გიორგი მიქაძე - "სამგურალზე": საკმაოდ გავძლიერდით და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ

AutoSharing Option
"სამგურალის" ახალმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ კლუბის საიტს ინტერვიუ მისცა.

სამგურალი" ახალი საფეხბურთო სეზონისთვის აქტიურად ემზადება. თოვლისა და გართულებული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, საწვრთნელი პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. "სამგურალი" წყალტუბოში იანვრის ბოლომდე მოემზადება, 3 თებერვლიდან კი შეკრებაზე ანტალიაში გაემგზავრება, სადაც 17 თებერვლამდე დარჩება და დიდი დატვირთვების ფონზე რამდენიმე საკონტროლო შეხვედრასაც გამართავს. ჩემპიონატისთვის მზადების, დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისა და გუნდის მიზნების შესახებ მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე გვესაუბრა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ კლუბთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

- თავდაპირველად გუნდის მზადების შესახებ ვისაუბროთ, როგორ მიმდინარეობს პირველი
მოსამზადებელი ეტაპი?

- ჩემპიონატისთვის მზადება 8 იანვარს დავიწყეთ, ვარჯიშები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. პირველი კვირა ძალიან ნაყოფიერი იყო. ახალწვეულებმა ადაპტაცია გაიარეს და გუნდს კარგად შეეწყვნენ. ვფიქრობ, საკმაოდ სოლიდური შემადგენლობა გვყავს. ფეხბურთელები კარგად იგებენ მიცემულ დავალებებს, გაცნობიერებული აქვთ, რომ ამბიციური მიზნები გვაქვს და გვინდა წარმატებული სეზონი ჩავატაროთ.

- ამინდის გაუარესებამ და უხვმა ნალექმა ხომ არ შეცვალა გუნდის გეგმები?
- თოვლმა გარკვეული პრობლემები შეგვიქმნა, მაგრამ ვცდილობთ, ცუდ ამინდს გავუმკლავდეთ და გეგმას არ გადავუხვიოთ. მცირედით ხელი ვირუსმაც შეგვიშალა, სამი ფეხბურთელი ერთი კვირით გამოგვაკლდა, თუმცა უკვე სამივე გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად ემზადებიან.

ვცდილობთ, ეს მცირე დაბრკოლებები გადავლახოთ და ახალი სეზონისთვის კარგად მოვემზადოთ. მოსამზადებელი პერიოდი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია იმისთვის, რათა ფეხბურთელმა სეზონზე თავი კომფორტულად იგრძნოს და ყველა თამაშს ფიზიკურად კარგ მზადყოფნაში შეხვდეს. ზაფხულში არ არის საკმარისი დრო გუნდის ახლიდან მოსამზადებლად. ამიტომ ვცდილობთ, კარგად და ნაყოფიერად გავიაროთ ეს ეტაპი.

- გუნდი ბოლომდე დაკომპლექტებულია თუ კიდევ უნდა ველოდოთ ახალ ფეხბურთელებს?
- თითქმის ბოლომდეა დაკომპლექტებული, თუმცა კიდევ გვინდა ერთ-ორ პოზიციაზე ფეხბურთელის დამატება. ეს კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის და როგორც ვგეგმავდით, ორი თანაბარი სიძლიერის შემადგენლობა გვეყოლება. თითო პოზიციაზე 2-2 მოთამაშე გვჭირდება. წინ გრძელი სეზონია და შემადგენლობაში აუცილებლად მოგვიხდება ლავირება. პლუს ამას, პანდემიიდან გამომდინარე, არავინ იცის, როდის რა პრობლემა შეექმნება. ამიტომ, თავიდანვე უნდა დავიჭიროთ თადარიგი და ყველა ფეხბურთელს უნდა ჰყავდეს სრულფასოვანი შემცვლელი.

უახლოეს დღეებში ველოდებით ალჟირელ ლეგიონერს. მისი თამაშის ვიდეოჩანაწერები ვნახეთ და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ჩამოვა და დავაკვირდებით. თუ თავს კარგად წარმოაჩენს და გუნდს გააძლიერებს - მოხარულები ვიქნებით. ორ ფეხბურთელს ველოდებით თურქულ შეკრებაზეც. გარდა ამისა, კიდევ ერთ კარგ ფეხბურთელთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, თუმცა ჯერ მის ვინაობას საიდუმლოდ დავტოვებ.

- ალბათ, უკვე ამხანაგური მატჩებიც არის დაგეგმილი...
- მზადების პირველ ეტაპზე ორი ამხანაგური შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი. 22 იანვარს მარტვილის "მერანს" დავუპირისპირდებით, 29 იანვარს კი თბილისში "გაგრას" წინააღმდეგ ვითამაშებთ. ამ თამაშებში გამოჩნდება, თუ რა გვექნება გამოსასწორებელი და რაზე იქნება ყურადღება გასამახვილებელი. მოსამზადებელი ეტაპის ფინალურ ფაზაში გავემგზავრებით თურქულ შეკრებაზე, სადაც საკმაოდ ძლიერ გუნდებთან გავმართავთ ამხანაგურ შეხვედრებს. სწორედ აღნიშნულ სპარინგებში უნდა გამოჩნდეს ჩვენი რეალური ძალა. ჩვენი მიზანია "სამგურალი" საქართველოში ერთ-ერთი კარგი და ანგარიშგასაწევი გუნდი იყოს. ვფიქრობ, ჩვენ ამას მოვახერხებთ.

- თურქულ შეკრებაზე მეტოქეები და ამხანაგური მატჩების განრიგი თუ არის ცნობილი?
- უკვე დაგეგმილია სამი სპარინგ-მატჩი. 9 თებერვალს ვეთამაშებით რუსეთის პირველი ლიგის ერთ-ერთ ლიდერს, ვორონეჟის "ფაკელს", რომელიც პრემიერლიგაში გადასასვლელად იბრძვის. 13 თებერვალს დაგეგმილი გვაქვს მატჩი დანიის პირველი დივიზიონის ლიდერ "ჰელსინგორთან", რომელიც ძალიან კარგი გუნდია და სუპერლიგაში აღზევების მთავარი პრეტენდენტია. 17 თებერვალს უკრაინული პრემიერლიგის გუნდს, კოვალივკას "კოლოსს" შევხვდებით. აღნიშნული სამი მატჩის გარდა, თუ ეპიდვითარება არ შეგვიშლის ხელს, გვინდა ერთ დღეს ორი თამაში ვითამაშოთ, რომ ბიჭებმა სრული 90–90 წუთი დაჰყონ მოედანზე.

- ზემოთ აღნიშნეთ, რომ ამბიციური გეგმები გაქვთ და მიზნად წარმატებული სეზონის ჩატარებას ისახავთ. რა ჩაითვლება "სამგურალისთვის" წარმატებად?
- ჩვენი მიზანია ჩემპიონატში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ და პარალელურად, საქართველოს თასზე მაქსიმალურად შორს გავიდეთ. წინასწარ ძალიან რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ გვინდა, ყველა თამაშზე მოსაგებად გავიდეთ. ვფიქრობ, ამის რესურსი გვექნება, რადგანაც საკმაოდ სოლიდური შემადგენლობა გვყავს. ბიჭები ძალიან მოტივირებულები არიან. ვფიქრობ, ძალიან კარგი და ანგარიშგასაწევი გუნდი გვეყოლება.

რამდენიმე დღის წინ "სამგურალთან" ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და ამ ორ წელიწადში გვინდა,  "სამგურალი" ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გახდეს.

კლუბის ხელმძღვანელობისა და ჩემი ამბიციები ერთმანეთს ემთხვევა, გვინდა, კონტრაქტის ვადაში ევროტურნირების საგზური მოვიპოვოთ და მჯერა, ამას მოვახერხებთ. კლუბის ხელმძღვანელობა ყველანაირად გვერდში გვიდგას და გაძლიერებას სამომავლოდაც გავაგრძელებთ. ზაფხულამდე გამოჩნდება, თუ რა მიზნებისთვის შეგვეძლება ბრძოლა დღევანდელი რესურსით. შევხედავთ, თუ კლუბს დასჭირდება პოზიციების გაძლიერება - აუცილებლად გავძლიერდებით.

- რამდენიმე კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა და ჯერ მოსამზადებელი ეტაპიც არ დაუწყია; ასეთ ფონზე როგორ ჩემპიონატს ელოდებით?
- ზოგიერთ კლუბს აქვს რაღაც პრობლემები, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი გამოსწორდება და წინ საკმაოდ დაძაბული ჩემპიონატი გველოდება. ალბათ, გახსოვთ, გასულ წელსაც იყო იგივე პრობლემები, თუმცა საბოლოო ჯამში მეტ-ნაკლებად თანაბარი დონის ჩემპიონატი გამოვიდა. ვფიქრობ, ახალ საფეხბურთო სეზონში 3-4 გამორჩეული გუნდი იქნება, რომლებიც ერთმანეთს პირველობისთვის დაუპირისპირდებიან. ზოგადად, ჩემი აზრით, გამოიკვეთება ზედა და ქვედა ხუთეულები. ყველა გუნდთან სერიოზული ბრძოლა მოგვიწევს, კონკურენცია დიდი იქნება, როგორც ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, ასევე, ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის. კარგი გუნდი ეყოლება ქუთაისის "ტორპედოს", გაცილებით ძლიერი იქნება თბილისის "დინამოც", ბათუმის "დინამოზე" საუბარიც ზედმეტია, შარშანდელზე უკეთესი თუ არა, ნაკლები გუნდი არ ეყოლებათ. საგრძნობლად გაძლიერდა "საბურთალო"... მიუხედავად იმისა, რომ გუნდი რამდენიმე ლიდერმა დატოვა, "დილაც" ძლიერი გუნდი იქნება.

ჩვენც საკმაოდ გავძლიერდით და ამ კონკურენციაში ჩავერთვებით. გვაქვს ამბიცია, რომ მინიმუმ ზედა ხუთეულში მოვხვდეთ. "თელავს" ახალი მწვრთნელი ჰყავს, მებრძოლი გუნდია და მასთან არ იქნება ადვილი თამაში. "გაგრაც" არაა ხელწამოსაკრავი გუნდი, ყოველთვის კერკეტი კაკალია... რთული იქნება თამაში ბოლნისშიც. რაც შეეხება "ლოკომოტივს", მართალია, პრობლემები შეექმნა, მაგრამ "რკინიგზელებს" თავისი აკადემია აქვს, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ჰყავს და ვფიქრობ, საკმაოდ კარგ და ანგარიშგასაწევ გუნდს გააკეთებს.

მოკლედ, საკმაოდ საინტერესო ჩემპიონატი გველოდება. როგორც აღვნიშნეთ, ბევრ რაიმეს პირველი წრე გამოაჩენს. უკვე მეორე ნახევარში გამოიკვეთებიან ლიდერები და აუტსაიდერები. ბუნებრივია, მე ჩემს გუნდზე უფრო მეტს ვფიქრობ, ვიდრე დანარჩენზე. გვინდა კარგი გუნდი გვყავდეს და გვეყოლება კიდეც. წყალტუბოელ გულშემატკივრებს ვპირდები, რომ არ ვიქნებით აუტსაიდერებში და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ!

მკითხველის კომენტარები / 2 /
აგერ დაიმახსოვრეთ ეს გუნდიც გავარდება ეროვნულიდან როგორც ჩიხურა, სამტრედია. ვითომ ამბიციური გუნდები
თემო
19 იანვარი 2022 22:39
0
იმხელა კომენტარი დავწერე-ამას არავინ არ წაიკითხავსთქო და მერე 3 წუთი ვშლიდი.
მოკლედ კიდევ 5 კარგი სტადიონია საჭირო,თორე ასე ერთტრიბუნიანი სტადიონებით არაფერი გამოვა.
ბათუმი,ტორპედო,დინამო,გორი,მესხი ესენი +5
Levani
19 იანვარი 2022 04:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული