მათე ვაწაძე: თუ ასე გაგრძელდა, მჯერა, პირველი ეტაპის გადალახვა შესაძლებელია

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" თავდამსხმელმა მათე ვაწაძემ გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში საქართველოში დაბრუნებასა და გუნდის ევროთასებზე გასვლის შანსებზე ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- რატომ გადაწყვიტეთ "სილკებორგის" დატოვება? მხოლოდ "დინამოს" დახმარების სურვილი არ იქნებოდა მიზეზი...
- საქმე ისაა, რომ სეზონის დაწყების წინ სტადიონზე ხელოვნური საფარი დააგეს. სანამ ზაფხული იყო, არ მქონდა პრობლემა, ჩვეულებრივად ვვარჯიშობდი. მოვიდა ზამთარი და საფარი ძალიან გამაგრდა.

ვეღარ ვახერხებდი მუდმივად ვარჯიშს, მხოლოდ კვირაში ორჯერ გავდიოდი სავარჯიშოდ. რა თქმა უნდა, ასეთი ვითარება არ მაწყობდა და თანაც, კლუბის ხელმძღვანელობაც არ იყო კმაყოფილი იმით,
რომ ვერ ვახერხებდი გუნდის დახმარებას. ამიტომ შევთანხმდით, რომ უკეთესი იქნებოდა ამ ეტაპზე ურთიერთობის გაწყვეტა.

- თქვენი აზრით, რისი მიღწევა შეუძლია "დინამოს" ევროთასებზე?
- "დილასთან" მატჩის დიდ ნაწილს სათადარიგოთა სკამიდან ვადევნე თვალი. ჯერ ერთი, გორელებს საქართველოს კვალობაზე ძლიერი გუნდი ჰყავთ და მასთან 5:0-ის მოგება ნამდვილად არ იყო იოლი; მეორეც - ვიცი, რა დავალებები მისცა კაჭარავამ ფეხბურთელებს და ვიტყოდი, რომ ამ დავალებების 99 პროცენტი შესრულდა. თუ ასე გაგრძელდა, მჯერა, პირველი ეტაპის გადალახვა შესაძლებელი იქნება და მერეც შეიძლება ბოლომდე ბრძოლა.

ჩვენ ვერ გავექცევით იმას, რომ "დინამო" გამოუცდელი გუნდია, მაგრამ მეორე მხრივ, თვალწინ გვაქვს ამ ბიჭების ნიჭი და ენთუზიაზმი. ოდესღაც ყველა იძენს გამოცდილებას.

ჩემს მაგალითზე გეტყვით: ევროპაში რომ ჩავედი პირველად, ცხადია, მეც სრულიად გამოუცდელი ვიყავი... თუნდაც მსოფლიოს ჩემპიონატი რომ ავიღოთ, დავრწმუნდებით, რომ დღეს გადამწყვეტი გახდა არა სათამაშო კლასი, არამედ ის, თუ რამდენად კარგად ასრულებ მწვრთნელის დავალებას.

- როგორ ფიქრობთ, ერთა ლიგაზე რა კომპონენტი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად?
- ეს იქნება ბოლომდე კონცენტრაცია - 100 პროცენტით და მეტითაც. ნაკრების ყველა ფეხბურთელი ბოლომდე უნდა იყოს ფოკუსირებული ამ ტურნირზე, მით უმეტეს, ძალიან მოკლე ტურნირია. ყველა ქულას ოქროს ფასი ექნება. ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრებს ყველანაირად შესწევს იმის ძალა, რომ ქომაგი გაახაროს. ბედნიერია ჩვენი თაობა, რომ ასეთი შანსი მიიღო და ახლა ამ შანსს გამოყენება სჭირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბედნიერია ჩვენი თაობა, რომ ასეთი შანსი მიიღო!!! მომეწონა გამონათქვამი.
cdr
10 ივლისი 2018 12:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული