რევაზ ძოძუაშვილი: უკვე ამდენი ხანია, ამას ვყვირი!..

AutoSharing Option
კარს მოგვადგა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ორი მატჩი, ირლანდიასა და ავსტრიასთან. სანაკრებო ამბებზე სასაუბროდ ეროვნული გუნდის ყოფილ მწვრთნელს, რევაზ ძოძუაშვილს მივმართეთ. მისი მსჯელობა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც საინტერესო აღმოჩნდა...

- ირლანდია და ავსტრია ძლიერი გუნდები არიან, - ასე დაიწყო ინტერვიუ, - ჩვენ ბოლომდე უნდა დავაფასოთ ისინი. არ დაგვავიწყდეს, რა ბალანსი გვაქვს ირლანდიელებთან. უკვე კარგა ხანია, ჩვენ ფეხბურთის ბოლო ვაგონებში ვართ და ეს დრო უნდა დასრულდეს, მით უმეტეს, უკვე გვყავს კონკურენტუნარიანი კონტინგენტი. ამ რესურსს სწორად გამოყენება სჭირდება.

- ფაქტია, ბოლო დროს გამოჩნდა
რამდენიმე საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელთაც შეუძლიათ, სარგებლობა მოუტანონ საქართველოს ნაკრებს, მაგალითად - გიორგი ჩაკვეტაძე...

- ძალიან მაგარი ბიჭები არიან. ისინი ერთობ თამამად შემოვიდნენ ამ ორბიტაზე და მე მათი მჯერა. ნაკრები, გარკვეულწილად, მაინც სხვანაირი მოცემულობაა და მწვრთნელი ყოველთვის რისკავს, როცა საქმე ეხება ახალგაზრდა ფეხბურთელს, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მომენტია ფეხბურთში. ასე ვრისკავდით ჩვენც, როცა დავაწინაურეთ არველაძე, კალაძე, ჯამარაული, ყაველაშვილი... ამ ბიჭებმა მთელი ევროპა აალაპარაკეს.

- მართლაცდა, თქვენ თავის დროზე თამამად დააწინაურეთ არაერთი ახალგაზრდა. როგორი უნდა იყოს მწვრთნელისა და ახალგაზრდა მოთამაშის ურთიერთობა?
- მწვრთნელი მაინც მთავარია ამ პროცესში. ის იღებს პასუხისმგებლობას. ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი მწვრთნელს ბოლომდე აჰყვეს, ბოლომდე იგრძნოს პასუხისმგებლობა. ასე იყო ჩვენს დროს და მჯერა, ასე იქნება ახლაც.

მწვრთნელი მწვანე შუქს გინთებს, გეუბნება - გადი, ითამაშე და დაამტკიცეო! მერე ჯერი შენზეა. შენც უნდა მიეხმარო მწვრთნელს. ზოგადად, ასაკი არ არის ფეხბურთელის მთავარი მახასიათებელი.

ლატვიაში რომ ვმუშაობდი, მეორე ნაკრებში შემთხვევით ვნახე ვერპაკოვსკისი. მაშინ მას თითქმის არავინ ენდობოდა. წამოვწიეთ წინ, ვენდეთ და საბერძნეთის ნაკრებს გაუტანა გოლი. მერე წავიდა და წავიდა... საქართველოში რა და როგორ იყო, ესეც ყველამ კარგად იცით... გვარებს აღარ დავასახელებ...

- რა თქმა უნდა, გაეცნობოდით ვლადიმირ ვაისის მიერ დასახელებულ სანაკრებო სიას. გვაშფოთებს ის, რომ არაერთ ფეხბურთელს აკლია სათამაშო პრაქტიკა...
- რა თქმა უნდა, სია მეც ვნახე. ახლა ჩვენს ნაკრებში ისეთი მდგომარეობაა, რომ სათამაშო პრაქტიკა მართლაც აკლია რამდენიმე ფეხბურთელს და, გარდა ამისა, რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშეც გვყავს.

- ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

ჩვენ ამაზე ვერ ვიფიქრებთ. ეს ფეხბურთია და მას სდევს ასეთი რამეები. მე ზუსტად ვიცი, რომ საქართველოს ნაკრებში არის მინიმუმ 11-12 "გლადიატორი", რომელიც ბოლომდე დაიხარჯება ამ ორ შეხვედრაში და გააკეთებს ყველაფერს. ისინი ვაისმა უნდა ამოარჩიოს და სწორედ ამისთვის არსებობს შეკრებები. ახლა არ არის სასოწარკვეთის დრო. ფეხბურთელი როცა მოდის ნაკრებში, ის ისე უნდა იყოს განწყობილი, როგორც - უკანასკნელ ომში. ცოტა სხვანაირად რომ ვთქვათ, რომ ჩამოვა თვითმფრინავის ტრაპიდან, საქართველოს მიწას უნდა კოცნიდეს. თამაშის დროს ყურში უნდა ჩაესმოდეს ჩვენი გენიალური სიმღერის ტექსტი - "ხმალი ავლესოთ, ქართველებო"!

სპორტში ფსიქოლოგია ბევრს წყვეტს. სხვა კომპონენტებთან ერთად, ამ კუთხითაც უნდა ვიყოთ მზად. ბოლოს და ბოლოს, წელიწადში რამდენჯერმე გიწევს ნაკრებში თამაში და ეს შენთვის განსაკუთრებული მომენტი უნდა იყოს! ბოლომდე უნდა იყო განწყობილი საბრძოლველად, ბოლომდე უნდა დაიხარჯო!..

- არის კი საქართველოს ნაკრებში იმის რესურსი, რომ გუნდმა წარმატებას მიაღწიოს?
- ვფიქრობ, რომ ერთმნიშვნელოვნად არის. დღეს საქართველოს ნაკრები არის გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ნაზავი. უნდა წავიდეს აუტსაიდერობის დრო. მჯერა, ჩვენი ნაკრები მომწიფებულია ამისთვის.

- ზემოთ ლატვიის ნაკრები და ვერპაკოვსკისი ახსენეთ. პირადად თქვენ, დიდი ხანია, საქართველოში მეორე ნაკრების შექმნის იდეას ემხრობით...
- ამდენი ხანია, უკვე ამას ვყვირი... ლატვია სიტყვამ მოიტანა, თორემ ცხონებულმა დათო ყიფიანმა და მე იგივე არ გავაკეთეთ საქართველოში?! ყველას ახსოვს, მაშინ რა ფეხბურთელები თამაშობდნენ იქ. ფუნდამენტი, საბაზო გუნდი იყო თბილისის "დინამო". მაშინ ჩვენ შევძელით და "დინამოში" ჩამოვიყვანეთ უცხოეთში მოთამაშე ფეხბურთელების ის ნაწილი, რომლებიც თავიანთ უცხოურ კლუბებში თავს იდეალურად ვერ გრძნობდნენ.

დღეს თბილისის "დინამოს" შეუძლია, კვლავ იქცეს საბაზო გუნდად საქართველოს მეორე, ანუ კლუბების ნაკრებისთვის. სადღეისოდ, თუნდაც საქართველოს ჩემპიონატში არიან ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც აქვთ ქვეყნის მთავარ გუნდში მოხვედრის ამბიცია. ამ ნაკრებში ის შეეცდება დაამტკიცოს, რომ ამის ღირსია და ეს მისთვის იქნება დიდზე დიდი მოტივაცია!

რა თქმა უნდა, სასურველია, ნაკრებში იყოს დიდი კონკურენცია. მე ვერ გავიზიარებ აზრს, რომ დღეს ჩვენ არ გვყავს ფეხბურთელები. თუნდაც, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობას გადავხედოთ. ან თუნდაც, იგივე გიორგი არაბიძე, აგერ, ჩაკვეტაძე დგას რიგში და კიდევ არაერთი... 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატმა დაგვანახვა, რომ რეალურად გვყავს თაობა, რომელსაც შეიძლება დავეყრდნოთ და არც ის გამოცდილი მოთამაშეები დავივიწყოთ, დღეს რომ არიან ნაკრებში. ტრავმები ყოველთვის იქნება და პრაქტიკის ნაკლებობა თუ არქონა. ამის გამო უიმედობას არ უნდა მივეცეთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
კარგით რა ამაზე მაგარი 19 წლამდელები გვყოლიაა 17 წლამდელებმა ხო ვაბშე 3 ადგილი აიღეს მარაა გაუფრთხილდა იმ ბიჭებს ვინმე ნუ გახადეთ ცარიელი რეკლამები და მართლა ნუ აჯერებთ იმათაც რო მაგრები არიან 1 თამაში მოუგეს მკვდარ შვედეთს და გახადეს ვარსკვლავები
fexburteli
22:12 28-08-2017
0
19 წლამდელების თამაში ვნახეთ, კარგი თაობა გვეზრდება მაგრამ ეროვნულისთვის მზად არ არიან ჯერ ჩემი აზრით. ეხლა ნაკრებში რამდენიმე ფეხბურთელია რომლებსაც რატომ იძახებენ არ მესმის არანაირად!! 19 წლამდელებმა ახალგაზრდულ ნაკრებში და თავის კლუბებში რაღაც დონეზე უნდა დაამტკიცონ რომ თამაში შეუძლიათ და მერე კი ბატონო!! ჯანო ანანიძემ რომც არ ითამაშოს რუსეთის ჩემპიონატში მთელი ტაიმი მაინც ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა!! ჩვენი კლუბების დონე ძალიან დაბალია ნაკრებისთვის, სუსტი დონის კლუბებმა გაგვანადგურეს და ეხლა ამ კლუბის მოთამაშეებმა ირლანდიის საშუალო ევროპულის დონის მოთამაშეებით დაკომპლექტებულ ნაკრებთან რაღა უნდა ქნან??
ზაზა
11:56 28-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული