მიკოლა კოვტალიუკი: საქართველოს არასდროს დავივიწყებ... ძალიან მიყვარს აჭარული ხაჭაპური და საცივი

AutoSharing Option
მიკოლა კოვტალიუკი გორის "დილას" ფორვარდია. ის საქართველოში ფოთის "კოლხეთის" შემადგენლობაში გამოჩნდა, რის შემდეგაც "დინამო თბილისშიც" ასპარეზობდა.

დღევანდელ ჩვენს რუბრიკაში - "გაიცანი სპორტსმენი სხვა კუთხით", სწორედ მიკოლა კოვტალიუკს წარმოგიდგენთ.

- როგორ გახდით პროფესიონალი ფეხბურთელი?
- ბავშვობიდან მსურდა, პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი და ამას მივაღწიე. მიღწეულზე გაჩერება არ მსურს და მინდა, რომ სულ უფრო მეტს მივაღწიო, ვიდრე 23 წლის ასაკამდე, ანუ აქამდე მივაღწიე.

- ვინ არიან თქვენი ოჯახის წევრები?
- საქართველოში მეუღლესთან ერთად ვცხოვრობ, უკრაინაში კი დედა და ძმა მყავს.

- სად ცხოვრობთ
საქართველოში, გორში თუ თბილისში?

- გორში ვცხოვრობ. როდესაც დასვენება და თავისუფალი დრო მაქვს, მეუღლესთან ერთად თბილისში ვარ.

- როგორ დაახასიათებდით საქართველოს?
- საქართველო ძალიან მეგობრული და ლამაზი ქვეყანაა. დიდი ხანია, რაც ამ ქვეყანაში ვიმყოფები და ძალიან კარგი ადამიანები გავიცანი, რომლებთანაც ვმეგობრობ.

თქვენს ქვეყანაში უამრავი გემრიელი კერძი და ძალიან ბევრი ტურისტული ადგილია.

- რომელ ქართულ კერძს გამოარჩევდით?
- სიმართლე გითხრათ, თქვენს სამზარეულოში ყველაფერი გემრიელია. ფავორიტებად კი შემიძლია აჭარული ხაჭაპური და საცივი დავასახელო.

- აღნიშნეთ, რომ საქართველოში უამრავი ლამაზი ადგილია. რომელ მათგანს სტუმრობთ?
- ძალიან მიყვარს მთაწმინდაზე ასვლა. ასევე - წმინდა სამება... ვფიქრობ, საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია.

Sportall.Ge

- როგორ აღმოჩნდით თავდაპირველად ფოთის "კოლხეთში"?
- უკრაინაში ვთამაშობდი და ლევან გულორდავამ შემომთავაზა რამდენიმე ქართული ვარიანტი. საბოლოოდ, იჯარით ფოთის "კოლხეთში" აღმოვჩნდი.

- რატომ ვერ წარმოაჩინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები "დინამოში"?
- ალბათ, ვერ შევძელი, ამ კლუბში ბოლომდე გავხსნილიყავი და ამაში მხოლოდ ჩემს თავს ვადანაშაულებ.

თავდამსხმელისთვის მთავარი გოლების გატანაა, მაგრამ იმ დროში, რაც მე "დინამოში" მომცეს, საკუთარი თავის რეალიზება ვერ მოვახდინე.

- როგორ ფიქრობთ, კიდევ რამდენ ხანს გაჩერდებით საქართველოში?
- გორის "დილასთან" 1-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. ვნახოთ, თუ რა იქნება მომავალში... შესაძლოა, კონტრაქტი ამ გუნდთან გავახანგრძლივო, ანდაც სხვა ქართულ კლუბში აღმოვჩნდე.

Sportall.Ge

- როდესაც კარიერას დაასრულებთ, თუ ჩამოხვალთ კიდევ საქართველოში?
- აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. მყავს უამრავი მეგობარი და დიახ, საქართველოს არასოდეს დავივიწყებ.

- როგორც თქვენს ქვეყანაში, ისე საქართველოში, პოლიტიკა საკმაოდ აქტუალურია...
- პოლიტიკაზე საუბარი საერთოდ არ მიყვარს. ვადევნებ თვალს იმ მოვლენებს, რომლებიც უკრაინაშია. იმედი მაქვს, მომავალში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.

- შეგიძლიათ რამდენიმე სიტყვა ქართულად გვითხრათ?
- რა თქმა უნდა, შემიძლია. გაუმარჯოს, მიყვარხარ, მადლობა, მშვენიერია - ეს სიტყვები ვიცი ქართულად.

- ვინ არის თქვენი საყვარელი ფეხბურთელი?
- ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

- როგორ ფიქრობთ, ის უხეში მოთამაშე არაა?
- არა, მას უბრალოდ თამაშის ასეთი სტილი გააჩნია.

- რას ჰკითხავდით ზლატანს, მასთან ერთი კითხვის დასმის საშუალება რომ გქონდეთ?
- კითხვებს არ დავუსვამდი, რადგან მხოლოდ რამდენიმე კითხვა საკმარისი არ იქნებოდა. მასთან სიამოვნებით ბევრ თემაზე ვისაუბრებდი.

მისი წიგნი წაკითხული მაქვს და ვიცი, როგორი ადამიანია. ამიტომ ერთი კითხვა არაფერს შეცვლიდა.

- რომელია თქვენი საყვარელი ფილმი?
- სიმართლე გითხრათ, ნამდვილი კინომანი ვარ. ამიტომ ვერცერთ მათგანს ვერ გამოვარჩევდი. შემიძლია ფილმებსა და სერიალებს დაუსრულებლად ვუყურო.

რაც შეეხება ჟანრს, ძალიან მიყვარს ფანტასტიკა.

- რომელია თქვენი საყვარელი წიგნი?
- ჯეინ ოსტინის "სიამაყე და ცრურწმენა".

- თქვენი საყვარელი საფეხბურთო გუნდი რომელია?
- მადრიდის "რეალი".

- ადვილი წარმოსადგენია, თუ ვინ გგონიათ წელს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული...
- რა თქმა უნდა, ყველაზე ძლიერი ისევ "რეალი" იქნება.

- როგორც აღნიშნეთ, ფანტასტიკა გიყვართ... მოდი, ცოტა ფანტასტიკა და იუმორი ჩავრთოთ... წარმოგიდგენიათ თქვენი თავი "რეალში"? როგორი იქნებოდა რონალდო-კოვტალიუკის შეტევითი ხაზი?
- სიმართლე გითხრათ, არ წარმომიდგენია... რონალდოსთან ერთად თამაში? ძალიან სასაცილო იქნებოდა და მინდა ეს ვნახო (იცინის).

- დაბოლოს, რას ეტყოდით ქართველ გულშემატკივარს?
- გიყვარდეთ ფეხბურთი და უყურეთ ეროვნულ ლიგას (იცინის).

Sportall.Ge

▶ ივან ფატიჩი: საქართველოში ჩემი ქვეყნის მსგავსი ცხოვრებაა... განსაკუთრებით ხინკალი და ხაჭაპური მომეწონა
▶ მიკოლა კოვტალიუკი ინციდენტზე: ეს ფეხბურთია და არა ბალეტი... ბულისკერია მატჩის შემდეგ მოვიდა და მიყვიროდა
▶ ლევან სალუქვაძე: ამ სიტუაციას არ უნდა მოჰყვეს ზედმეტი დაძაბვა
მკითხველის კომენტარები / 3 /
მეგობრული ქვეყანააო წერს და თვითონაც რომ ეცადა მეგობრულად მოქცევა არ ქონია სურვილი?
ვასილიჩი
16:49 10-06-2018
2
ნუ მოკლეს ხინკალ-ხაჭაპურის ინტერვიუები მაინც ვერ მოიშალეთ
Emre
16:20 16-05-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული