გაგა კირკიტაძე: ამ კონტიგენტით ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება შეიძლება

AutoSharing Option
ზაფხულის არდადეგებს „გაგრა“ მნიშვნელოვანი სახეცვლილებით შეეგება. გუნდი დატოვეს ლიდერებმა – ვაწაძემ, კვირკვიამ, კვერკველიამ, ქურდაძემ, ჩოგაძემ, ვეკუამ. კლუბის ხელმძღვანელობას, ფაქტობრივად, ახალი გუნდის შექმნა მოუხდა. მალე გამოჩნდნენ შემცვლელებიც.

„გაგრაში“ დაბრუნდა ფორვარდი თაზო მაქაცარია, რომელიც შარშანდელ სეზონში, ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გუნდს შეუერთდნენ ლომინაძე, ლომთაძე, – ლეგიონერები: ბენინის 20-წლამდელთა ნაკრები გუნდის წევრები, ვინგერი და საყრდენი ნახევარმცველი. ამას გარდა, კლუბი მოლაპარაკებას აწარმოებს კიდევ ერთ კვალიფიციურ ლეგიონერთან, ამპლუით ვინგერთან, რომელსაც საქართველოში თამაშის გამოცდილება აქვს. ამ და სხვა საინტერესო სიახლეებზე გვესაუბრება ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი
გაგა კირკიტაძე.

– სეზონისთვის მზადება 12 ივლისს, თბილისში დავიწყეთ. შემდეგ გვქონდა 8-დღიანი შეკრება ორჯერადი ვარჯიშებით. პროცესში გავმართეთ 3 ამხანაგური შეხვედრა და ერთი სათასო მატჩი ქობულეთში, „შუქურას“ წინააღმდეგ. ამჟამად, კონცენტრირებული ვართ ეროვნული ლიგის მატჩზე „ლოკომოტივთან“, რომელიც 14 აგვისტოს გაიმართება.

– რამდენად კმაყოფილი ხართ განვლილი შეკრებით?
– მთლიანობაში კმაყოფილი ვარ. ჩვენ დავინახეთ ახალწვეულთა შესაძლებლობები. ვფიქრობ, ადაპტაციის გავლის შემდეგ, ისინი შესძლებენ გუნდის გაძლიერებას. ახლა მთავარია ფეხბურთელების შეთამაშება მოესწროს.

– სათასო მატჩი ქობულეთში, „შუქურას“ წინააღმდეგ გუნდმა წააგო. როგორ ფიქრობთ, რა იყო დამარცხების მიზეზი?
– რომელიმე კონკრეტული მიზეზის დასახელება სწორი არ იქნება. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მიზეზების მთელ კომპლექტთან. პირველ რიგში, ტრავმირებული ფეხბურთელები უნდა ვახსენოთ. პირდაპირ თამაშის წინ 2 საკვანძო ფეხბურთელი გამოგვაკლდა. ამას გარდა, ვერ მოესწრო ახალწვეულების დარეგისტრირებაც. პირველი თამაში იყო და თავი იჩინა შეუთამაშებლობამაც. ეს კომპლექსური პრობლემებია, მაგრამ გამოსწორებადი.

– სეზონის დაწყების წინ გუნდის მიზანი ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო. რამდენად შესაძლებელია ამ მიზნის მიღწევა თქვენს ხელთ არსებული რესურსით?
– ჩვენი მიზანია ფლეი აუტის ზონას დავაღწიოთ თავი. თუ ამ ახალ ფეხბურთელებთან შეთამაშებას მოვახერხებთ, ვფიქრობ, მიზანს მივაღწევთ.

– დღეისთვის რამდენად დაბალანსებულია გუნდი?
– რასაკვირველია, სრულფასოვნად დაბალანსებული ვერ ვიქნებით, მაგრამ შემიძლია ვთქვა, ახლოს ვართ. გავმეორდები და ვიტყვი, რომ ამ კონტინგენტით შეიძლება ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება.

– დიდი ხანია, რაც „გაგრა“ ძირითადად – 4-2-3-1 სისტემით თამაშობს. ახალი ფეხბურთელების მოსვლასთან დაკავშირებით ხომ არ შეიცვლება გუნდის სათამაშო სქემა?
– ჩვენ ფეხბურთელები შევარჩიეთ იმ ტაქტიკური მონახაზის მიხედვით, რომელსაც ვქადაგებთ. შესაბამისად, ამ მხრივ რადიკალური ცვლილებები არ იქნება. ახალწვეულები მოერგებიან ჩვენ სისტემას და ბოლომდე დაიხარჯებიან. დანარჩენს კონკრეტული თამაში გვიჩვენებს. რა თქმა უნდა, მეტოქიდან გამომდინარე, თამაშის მსვლელობისას ცვლილებები იქნება ხოლმე.

– 14 აგვისტოს ეროვნული ლიგის თამაშია თბილისის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ. რა შეგიძლიათ თქვათ ამ გუნდის შესახებ?
– „ლოკომოტივი“ ამჟამად ბევრად უკეთესი გუნდია, ვიდრე პირველ წრეში იყო. ამის დასტურად შეგვიძლია მივიჩნიოთ მათი და „ლოკომოტივი 2-ის“ გასვლა საქართველოს თასის მერვედფინალში. ჩანს, რომ სწორ გზაზე დგანან და პირადად მე დაძაბულ თამაშს ველოდები.

– ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად „გაგრას“ მთავარი კონკურენტები სავარაუდოდ – ბოლნისის „სიონი“, ქუთაისის „ტორპედო“ და „თელავი“ იქნებიან…
– ჩვენ გვჭირდება ამ გუნდებთან გამარჯვება და დადებითი ბალანსის შექმნა, მაგრამ ისინიც ასე ფიქრობენ. ამიტომ მოდი ასე ვთქვათ, სეზონი გვიჩვენებს, ვინ როგორ გაძლიერდა და რა შესაძლებლობები აქვს.

– გულშემატკივარს რას ეტყვით?
– გულშემატკივარს ვეტყვი, რომ გვახსოვს ისინი, გვიყვარს, მადლიერი ვართ ამ ხალხის და ვპირდებით, ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ეროვნული ლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ. მომდევნო წლებში კი უფრო დიდი მიზნები დავისახოთ.

fcgagra.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
ტორპედოს სიამოვნებით ვიხილავდი ლიგა 2-ში,მაგრამ პლეიაუტის გარეშე დარჩება,რაც შეეხება ოთხეულს იქ ტორპედოს არავინ მიასუნინებს
ნიკო
13 აგვისტო 2022 12:04
2
ზუსტად შენ გუნდს დასჯის ტორპედო ჰეითერო თან მტკივნეულად.
Charley
13 აგვისტო 2022 22:41
0
დიდი ბოდიში ტორპედო ცალი ფეხით დაადუღებს ამ ორღობის გუნდებს და ოთხეულშიც გავა რომელი ჯობია შემადგენლობით ერთად აღებული ლოკო თელავი გაგრა სიონი და სამგურალზე მეტი ბიუჯეტი აქ, და დავინახავთ ვინ იბრძოლებს პლეიაუტში და ვინ ევროსაგზურში ტორპედოს ჰეითერებო დასტოპდებით სულ მალე.
charley
13 აგვისტო 2022 01:22
8
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული