ირაკლი სიხარულიძე: ბათუმის "დინამოსთან" მატჩი ჩვენთვის ერთგვარი გამოცდა იქნება

AutoSharing Option
გამოცდილი თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე 3 იანვარს "ლოკომოტივიდან" "საბურთალოში" გადავიდა. ის ახლა თავის ახალ გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე იმყოფება, კლუბის საიტმა კი მას ინტერვიუ ჩამოართვა.

- მართალია, ახალ გარემოში ვარ, თუმცა ბევრი ნაცნობი თუ მეგობარი დამხვდა. მთავარ მწვრთნელთან, ლევან კორღალიძესთანაც მიმუშავია და ვიცი მისი ფეხბურთისადმი მიდგომა. საერთო ჯამში, ადაპტაცია არ გამიჭირდა, რადგან შინაურ გარემოში მოვხვდი.

- როგორი ჩანდა “საბურთალო” შორიდან და როგორია რეალურად, როდესაც უკვე ამ კლუბის წევრი ხართ?
- “საბურთალო” წარმატებული და პროგრესირებადი კლუბია. ყველაფერი ნაჩვენები შედეგებიდან მეტყველებს. სასიამოვნოა, რომ
კლუბს გააჩნია თავისი აკადემია. სწორედ ამ აკადემიის ფეხბურთელებმა შეძლეს ის, რომ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები, კლუბს მოუტანეს დიდი წარმატება. რომ გადავხედოთ ისტორიას, “საბურთალო” წლებია უტიტულოდ არ რჩება, ყოველთვის პროგრესირებს. მინდა, რომ გუნდს სხვადასხვა მიზნის მიღწევაში დავეხმარო და ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო “საბურთალოს” განვითარებაში.

- როგორ ფიქრობთ, გასულ წელთან შედარებით გაძლიერდა “საბურთალო”?
- ვფიქრობ, გასული წლისგან განსხვავებით, საგრძნობლად გაძლიერდა გუნდი, კვალიფიციური ფეხბურთელები დაიმატა. მგონია, რომ წლეულს ერთ-ერთი ძლიერი გუნდი გვეყოლება. წელს აუცილებლად ვიზრუნებთ მაღალი მიზნებისთვის, ამის რესურსი ნამდვილად გვაქვს.

- საქართველოში ერთ-ერთი გამოცდილი ფეხბურთელი ხართ. ცხრა შეხვედრაც და თქვენს კარიერაში მე-300 ოფიციალურ მატჩს გამართავთ. რას ნიშნავს თქვენთვის ეს ციფრი?
- ასეთ ციფრებს არასდროს ვუყურებ, თუმცა სასიამოვნოა, რომ მალე მე-300 შეხვედრას ჩავატარებ. წლეულს ბევრი გამოწვევა გვაქვს - ჩემპიონატი, ევროტურნირები, თასი. მთავარია, ჯანმრთელად ვიყო და გუნდს დავეხმარო მიზნების განხორციელებაში.

- გვერდს ვერ ავუვლით “ლოკომოტივის” ამბავს, სადაც დიდი დრო დაჰყავით…
- “ლოკომოტივი” ჩემთვის ძვირფასი კლუბია, ბევრი გამორჩეული და დასამახსოვრებელი მატჩი მაქვს ჩატარებული. ბევრ რამეს დადებითად და კარგად ვიხსენებ. მათ გულშემატკივრად ვრჩები.

- თქვენს უცხოურ კარიერაზეც გკითხავთ. როგორ გაიხსენებთ ჩეხეთსა და ლატვიაში თამაშს?
- ევროპაში ჩავედი თუ არა, ტრავმა მივიღე. მაინცდამაინც ვერ აეწყო კარიერა, თუმცა გარკვეული გამოცდილება მივიღე, უცხოელებისგანაც ბევრი ვისწავლე. დარწმუნებული ვარ, რომ არა ტრავმა, ევროპული კარიერა უკეთესად განვითარდებოდა.

- და საუბრის ბოლოს - რამდენიმე დღეში გუნდს პირველი ოფიციალური მატჩი ელის ბათუმის “დინამოსთან”. რას იტყვით მოახლოებულ მატჩსა და მომავალ მეტოქეზე?
- სეზონის პირველი მატჩია და ბუნებრივია, ყველას სურს სასიამოვნო განწყობით დაწყება. ეს მატჩი ერთგვარი გამოცდა იქნება ჩვენთვის, თუ რა დონეზე ვართ მომზადებული. ერთმატჩიანი დაპირისპირებაა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მეტოქე ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია საქართველოში. რთული და მძიმე მატჩი გვექნება, მაგრამ ჩვენ გვჯერა ჩვენი თავის და გვინდა, რომ სეზონი ამაღლებული განწყობით დავიწყოთ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული