უჩა სოსიაშვილი: ეს ჩვენი პირადი საუბარი იყო ამის საჯაროდ გამოტანისგან თავს შევიკავებ

AutoSharing Option
უჩა სოსიაშვილმა "სამტრედია" ეროვნული ლიგის დაწყებიდან 5 ტურის შემდეგ დატოვა. როგორც თავად ახალგაზრდა სპეციალისტმა გვითხრა, ამის მიზეზი არადამაკმაყოფილებელი შედეგი გახდა.

სოსიაშვილის ნაცვლად კლუბი ბადრი კვარაცხელიამ ჩაიბარა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდს ჯერ გოლიც კი არ გაუტანია.

Sportall.ge უჩა სოსიაშვილს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- როგორც ვიცით, "სამტრედია" თქვენი სურვილით დატოვეთ... რა გახდა ამის მიზეზი, არადამაკმაყოფილებელი შედეგი თუ სხვა რამ?
- სტარტზე ნაჩვენები შედეგიდან გამომდინარე, ჩავთვალე, რომ გუნდი უნდა დამეტოვებინა.

- რა გახდა იმის მიზეზი, რომ "სამტრედიამ" კარგი შედეგი ვერ აჩვენა?
- ამის
შეიძლება უამრავი მიზეზი იყოს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ "სამტრედია" ახალი შეკრებილი გუნდი იყო და თავისი სტილი ჩამოეყალიბებინა.

ამას დრო სჭირდებოდა და ამისთვის დრო არ იყო. ამ გუნდს ჰქონდა იმის პოტენციალი, რომ შედეგი ეჩვენებინა.

კიდევ ერთ-ერთი მიზეზი სტადიონი იყო. გუნდი ერთ სტადიონზე არ თამაშობდა, ხან თბილისში უწევდა ყოფნა და ხანაც სამტრედიაში, ეს კი ჩვენი გუნდისთვის დიდი პრობლემა გახდა.

ერთი სავარჯიშო და სათამაშო მოედანი არ გვქონდა, მაგრამ ეს არ იყო ხელმძღვანელობიდან გამოწვეული. როგორც იცით, ყველა რეგიონში სტადიონების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

- თქვენი წამოსვლის შემდეგ "სამტრედიამ" 4 თამაში ჩაატარა და გოლიც ვერ გაიტანა. გუნდს განსაკუთრებით შეტევაში უჭირს...
- ჩვენმა ფორვარდმა ოლაიტანმა მე-2 ტურში ფეხი მოიტეხა და ვფიქრობ, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერია. მას "სამტრედიისთვის" და საქართველოს ჩემპიონატისთვის ბევრი რამის გაკეთება შეეძლო.

შესაბამისად ეს არის იმის მიზეზი, რომ გუნდს შეტევაში უჭირს.

- ბადრი კვარაცხელიას ფორმაციის "სამტრედიაში" თუ ამჩნევთ რაიმე წინსვლას?
- მოკლე პერიოდში რაიმეს შეცვლა ძალინ რთულია. გუნდი ცდილობს, რომ დაცვით ფაზაში უფრო ორგანიზებული იყოს, რაც შეიძლება ნაკლები შეცდომები დაუშვას და გუნდმა ბოლო 4 თამაშში ერთი გოლი გაუშვა.

- ჩვენ ბადრი კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩავწერეთ, რომელმაც გვითხრა უჩა სოსიაშვილმა რჩევები მომცაო...
- ეს ჩვენი საუბარი იყო და ამის საჯაროდ გამოტანისგან თავს შევიკავებ. ჩვენ საკმაოდ ახლო ურთიერთობა გვაქვს.

მინდა, რომ მასაც და კლუბის ხელმძღვანელობასაც დიდი წარმატებები ვუსურვო. ძალიან დიდ პატივს ვცემ ბადრი კვარაცხელიასაც და გუნდის ხელმძღვანელობასაც.

ასევე ავღნიშნავ სამტრედილ გულშემატკივარს, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგა.

კვარაცხელიას მივაწოდე ინფორმაცია თუ რა და როგორ იყო.

- რას იტყვით სატრანსფერო პოლიტიკაზე, რომელიც "სამტრედიამ" აწარმოა და უჩა ლობჟანიძის შესახებაც, რომ გვითხრათ, რატომ დატოვა მან მოულოდნელად გუნდი?
- გუნდმა ერთ-ერთი საუკეთესო სატრანსფერო პოლიტიკა აწარმოა. აქ იყო მიზეზი ის, რომ ჩვენ გვინდოდა კიდევ რამდენიმე ფორვარდის დამატება.

თუმცაღა ეს ვერ მოხერხდა და ამას შემდეგ სატრანსფერო ფანჯარაზე ვაპირებდით. სამწუხაროდ, ტრავმებისგან არავინ არის დაზღვეული და ჩვენმა ფორვარდმა ოლაიტანმაც დაზიანება მიიღო.

რაც შეეხება ლობჟანიძის თემას, ამაზე საუბარი არ მსურს.

- ეროვნულ ლიგას როგორ შეაფასებდით, აიწია თუ არა დონემ თქვენი აზრით?
- თუ სათამაშო კუთხით გადავხედავთ, შეიძლება თვალში საცემი არაა, მაგრამ უფრო მეტი სისწრაფეებია და გუნდებიც წინა წელთან შედარებით, უფრო კარგად გამოიყურებიან.

ვფიქრობ, წელს უფრო დაძაბული ჩემპიონატი იქნება. პირველი 10 გუნდიდან შვიდს მაინც აქვს შანსი, რომ ევროტურნირებზე გავიდეს. ამის შანსი აქვს "სამტრედიასაც", მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პოზიციებზეა.

რა თქმა უნდა, ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ გუნდი გაძლიერდება და ითამაშებს ერთ სტადიონზე.

- როგორ ფიქრობთ, რომელი გუნდები იბრძოლებენ ჩემპიონობისთვის და ვინ არიან გავარდნის კანდიდატები?
- გავარდნის კანდიდატის დასახელებისგან თავს შევიკავებ, იმიტომ, რომ ძალიან თანაბარი დონის გუნდები არიან. რაც შეეხება ზემო საფეხურებს,  ძალიან მომწონს გორის "დილას" თამაში. განსაკუთრებით გამოვყოფ შუა და წინა ხაზს.

საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავს გორს და ჩემპიონატში შეუძლია იბრძოლოს ჩემპიონობისთვის.

რა თქმა უნდა, ავღნიშნავ "საბურთალოსა" და "დინამო თბილისს". ეს სამი გუნდი იქნება ძირითადი, რომელსაც გამოვყოფდი.

კიდევ ორი გუნდი, რომელსაც ავღნიშნავდი, საჩხერის "ჩიხურა" და "რუსთავია". სოსო ფრუიძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უდიდეს საფეხბურთო ცოდნას ფლობს და ეს თვალსაჩინოა. მას შეკრული გუნდი ჰყავს.

რაც შეეხება "რუსთავს", მათაც ახალი გუნდი ჰყავთ ახალი ფეხბურთელებით, რომლებსაც შეთამაშება სჭირდებათ. სტაბილურობის მიღწევა საჭირო და მათ ბოლო 5 თამაშია არ წაუგიათ.

- თქვენ თუ გაქვთ რაიმე შემოთავაზება?
- ამ ეტაპზე შემოთავაზება არ არის. მწვრთნელის მოვალეობა არის ის, რომ იმუშაოდ და გააკეთოს თავისი საქმე.

მწვრთნელები იცვლიან კლუბებს და გამონაკლისი არც მე ვარ. თუ იქნება ისეთი შემოთავაზება რაც ჩემს პირობებს დააკმაყოფილებს, დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ მუშაობას.

▶ ბადრი კვარაცხელია: "სამტრედია" ამ დროისთვის განახევრებულია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული