3 ივლისს, ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში თბილისის "დინამომ" "ლოკომოტივი" 4:0 დაამარცხა.
ვერ გეტყვით, კორონავირუსით გამოწვეული პაუზისას თბილისის "დინამომ" მოუმატა ასე ძლიერ, თუ მისმა მეტოქეებმა მოუკლეს, მაგრამ ფაქტია, სეზონის განახლების შემდეგ ჩხეტიანის შეგირდები მოწინააღმდეგეებს მთელი თავით სჯობნიან. ასე იყო "საბურთალოსთან" და იგივე ვიხილეთ ჩემპიონატის აწ უკვე ყოფილ ლიდერ "ლოკომოტივთანაც".
პირველ ტაიმში "დინამო" დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა და მარტო კუციამ ანგარიშის გახსნის ოთხი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან! კაპანაძემ და პერნამბუკომაც ვერ გამოიყენეს კარგი მომენტები.
ტაიმის დასასრულს "ლოკოს" შეეძლო დაწინაურება, მაგრამ სამურკასოვს გოლის გატანა კვასხვაძემ არ დაანება, რის შემდეგაც მსაჯმა უხეშობისთვის უბილავა გააძევა და "რკინიგზელები" რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა გოლებიც გაიტანეს: 61-ე წუთზე "ლოკოს" კარი შეროზიას უხეში შეცდომის შედეგად კობოურმა დალაშქრა, შემდეგ თ. კაპანაძემ თავის მიერ მოპოვებული პენალტი გამოიყენა, 79-ეზე თ. კირკიტაძემ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, ხოლო სულ ბოლოს პერნამბუკომაც გამოიჩინა თავი.
თბილისის "დინამო" 8 ქულით გალიდერდა და 12 ივლისს ქუთაისში "ტორპედოს" დაუპირისპირდება.
თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ) - ლოკომოტივი 4:0
გოლები: 1:0 კობოური (61), 2:0 თ. კაპანაძე (72, პენ), 3:0 თ. კირკიტაძე (79, საკ. კარში), 4:0 პერნამბუკო (90)
გაძევება: უბილავა (42)
დინამო (თბ) (4-2-3-1): კვასხვაძე, კობოური, ლოჩოშვილი, მექვაბიშვილი (დაფე 78), ტრუბოჩკინი (იაშვილი 46), ქიმაძე, პაპავა (კ), კუცია, ბუღრიძე (ქავთარაძე 60), პერნამბუკო, თ. კაპანაძე
მწვრთნელი: ჩხეტიანი
ლოკომოტივი (4-2-1-3): შეროზია, გურეშიძე, ჭანტურია, გაბაძე, უბილავა (კ), შონია, სამურკასოვი (არველაძე 73), დ. კირკიტაძე (თ. კირკიტაძე 60), ძებნიაური, კობახიძე (ც. კაპანაძე 45+1), სიხარულიძე
მწვრთნელი: ფრუიძე
ამათ ეძახით ფეხბურთელებს? ვავა საქართველო. ვავა!!!