ლევან შენგელია: საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემი უმთავრესი ოცნებაა

AutoSharing Option
ლევან შენგელია ბელგიური "ტუბიცედან" თბილისის "დინამოში" დაბრუნდა.

მას შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებულ 6 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.

ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

- როგორ დაბრუნდი საქართველოში?
- ტრავმას ოპერაცია მოჰყვა, რამაც დაახლოებით შვიდი-რვა თვე დამაკარგვინა. როცა გამოვჯანმრთელდი, ბელგიურ "ტუბიცესთან" კონტრაქტი მეწურებოდა, რა დროსაც "დინამო" დამიკავშირდა. ავწონ-დავწონე და გადავწყვიტე, რომ ამ ეტაპზე ჩემი კარიერისთვის სამშობლოში დაბრუნება მიზანშეწონილი იქნებოდა. მჭირდება მუდმივი სათამაშო პრაქტიკა და მოხარული ვარ, რომ "დინამოში" მენდობიან. კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე.

- პირველი შთაბეჭდილებები?

- "დინამოს" ქართული ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია და დღესაც მოწინავეა ჩვენს ქვეყანაში. კარგია ის პირობებიც, რაშიც ფეხბურთელებს გვიწევს მომზადება. ამ კუთხით, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "დინამოში" ნამდვილი ევროპული დონეა.

ოთხი წელია, საქართველოს ჩემპიონატში არ მქონდა ნათამაშები და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი – ეროვნული ლიგის საორგანიზაციო დონე საგრძნობლად არის ამაღლებული. პირდაპირი ტრანსლაცია, განათებაზე და მაღალი ხარისხის მოედანზე თამაში ფეხბურთელისთვის დიდი მოტივაციაა და საქმისადმი ასეთი მიდგომა აუცილებლად მიგვიყვანს ეროვნული ჩემპიონატის დონის საგრძნობ ამაღლებამდე.

- რა მიზნები აქვს "დინამოს"?
- "დინამო" საქართველოში ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის და ცხადია, ჩვენი ამოცანა ახლაც ჩემპიონობა და თასის მოპოვებაა. მართალია, გორის "დილასთან" დავმარცხდით და ამით ლიდერ "საბურთალოსთან" მიახლოების შანსი დავკარგეთ, მაგრამ მთავარი ბრძოლები წინაა.

ლიდერს მხოლოდ ოთხი ქულით ჩამოვრჩებით და მჯერა, რომ საჩემპიონო ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით დასრულდება.
"დინამოში" თამაში ჩემთვის დიდი პატივია. სწორედ "დინამოს" ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნება უკანგადადგმულ ნაბიჯად არ მიმაჩნია.

სამი გოლი ახალ გუნდში
- მიხარია, რომ ჩემი გოლებით "დინამომ" მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვა. განსაკუთრებით სასიხარულო "საბურთალოს" კარში გატანილი გამარჯვების ბურთი იყო. ამ მოგებით "საბურთალოს", რომელიც მანამდე ჩემპიონატს სოლიდური უპირატესობით ლიდერობდა, საგრძნობლად მივუახლოვდით. ამას მოჰყვა დუბლი და გამარჯვება ფოთის "კოლხეთთან", გუნდთან, რომელშიც წარმატებული პერიოდი მაქვს გატარებული.

სამტრედიიდან თბილისში...
- კი, სამტრედიაში დავიბადე. მამაჩემი, ვასილ შენგელია, ცნობილი ფეხბურთელი იყო, წლების განმავლობაში იცავდა ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას. ჩემი პირველი მწვრთნელი სწორედ ის იყო. ექვსი წლის ვიყავი, საცხოვრებლად თბილისში რომ გადმოვედით. ჩემ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა გუბაზ დოლიძემ. პროფესიულ ფეხბურთში ჩემი დებიუტი გორის "დილას" შემადგენლობაში შედგა, რასაც "ტორპედოში" გატარებული მცირე პერიოდი მოჰყვა.

ფოთი, ბელგია, კორეა...
- გულშემატკივარმა ფოთის "კოლხეთიდან" გამიცნო, სადაც მწვრთნელმა ზაზა ინიაშვილმა შანსი მომცა. "კოლხეთის" წყალობით მოვხვდი საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში, მალე კი ბელგიურ "ტუბიცეში" აღმოვჩნდი. ტუბიცე რანგით მეორე დივიზიონში გამოდიოდა.

ბელგიაში ადაპტაცია იოლი არ ყოფილა, მაგრამ ნელ-ნელა სათამაშო პრაქტიკა მემატებოდა. მერე დამიკავშირდა სამხრეთკორეელი მწვრთნელი, რომელიც ტუბიცედან ახალი დაბრუნებული იყო სამშობლოში. ეს საინტერესო გამოწვევად მივიჩნიე და ასე აღმოვჩნდი კორეულ "დაეჯეონში". ფეხბურთისა და ცხოვრების დონე სამხრეთ კორეაში ძალიან მაღალია და იქ გატარებულ პერიოდს დიდი სიამოვნებით ვიხსენებ.

- რას ფიქრობ ევროპაში დაბრუნებაზე, ან ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაზე?
ახლა მთლიანად "დინამოზე" ვარ კონცენტრირებული, მომავალში კი სიამოვნებით მოვსინჯავდი ძალებს ევროპაში. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა და ბოლომდე დავიხარჯები იმისთვის, რომ წარმატებული ფეხბურთელი მერქვას.

ჩემი უმთავრესი ოცნება კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშია. ასაკობრივი ნაკრებების ღირსება არაერთხელ დამიცავს და კარგად ვიცი, რა საოცარი გრძნობაა შენი ქვეყნის სახელით თამაში. ოცნების ასასრულებლად კიდევ ბევრია საჭირო. ჯერ 22 წლის ვარ და მჯერა, ჩემი დროც მოვა.

altლევან შენგელია: ერთადერთი მიზეზი, რომელიც ევროპაში დამაბრუნებს, საქართველოს ნაკრებია!

მომზადებულია erovnuliliga.ge-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები მალე იუვეში მენახე.
lekveishvili
08:33 04-10-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული