თბილისის "საბურთალოში" კიდევ ერთი ჰოლანდიელი ფეხბურთელი ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული კლუბი საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.
თბილისელთა რიგებს 24 წლის ჟეროენ ლუმუ დაემატა. ამპლუით მარჯვენა შემტევმა თბილისურ კლუბთან 1+1 ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ფეხბურთელი უკვე თბილისშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
კლუბის ახალწვეული ჰოლანდიის 17-წლამდელთა ნაკრებთან ერთად 2012 წლის ევროპის ჩემპიონია. ლუმუს ბოლო კლუბი პორტუგალიური "აროუკა" იყო, ხოლო მანამდე მას ასევე უთამაშია ისეთ ევროპულ კლუბებში, როგორებიცაა: ჰოლანდიური "ვილემ II", "ჰერენვენი" და "დორდრეხტი", ავსტრიული "ზანქტ პიოლტენი", თურქული "სამსუნსპორი", რუმინული "პეტროლული" და ბულგარული "ლუდოგორეცი". სწორედ
"ლუდოგორეცის" შემადგენლობაში გახდა ლუმუ ქვეყნის ჩემპიონი, ასევე, თასისა და სუპერთასის გამარჯვებული. ჰოლანდიელს კარიერაში 18 გატანილი გოლი აქვს.
transfermarkt-ის ცნობით, ლუმუს 2019 ივლისიდან არსად უთამაშია.