მხოლოდ 85 ფეხბურთელზეა დაშვებული.

დღეს საქართველოს ეროვნულ ლიგაში 30 ლეგიონერი ასპარეზობს (იგულისხმებიან ის ქართველი ფეხბურთელებიც, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ მიღებული).

მათ ანაზღაურებასა და საკონტრაქტო პირობებზე დიდად ინფორმირებულნი არც ვართ და ალბათ, ამის გამოკვლევაც შორს წაგვიყვანს, მაგრამ გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ საქმე დიდ თანხებთან არ უნდა გვქონდეს.

ფაქტი ერთია, ქართულ ფეხბურთში ჩახედულ გულშემატკივარს რომ ჰკითხო, თუ ვინ იყო ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერი, ალბათ, გეტყვით, რომ ეს ჩისკოა, რომელიც "დინამო თბილისის" ნამდვილი ლიდერი იყო.

ესპანელის ანაზღაურებაზე ხმები დადიოდა, რომ თვეში 50 000 დოლარი ჰქონდა, მაგრამ ეს ინფორმაცია, როგორც უკვე გითხარით, არაოფიციალურია. იმასაც ამბობდნენ, რომ მას ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხელფასი ექნებოდა არა მარტო ლეგიონერებს შორის, არამედ მთელ ჩემპიონატში.

ქართული ფეხბურთი იმ მოტრიალე კარუსელს ჰგავს, რომელიც დენის გათიშვის გამო ერთ ადგილზეა გაჩერებული, თუმცა ელექტროენერგიის ჩართვას რატომღაც არავინ აპირებს...

საინტერესოა, რას უხდის, მაგალითად, გორის "დილა" ამდენ ლეგიონერს. არ გვგონია, რომელიმე მათგანს გორული ვაშლი გაჰქონდეს ბრაზილიაში ექსპორტზე...

ანდაც, ჩარლზ დიკენსის მოძულეები იყვნენ და ანტისემიტიზმს გმობდნენ, რადგან გორული კლუბი ებრაელების მფლობელობაშია...

დაბოლოს, რა არის გამოსავალი, როგორ უნდა მოვიძიოთ კარგი ლეგიონერები და ავამაღლოთ ჩემპიონატის დონე?

მცირე ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე, პირველ რიგში, შეგვიძლია აფრიკის, აზიის, სამხრეთ ამერიკის და სხვა კონტინენტებზე მოვიძიოთ ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები.

ასეთი მაგალითები ევროპის წამყვან ჩემპიონატებში მრავლად გვინახავს. მაგალითად, ჰოლანდიაში, სადაც არანაირი სახელის მქონე ფეხბურთელები მალე ვარსკვლავები ხდებიან.

ალბათ, ბევრს გაუჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება შეადარო ჰოლანდიის ჩემპიონატი საქართველოს პირველობას ყველანაირი კომპონენტის გათვალისწინებით.

მაგრამ, თუ ფეხბურთელი ნიჭიერია, მას ხომ შეუძლია თავისი შესაძლებლობები სხვა ქვეყანაშიც წარმოაჩინოს? ასეთ შემთხვევაში კი მშვენიერ პროდუქტს მივიღებთ, რადგან შეგვეძლება შემდეგ უკვე ეს გამოჩენილი ფეხბურთელები სარფიან ფასად გავასხვისოთ.

ამით ჩემპიონატის დონეც აიწევს, ცნობადობაც და კლუბებიც ფინანსურად მოძლიერდებიან.

კიდევ ერთი... ჩამოვიყვანოთ ლეგიონერები, რომლებიც უკვე კარიერის დასრულებისკენ არიან წასულნი. ეჭვი ალბათ არავის გვეპარება, რომ ისინი ჩვენს ჩემპიონატს თუ არას არგებენ, არაფერს მაინც არ დააშავებენ.

კიდევ და კიდევ ჩისკოს მაგალითი ავიღოთ, რომელიც თამაშებს მარტო იგებდა. მსგავსი ფეხბურთელებისგან ახალგაზრდა ქართველებიც ბევრს ისწავლიან...

მოკლედ, განვითარების პროგრამის მოძიება შესაძლებელია. უბრალოდ, სწორი მიდგომა და მარკეტინგია საჭირო...
მკითხველის კომენტარები / 11 /
სახელმწიფო ფლობელობაში არსებული კლუბების მიერ გაყიდული ფეხბურთელი რომელმაც კლუბს ფინანსური სარგებელი მოუტანა გინახავთ? რათქმაუნდა არა. იმიტომ, რომ თუ ფეხბურთელი შედეგიანია და შესაძლებლობა გახდა მისი სარფიანად გაყიდვა. მაშინვე კლუბი წყვეტს მასთან კონტრაქტს და ფეხბურთელს ყიდის "გაურკვეველი" (კლუბის ხელმძღვანელობასთან დაახლოებული) პირები. შესაბამისად სახელმწიფო უხდის ხელფას ფეხბურთელს და როცა მისი გაყიდვის დრო მოვა ტრანსფერის თანხას იდებს ჯიბეში ვიღაც სხვა და არშედის კლუბის ბიუჯეტში. აი ამის შესახებ უნდა წერდეს ჟურნალისტები. ასეთ ფაქტებს უნდა დებდეს ჟურნალისტი და ანახებდეს გულშემატკივარს, რომ რატო არასდროს არააქვს ქართულ კლუბებს ტრანსფერებიდან შემოსავალი. რათქმაუნდა იგულისხმება სახელმწიფოს არსებაში მქონე კლუბი. ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ფეხბურთის წინაშე გულშემატკივარსაც და რათქმაუნდა ჟურნალისტებსაც. არვსვამთ სწორ აქცენტებს არვსაუბრობთ რეალურ პრობლემებზე.
ირაკლი
09:27 21-03-2018
0
სოსიაშვილის გუნდი,დღეს ერთ-ერთი ყველაზე სუსტია,მან მოაყვანინა თუ მას მოუყვანეს ფატიჩი,ვეილი,სიდი სანია და სხვები,არცერთი არ ვარგა. სამწუხაროდ ალბათობა იმისა რომ კლუბს ლიგაში დარჩენისათვის მოუწიოს ბრძოლა , ძალიან დიდია ამ გადმოსახედიდან,ფოთთან მომავალ მატჩს ესენი ევრ მოიგებენ.
ბაჩიაშვილი და კირკიტაძე მოჩვენებითად მონდომებული არიან,მაგრამ უშედეგოები არიან და იქნებიან ალბათ გასაშვებიც არიან, განუგრავა არც ხორცია და არც თევზი,არავითარ ძალას ან ფასეულობას არ წარმოადგენენ არც დაუშვილი და ლობჟანიძე, ეს ხომ ცხადად სჩანს,დახედეთ მატჩებს. ნდობას იმსახურებს მხოლოდ ახალაძე,ჩაჩუა,ერისთავი,გი,ნდონგი,მიგინეიშვილი,უნდა ათამაშონმ მეკარე ილია სტურუა, აი ესაა სულ.ოლაიტანს რა სჭირს არ ვიცი ტრამვის შედეგად, მებრძოლი ბიჭია მარა დაბალშედეგიანი და მაყურებელს ვერ აკვირვებს ეფექტებით.
ასე რომ,ლეგიონერებს საქართველოში აზრი არა აქვს არანაირი,ეს დრომ დაამტკიცა გარდა 1-2 შემთხვევითობისა.
ანტიფეხბურთი
12:46 19-03-2018
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული