ჩემპიონობისთვის მებრძოლი ორი გუნდის თამაში მართლაც გასაოცარი გამოვიდა. მასპინძლები დებიუტში ორჯერ დაწინაურდნენ, სტუმრებმა ორივეჯერ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, თუმცა აჭარულმა გუნდმა მაინც შეძლო ტაიმის მოგება. აღსანიშნავია, რომ მათმა სამივე შემტევმა - კვარაცხელიამ, ფლამარიონმა და დავითაშვილმა გაიტანეს გოლები. რაც შეეხებათ წყალტუბოელებს, მეორე ნომრად თამაში არჩიეს და კონტრიერიშებისას საკმაოდ სახიფათონი იყვნენ.
შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, ტემპი ისევ მაღალი იყო და „სამგურალმა“ მესამედ გაათანაბრა ანგარიში. მერე კვარაცხელიამ თავის მიერვე მოპოვებული პენალტით ბათუმელები წინ გაიყვანა. მან მიმდინარე ტურნირზე მე-8 გოლი გაიტანა. თუმცა მიქაძის შეგირდები არ დანებდნენ, კალანდარიშვილმა მოწოდებული კუთხურის შემდეგ თავურით დალაშქრა კუპატაძის კარი და თავის გუნდს ფრე მოუპოვა.
ბათუმელები 35 ქულით ლიდერები არიან და სანაკრებო პაუზის შემდეგ, 16 ივნისს, გასვლაზე „გაგრას“ დაუპირისპირდებიან, ხოლო 30 ქულით მესამე პოზიციაზე მყოფი წყალტუბოელები იმავე დღეს თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებენ.
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - სამგურალი 4:4
გოლები: 1:0 კვარაცხელია (7), 1:1 ახვლედიანი (9), 2:1 ფლამარიონი (12), 2:2 ჯერალდო (18), 3:2 დავითაშვილი (41), 3:3 რუხაძე (54), 4:3 კვარაცხელია (65, პენ), 4:4 კალანდარიშვილი (84)
დინამო (ბთ) (4-1-2-3): კუპატაძე, ჩაბრაძე, კობახიძე (კ) (ფალავანდიშვილი 80), რეხვიაშვილი, აზაროვი, ტეიდი, ალთუნაშვილი, ჯიღაური (ფანცულაია 90+2), დავითაშვილი (გაფრინდაშვილი 67), ფლამარიონი, კვარაცხელია (ბიძინაშვილი 67)
სამგურალი (4-1-2-3): შოვნაძე, კალანდარიშვილი, მაისაშვილი (ბურჯანაძე 46), ქურდაძე, კიკაბიძე (კ), მ. ბაშელეიშვილი, ახვლედიანი (სიმდიანკინი 80), გილმორი, რუხაძე (კუხიანიძე 67), ჯერალდო (ვერულიძე 89), ჩიხლაძე (გავაშელიშვილი 67)
ნახეთ როგორ შეაყვარა ბათუმლებს თავი..
ღმერთმა დაიფაროს ტრავმებისგან!
ხვიჩაზე მართლა სიტყვები არ მყოფნის. როგორი მონდომებულია ყველა ეპიზოდში, როგორ იბრძვის ბოლომდე, განიცდის ბურთს რომ დაკარგავს და ეს საოცარი ტექნიკური თამაში მისი მხრიდან, ამას ხო მაყურებელიც ვგრძნობთ, როგორ იბძვის და ზერელედ არ უყურებს აქაურ ჩემპიონატს. პენალტის შესრულებას რომ თავი დავანებოთ მანამდე როგორი პასი გააკეთა, ის გოლიც მეშვიდე წუთზე როგორ შეასრულა.
ამ ბიჭმა სიცოცხლე შემოიტანა ეროვნულ ლიგაში, როცა მოედანზეა განსაკუთრებულად ინდომებენ მოწინააღმდეგეებიც რომ ტოლი არ დაუდონ კვარაცხელიას, ეს ყველაფერი ქმნის მაღალი დონის თამაშს. ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ რა მაგარი რამეა ამ ბიჭის დროებით ჩვენც ჩემპიონატში ყოფნა, საფეხბურთო ქვეყნებიდან აკვირდებიან თამაშებს და სრულიად ადვილად შეიძლება მაგალითად რომელიმე სხვა ე. ლიგის გუნდის (მაგალითად სამგურალის) ფეხბურთელებსაც დაადგან თვალი სერია ა ს გუნდებმა. ხვიჩას გადმოსვლამდე მე მსგავსი მაღალი დონის თამაშები არ მახსოვს ეროვნულ ლიგაში, თუ ვცდები შემისწორეთ.
გულშემატკივრებს რომ ჩაეხუტა კულმინაცია იყო და ძალიან ლამაზი კადრი. ასეთი კადრები და ემოციები ხდის ფეხბურთს ყურებადს და ლამაზს. იმედია რომ წავა ხვიჩა ძალიან კარგ გაცილებას მოუწყობენ ბათუმლები.