ეროვნული ლიგის XII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

AutoSharing Option
  • ფოტოზე მოცემული ფეხბურთელთა განლაგება პირობითია
  • ვლადიმირ პანამარიოვის (კოლხეთი) ფოტო არ ასახავს ამჟამინდელი კლუბის სათამაშო ფორმას
  • Sportall.ge გთავაზობთ ეროვნული ლიგის მეთორმეტე ტურის სიმბოლურ ნაკრებს:

    ლუკა შეროზია ("ლოკომოტივი") - ფაქტია, შეროზიას კარში დაყენებამ გაამართლა, 20 წლის მეკარემ ორ ძალიან რთულ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. ეს სტატისტიკა იმითაც არის გამოსარჩევი, რომ კლუბმა პირველ 10 ტურში 22 გოლი გაუშვა და მეკარის ცვლილების შემდეგ სხვაობა იგრძნობა. შეროზია "ტორპედოსთანაც" ძალიან კარგი იყო, მინიმუმ ორჯერ კლუბი გოლისგან იხსნა და საიმედოდ გამოიყურებოდა.

     

    გიორგი გაბაძე ("ლოკომოტივი") - თბილისელთა მარჯვენა მცველი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა

    დაცვაში და შეტევებშიც მშვენივრად ერთვებოდა. რაც მთავარია, მისი საგოლე გადაცემით შეძლო კლუბმა გამარჯვების მოპოვება.

     

    ლევან კაკუბავა ("ჩიხურა") - საჩხერელთა მცველი იდეალური იყო "რუსთავთან" შეხვედრაში, რადგან მეტოქეთა შემტევებს არაფერს უთმობდა და ორთაბრძოლებში ხშირად გამოდიოდა გამარჯვებული.

     

    ნიკა ჭანტურია ("ლოკომოტივი") - ნიკა ამ სეზონში საკმაოდ არასტაბილურად თამაშობს. არის შეხვედრები, როცა თავის საუკეთესო შესაძლებლობებს ავლენს და არის თამაშები, როცა მინდორზე არ ჩანს. "ტორპედოსთან" შეხვედრაში მისმა ნაყოფიერმა ასპარეზობამ კლუბი ბევრი ხიფათისგან იხსნა და ერთ-ერთი გამოსარჩევი ფიგურა იყო.

     

    ვლადიმირ პანამარიოვი ("კოლხეთი") - თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 31 წლის რუსი ლეგიონერი საუკეთესო იყო "კოლხეთი"-"სიონის" დაპირისპირებაში. ის იყო ყველგან, სადაც ბურთი მოძრაობდა და ხშირად სხვადასხვა ამპლუას ითვისებდა.

     

    ისიფუ ლემპტი ("დილა") - განელი ნახევარმცველი ბოლო 15 წუთში ჩაერთო შეხვედრაში და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი იმდენად მაღალი იყო, ლოგიკური კითხვა დამებადა, თუ რატომ იყო ის თავიდანვე სათადარიგო? 22 წლის ნახევარმცველი საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდაა და თავის საქმეს არცთუ ისე ცუდად აკეთებს.

     

    ლუკა კიკაბიძე ("ლოკომოტივი") - დიახ, ლუკა იმსახურებს სიმბოლურში ყოფნას იმ ერთადერთი გოლის გამო, რადგან მისი თავური დარტყმა სამქულიანი გამოდგა და კლუბი ბოლო ადგილიდან ორი საფეხურით დაწინაურდა.

     

    ოთო კიტეიშვილი ("დინამო") - თუ ასე გააგრძელებს ოთო კიტეიშვილი, არამარტო "სარაგოსა" დაინტერესდება 22 წლის ფეხბურთელით. გოლი და საგოლე გადაცემა "სამტრედიასთან" მატჩში, ჯამში კი, წლევანდელ პირველობაზე 7 გოლი და 6 პასი.

     

    ლეანდრო რიბეირო ("დილა") - გორელებმა რომ ცხრილის ლიდერი გაანადგურეს, ეს, პირველ რიგში, ბრაზილიელის დამსახურებაა, რომელმაც ჰეთ-თრიკი და საგოლე გადაცემა გააკეთა. უბრალოდ, გამოსავალსაც ვერ ნახულობდნენ თბილისელი მცველები, თუ როგორ უნდა შეეჩერებინათ რიბეირო.

     

    გიორგი ბუხაიძე ("ჩიხურა") - "რუსთავთან" მატჩში მეორე ტაიმის გმირად გიორგი ბუხაიძე მოგვევლინა, რომელმაც ისედაც ორი ბურთით დაწინაურებული "ჩიხურა" კიდევ უფრო წინ გაიყვანა. საჩხერელთა შემტევის ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემაა.

     

    გიორგი გაბედავა ("ჩიხურა") - ეროვნულ ლიგაში სრულიად სამართლიანად ლიდერობს ბომბარდირთა დავას გიორგი გაბედავა, რომელსაც 8 გოლი დაუგროვდა და "რუსთავთან" მატჩში კი დუბლი შეასრულა.

     

    ტურის საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი დარასელია - "დილა" ძალიან მაგარ ფორმაშია, დარასელიას გადაწყვეტილებები ამართლებს. თუ პირველ წრეს გავიხსენებთ, "დილა" "საბურთალოსთან" 0:2 დამარცხდა, კლუბმა კი იმდენად დიდი პროგრესი განიცადა, რომ მეორე წრეში "საბურთალო" 4:1 დაამარცხა.

     

     

    მკითხველის კომენტარები / 1 /
    გულდასაწყვეტი სწორედ ის არი რომ როგორც ბატონი გალაქტიონი ამბობს საბურთალოს მცველებს იდეაც კი არ ჰქონდათ როგორ შეეჩერებინათ ერთი საოცრად დაბალი დონის ბრაზილიელი ფეხბურთელი.არადა საბურთალო ნიჭიერ და პერსპექტიულ გუნდად ითვლება. ერთმა რიბეირომ კი დაგვანახა ჯერ კიდევ როგორ ჩამოვრჩებით საშუალო ევროპულ დონეს.
    zaza
    13:10 22-05-2018
    6
    გააკეთეთ გამოხმაურება
    X
    კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

    სიახლეები პოპულარული