ეროვნული ლიგა. XI ტურის წინ: გორელთა დელეგაცია საჩხერეში ჩადის

AutoSharing Option
დღეს ეროვნული ლიგა მე-11 ტურის მატჩით განახლდება და ეს ტური სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ეროვნული ლიგის ლიდერი "საბურთალო" ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლებს. პირველ წრეში ამ კლუბთა დაპირისპირება თბილისელთა უპირატესობით წარიმართა და მეტოქე ზესტაფონში 4:1 დაამარცხეს. დღევანდელ შეხვედრაშიც ფავორიტი "საბურთალოა", რომელიც ლიგაში ლიდერის პოზიციის გამყარებას შეეცდება.

ხვალ, 12 მაისს "სიონი" "სამტრედიას" უმასპინძლებს. ამ კლუბების წინა დაპირისპირება ბოლნისელთა უპირატესობით წარიმართა და ჯაბა დვალის გოლით 1:0 მოიგეს. მაშინ "სამტრედიას" უჩა სოსიაშვილი წვრთნიდა. ახალგაზრდა მწვრთნელის წასვლის შემდეგ კლუბმა ყველა შეხვედრა, გარდა ერთისა, ფრედ დაასრულა. ის
ერთიც "საბურთალოსთან" 1:0 წააგეს. ამ დაპირისპირებაში რთულია, ლიდერი გამოარჩიო, მაგრამ ბრძოლა აუტსაიდერობიდან წინსვლისთვის განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება.

საჩხერის "ჩიხურა" ივანწმინდაში გორის "დილას" უმასპინძლებს. ამ კლუბების წინა შეხვედრა გორში ფრედ, 1:1 დასრულდა. ამ სეზონში ორივე კლუბი საკმაოდ სიმპათიურ შთაბეჭდილებას ტოვებს და მათი ყურება საკმაოდ სასიამოვნოა. ეს განპირობებულია იმ ფეხბურთელებით, რომლებსაც კლუბის თამაშში სანახაობა შეაქვთ. ფაქტია, საინტერესო ცენტრალური შეხვედრა გველის. გამარჯვებული მესამე პოზიციაზე გაიმყარებს ადგილს.

ქუთაისშიც არანაკლები დაპირისპირებაა - ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი დებიუტანტ "რუსთავს" მასპინძლობს. ამ კლუბების წინა დაპირისპირება განსაკუთრებული მრავალფეროვნებით ვერ გამოირჩეოდა, "ტორპედომ" მეხუთე წუთზე გიორგი კუხიანიძის გოლით მოიგო. ამ მდგომარეობით, კლუბები 14-14 ქულით მეხუთე-მეექვსე პოზიციებს ინაწილებენ, გამარჯვებული მცირედით გაიუმჯობესებს ცხრილში ადგილს. რაც შეეხება თამაშს, დიდი ალბათობით, "ტორპედო" საკუთარ სტადიონზე შიდაქართლელებს არაფერს დაუთმობს.

ტურს თბილისური დერბი დაასრულებს - პირველობისთვის მებრძოლი თბილისის "დინამო" ლიგის აუტსაიდერს, "ლოკომოტივს" უმასპინძლებს. გორში მომხდარი ინციდენტის გამო შეხვედრა მაყურებლების გარეშე ჩაივლის. "დინამოს" წინა წრეში არ გასჭირვებია "ლოკომოტივის" დამარცხება, მათ 4:1 მოიგეს. ვნახოთ, ამჯერად მაინც რას დაუპირისპირებენ მათ "რკინიგზელები".

11 მაისი
საბურთალო - კოლხეთი 20:30

12 მაისი
სიონი - სამტრედია 15:00
ჩიხურა - დილა 17:00
ტორპედო - რუსთავი 20:30

13 მაისი
დინამო - ლოკომოტივი 16:00
მკითხველის კომენტარები / 1 /
კიდევ კარგი აუკრძალეს სტადიონზე მისვლა! რა საშინელება იქნება ამ გადაჭედილი ტრიბუნების დაცარიელება!
geno
12:33 11-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული