თემურ შალამბერიძე: მიუხედავად იმისა, რომ სახლში ვარ, მაინც ფეხბურთით ვცხოვრობ

AutoSharing Option
"საბურთალოს" მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ კლუბის ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში კორონავირუსით გამოწვეულ მდგომარეობზე ისაუბრა.

ქვეყანაში შექმნილი პრობლემიდან გამომდინარე, ორ კვირაზე მეტია, რაც ეროვნული პირველობა შეჩერებულია. გუნდებს იძულებით დასვენება უწევთ, თუმცა არავინ იცის, ეს იძულებითი დასვენება როდემდე გასტანს.
ჩვენ კლუბის მთავარ მწვრთნელ თემურ შალამბერიძეს დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- ბატონო თემურ, ახალ რეჟიმთან შეგუება რამდენად მოახერხეთ და როგორ გაგყავთ დრო?
- რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გვავალდებულებს, ყველა წესს ვიცავ, ექიმებისა და სპეციალისტების რჩევებს ვითვალისწინებ. ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას, ვინც ამ პროცესებში მონაწილეობს, მადლობას გადავუხდი.
იმედია, მალე ყველაფერი კარგად იქნება და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით.

მიუხედავად იმისა, რომ სულ სახლში ვარ, მაინც ფეხბურთით ვცხოვრობ – ვუყურებ „საბურთალოს“ განვლილ თამაშებს, ვაკეთებ ანალიზს, ვნახულობ, თუ რა შეცდომები გვქონდა. ვფიქრობ იმაზეც, როდესაც გადაწყდება ვარჯიშების განახლება, რა დრო გვექნება მოსამზადებლად, რათა ჩემპიონატს სასურველ სპორტულ ფორმაში შევხვდეთ.

- გუნდმა რამდენიმე კვირაა, რაც ვარჯიში შეწყვიტა. გექნებათ კომუნიკაცია ფეხბურთელებთან. როგორ ინარჩუნებენ სპორტსმენები სპორტულ ფორმას?
- ასეთი მდგომარეობაში იოლი არ არის ფორმის შენარჩუნება, თუმცა ინდივიდუალურად დარიგებული გვაქვს სავარჯიშო პროგრამა და ასე ვარჯიშობენ ფეხბურთელები.

- ლეგიონერებმა დატოვეს საქართველო?
- უმეტესობამ დატოვა საქართველო, ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს.

- ჩემპიონატის სტარტზე ტრავმები მიიღეს გიორგი კოხრეიძემ და ლევან კაკუბავამ. როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- ახლა ფეხბურთელები უკეთ არიან. როდესაც განახლდება ვარჯიშები, ისინი გუნდთან ერთად დაიწყებენ საწვრთნელ პროცესს.

- ჯერჯერობით არავინ არაფერი იცის, თუ როდის განახლდება ვარჯიშები და შემდეგ პირველობა. თქვენ ხომ არ გაქვთ თქვენეული ვერსია, თუ როგორ უნდა განახლდეს და დასრულდეს ჩემპიონატი?
- თუ ზაფხულში დაიწყება ჩემპიონატი, ალბათ, 2 წრედ ჩატარება ყველაზე სწორი და სამართლიანი იქნება. თუმცა, ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს. დრო გვიჩვენებს, რა ფორმატით განახლდება პირველობა.

- ეროვნული ლიგის მწვრთნელებთან თუ გაქვთ კომუნიკაცია და რას ამბობენ, როგორი ჩემპიონატის გაგრძელების მომხრენი არიან?
- რა თქმა უნდა, მაქვს კომუნიკაცია, მწვრთნელები ვსაუბრობთ ერთმანეთში. ყველა ამ ეპიდემიის დასრულების მოლოდინშია.

- მოსამზადებლად გარკვეული დრო გექნებათ. ალბათ, ამ შეკრებას სამშობლოში გაივლით…
- სავარაუდოდ, სამშობლოში მოვემზადებით, რადგანაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებას ვერ შევძლებთ. ეს პრობლემა მთელ მსოფლიოშია მოდებული და არ ვიცით, სხვაგან რა მდგომარეობა იქნება. მარტო ჩვენ არა, სავარაუდოდ, სხვა ქართულ გუნდებსაც შეკრების ადგილზე გავლა მოუწევთ.

- „საბურთალოს“ "ფეისბუქგვერდი" დროს უქმად არ კარგავს და სისტემატურად კლუბის წარმატებებს იხსენებს. გიორგი ჭიაბრიშვილთან ერთად, თქვენც ხართ ამ გამარჯვებების მონაწილე? რა გრძნობა გეუფლებათ, როდესაც ძველი წარმატებების ვიდეოებს უყურებთ?
- ძალიან სასიამოვნოა ასეთი გამარჯვებების გახსენება. „საბურთალოს“ დიდი გზა აქვს გავლილი. ამ გამარჯვებებში კი დიდი შრომა დევს, როგორც კლუბის ხელმძღვანელების, ასევე მწვრთნელების, ფეხბურთელებისა და სხვა დანარჩენი პერსონალის. ხსენებულ ვიდეოებში ვნახულობთ, თუ როგორ მოვიდა კლუბი დღემდე. მიუხედავად, ასეთი რთული მდგომარეობისა, „საბურთალომ“ უნდა განაგრძოს განვითარება და პროგრესი. ყველა ერთად უნდა ვეცადოთ ამ წარმატების გაგრძელებას.

fcsaburtalo.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი ერთი ნუ აგვიჩუყე გული რა.
ლილია
20:28 31-03-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული