იური ტაბატაძე: მალე ნაკრებშიც ვითამაშებ

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში "საბურთალომ" სტუმრად "დილა" 2:1 დაამარცხა. დედაქალაქური კლუბის საიტმა 21 წლის ნახევარმცველ იური ტაბატაძეს ინტერვიუ ჩამოართვა, რომელმაც გორელებთან მატჩში ანგარიში გახსნა.

- გორში გამარჯვების მოლოდინი გვქონდა, თუმცა ვიცოდით, რომ მარტივი არ იქნებოდა. თავდაპირველად, მატჩი კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ “დილამ” უპირატესობა მოიპოვა. მიუხედავად ამისა, პირველი ნახევარი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. შესვენებაზე მთავარი მწვრთნელისგან დავალებები მივიღეთ. კარგია, რომ საბოლოოდ შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დასრულდა.

- გორში სისტემატურად ჭირს თამაში. ამას დავუმატოთ ისიც, რომ გულშემატკივარს სტადიონზე დასწრების საშუალება ჰქონდა. ამ ფაქტორმა თქვენზე
როგორ იმოქმედა?

- სასიამოვნო სიახლეა, სტადიონზე ქომაგი რომ დაბრუნდა. ეს უფრო ალამაზებს ფეხბურთს და საინტერესოს ხდის. მართალია, ამ ფაქტორით მასპინძლებს კიდევ უფრო მეტი უპირატესობა მიეცა, თუმცა ჩემზეც და გუნდზეც დადებითად იმოქმედა. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ მასპინძლებმა ტრიბუნებიდან დიდი მხარდაჭერა მიიღეს, მაგრამ ამავდროულად მეც დავიმუხტე და კარგად იმოქმედა. მოწინააღმდეგე თავის გუნდს რომ გულშემატკივრობს, ჩემზე უარყოფითად არ მოქმედებს.

- გოლი ლამაზი გამოგივიდათ. როგორ გაიხსენებთ იმ ეპიზოდს?
- გოლის გატანის შესაძლებლობა მანამდეც მქონდა, მაგრამ ხარიხას მოხვდა ბურთი. რაც შეეხება გოლს - შოთა ნონიკაშვილისგან პასი მივიღე, მარჯვენა ფლანგზე ნიკოლოზ მალიმ დიდი სისწრაფით ჩამირბინა, რომელიც ბურთს ითხოვდა. სწრაფად მივიღე გადაწყვეტილება, რომ კარში დამერტყა. საბოლოოდ, დარტყმა შედეგიანი გამოვიდა და გავხსენი ანგარიში.

- კარში დარტყმის თავისებური მანერა გაქვთ. ბურთი კარში უცნაური ტრაექტორიით მიდის, რის გამოც მეკარეებს უჭირთ რეაგირება. ვარჯიშობთ ასეთ დარტყმებზე?
– ფეხბურთი კრიშტიანო რონალდომ შემაყვარა. მსგავს სტილში ჯარიმებს სწორედ პორტუგალიელი ურტყავს. სულ ვუყურებდი მის სტანდარტულებს. ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი მის სტილში რომ დამერტყა. ადრეულ წლებში ანალოგიურად ბრაზილიელი ჟუნინიოც ურტყავდა.

- “საბურთალომ” შვიდი მატჩი გამართა, აქედან ოთხი ფრედ დაასრულა, ყველა ერთნაირი ანგარიშით, 0:0. ჩანს, რომ გუნდი გოლს იშვიათად უშვებს, თუმცა ბევრიც ვერ გააქვს…
- ამდენი ფრეები არ არის სასიამოვნო და სასურველი, თუმცა ვაუმჯობესებთ თამაშის ხარისხს. მგონია, რომ მალე სასურველი შედეგი გვექნება. ვპოულობთ ჩვენს თამაშს, შედეგიც აუცილებლად გვექნება.

- ნახევარი წელია, რაც გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძეა. როგორია მისი ფეხბურთისადმი მიდგომა?

- როგორც ლევან კორღალიძე, ასევე მისი სამწვრთნელო შტაბი დილიდან საღამომდე დაუღალავად მუშაობს, სულ კომუნიკაციაში ვართ. ლევანი, იმ ფეხბურთის მიმდევარია, რა სტილსაც “საბურთალო” თამაშობს. მთლიანი სტაფი ძალიან მოტივირებულია, ეს ფაქტორი ჩვენზეც დადებითად მოქმედებს. ვცდილობთ, რომ გავამართლოთ მწვრთნელების იმედები და დავალებები ზედმიწევნით შევასრულოთ.

- თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში გითამაშიათ, თუმცა როგორც ყველა ფეხბურთელის, თქვენი სურვილიც ეროვნული ნაკრების მაისურის მორგება იქნება. ამავდროულად, ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ბოლო მატჩებში ეროვნული ლიგის ბევრ ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. თქვენთვის ეს ფაქტორი დამატებითი მოტივაციაა?
– კარგია, რომ უკანასკნელ შეხვედრებში ჩვენი ჩემპიონატის რამდენიმე ფეხბურთელს მიეცა ნაკრებში ადგილის დამკვიდრების საშუალება. მხოლოდ ჩემთვის არა, ბევრისთვის დამატებითი მოტივაციაა. ჩემი მომავალი გეგმები სწორედ ეროვნულ ნაკრებს უკავშირდება, თუმცა კარგად ვიცი, რომ ამისათვის ძალიან ბევრი მაქვს სამუშაო. საკლუბო დონეზე, რაც არ უნდა წარმატებები გქონდეს, ქვეყნის პირველ გუნდში თამაში, უდიდესი პატივია. ყველაფერს თავისი დრო აქვს. მჯერა, მალე დადგება ის დრო, როდესაც ეროვნულ ნაკრებშიც ვითამაშებ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
სადაა ბატონი კორღალიძე,რატომ არ იღებს ხმას პენალტი მაჩუქეს გორშიო???რო შეყარა მთელი ქვეყანა არიქა პენალტი არ დამიდესო.კმაყოფილია ახლა ხო არარსებული პენალტით ათკაციან გუნდს რომ მოუგო.
Master
21:44 09-04-2021
2
ზოგადად!!! გულშემატკივარი კი არ ალამაზებს ფეხბურთს და ზოგადად სანახაობას, მთავარი გულშემატკივრია და მისთვის კეთდება ეს ყველაფერი და რომ არა გულშემატკივარი თანამედროვე სახით არცერთი სპორტის სახეობა არ იარსებებდა!!! იქნებოდა გასართობ სამოყვარულო დონეზე ყველაფერი!!!
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული