[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?

AutoSharing Option
ვლადიმირ ვაისმა ვენაში გამართულ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მას ახალი კონტრაქტი შესთავაზა. სლოვაკის თქმით, ამ ეტაპზე ის ფოკუსირებულია შესარჩევი ციკლის სხვა მატჩებზე და ამ თემას მხოლოდ მათი დასრულების შემდეგ დაუბრუნდება.

- ვლადიმირ ვაისი: ჩვენ ვენის დასათვალიერებლად არ ჩამოვსულვართ

საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, დიდ დაფიქრებას და ასჯერ გაზომვას მოითხოვს ჩვენი მხრიდანაც კი - საქმე ხომ საქართველოს ნაკრების მომავალ მესაჭეს ეხება, სულ მცირე, ევროპის ჩემპიონატის მომავალ ციკლში.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ასჯერ გაზომვასა და ერთხელ გაჭრას მოითხოვს საქართველოს ფეხბურთის
ფედერაციის მხრიდანაც, რადგან ასე იყო, ასე არის და ასე იქნება მუდამ - ნებისმიერ ქვეყანაში ფეხბურთის ფედერაციის მუშაობის მთავარი განმსაზღვრელი იყო, არის და იქნება ეროვნული ნაკრების შედეგები...

ვაისის PRO და CONTRA
საქართველოს ნაკრებში ადრეც შეცვლილან მწვრთნელები, მაგრამ ამით ჩვენს გუნდს არაფერი შველებია. ჩვენი ოპტიმიზმი, ქვეყნის მთავარ გუნდში ნებისმიერი ახალი დამრიგებლის მოსვლას რომ ახლდა, საპნის ბუშტივით გამსკდარა. ეს კი გვაიძულებს, საქართველოს ნაკრების მწვრთნელზე საუბრისას ძალიან ფრთხილად ვიყოთ.

ფაქტია - ვლადიმირ ვაისი არის მწვრთნელი, ამ სიტყვის ფართო გაგებით. მის ნაკრებში არ არის კონფლიქტები. მან კარგად იცის ფეხბურთელებთან ურთიერთობა და მშვენივრად კითხულობს თამაშს. ძნელად გავიხსენებთ მატჩს, რომელშიც, ეპიზოდურად მაინც, საქართველოს ნაკრებს არ ეჩვენებინოს იმ ფეხბურთის ელემენტები, რომელიც მუდმივად გვინდა, რომ ვნახოთ ჩვენი გუნდის შესრულებით.

როცა ჩვენ ვფიქრობთ ვაისის შესაძლო წასვლაზე, უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რომ მას აუცილებლად სჭირდება შემცვლელი და საქართველოს ნაკრების ისტორიაში ჯერ არ გამოჩენილა მწვრთნელი, ვისი მუშაობითაც ჩვენ ბოლომდე კმაყოფილნი ვყოფილიყავით.

რა გარანტია გვაქვს, რომ წავა თუ არა ვაისი, მაშინვე გამოჩნდება ასეთი სპეციალისტი და წლების განმავლობაში გაფუჭებულ სანაკრებო საქმეს ერთად გამოასწორებს? ამის გარანტია ნამდვილად არ არსებობს.

და მაინც, მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების სადღეისო მდგომარეობა გვაიძულებს, უკეთეს მომავალზე ვიფიქროთ. თუ ასე არ მოვიქცევით, მაშინ, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელს მოვაწერთ იმას, რომ კმაყოფილნი ვართ დღევანდელი მდგომარეობით, ეს კი დიდი ნონსენსია. საქმეს ისეთი პირი უჩანს, საუკეთესო შემთხვევაში, ვერ ავცდებით მეოთხე ადგილს D ჯგუფში და ეს შედეგი დამაკმაყოფილებლად ვერაფრით ჩაითვლება.

არ გვინდა ისე გამოვიდეს, უცხოელ მწვრთნელს, ზოგადად, ნდობის უფრო დიდი ვოტუმი ჰქონდეს ნაკრებში, ვიდრე ქართველ სპეციალისტს. ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, ეროვნულ გუნდს სადღეისო სატურნირო მდგომარეობა თუნდაც მისი ყოფილი მწვრთნელის, კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით რომ ჰქონოდა.

ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, უბრალო გულშემატკივართა დარად, უკმაყოფილონი იქნებოდნენ შედეგით. ყველას გვახსოვს წინაასაარჩევნო პერიოდი. ფედერაციის ახლანდელი შეფობა სამართლიანად იყო უკმაყოფილო სანაკრებო შედეგით და სადაც სამართალია, იქვე ვთქვათ, რომ ამ მხრივ უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა.

გასაგებია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ვაისს კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს, მაგრამ გინდა თუ არა, ისმის კითხვა - ხომ არ ვჩქარობთ? დასრულებულიყო ციკლი და სლოვაკი სპეციალისტისთვის შეთავაზება მერე გაგვეკეთებინა. შექმნილ სიტუაციაში ეს, ალბათ, ყველაზე გონივრული ნაბიჯი იქნებოდა.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ შესარჩევი ციკლის დარჩენილ მატჩებში ჩვენთვის ყველაზე უარესი სცენარი და წამით დავუშვათ, რომ ეროვნულმა გუნდმა წარუმატებლად ჩაატარა დარჩენილი შეხვედრები. რას ვაკეთებთ მაშინ? ცოტა უხერხული ხომ არ არის, კონტრაქტის გახანგრძლივებას რომ ვთავაზობთ იმ მწვრთნელს, რომელსაც შესარჩევ ციკლში არც ერთი მატჩი არ მოუგია? და ეს იმ ჯგუფში, სადაც მოლდოვის ნაკრები გვყავდა?

საქართველოში რამდენი ადამიანიცაა, იმდენი საფეხბურთო გემოვნებაა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ სუბიექტურად ვერ ვიმსჯელებთ. მხოლოდ "რიგ ეპიზოდებში" კარგი თამაში არ კმარა. მწვრთნელის საქმე ასეა: გაქვს შედეგი? მაშინ ყველა ხელისგულზე გატარებს. არ გაქვს? მაშინ ყველა გაკრიტიკებს და ეს უნდა ჩვეულებრივად მიიღო.

მე ასე მგონია - იმ შედეგით, რომელიც ახლა აქვს საქართველოს ნაკრებს, არც ერთ მწვრთნელს, არც ერთ ქვეყანაში, არ შესთავაზებდნენ ახალ კონტრაქტს, თუმცა აქვე ისიც ვიცი, რომ თუ რაიმე ვნებს საქართველოს ნაკრებს, ეს მწვრთნელთა ხშირი ცვლაა...

...ისიც ვიცი, რომ მწვრთნელის მუშაობის ავი და კარგი მხოლოდ შედეგით ფასდება და უკეთესი კრიტერიუმი სხვას ჯერ არ მოუგონია.

ძალიან კარგი იქნებოდა, ამ მნიშვნელოვან საკითხზე საერთო პოლემიკა გაშლილიყო, მაგრამ ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ. კაცი სანამ სამსახურს ელოდება, ბევრს ლაპარაკობს და ხანდახან დიდ სიმართლეებსაც გამოურევს ხოლმე, მაგრამ დასრულდება ეს პერიოდი, დაჯდება თბილ ადგილას და ისე გაისუსება, თითქოს ყველაფერი კარგად იყოს ამ დალოცვილ ფეხბურთსა და, ზოგადად, ჩვენს ცხოვრებაში.

არა, არ შეიძლება ასე, რადგან ფულიცა და ყველა ამქვეყნიური სიკეთეც წარმავალია და რჩება მხოლოდ სახელი, რომელსაც ვერც იყიდი და ვერც ფულით გაიკეთებ. ხანდახან კი დუმილი ოქრო ნამდვილად არ არის, მით უმეტეს, იმ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ ვართ. დაწერ, ვაისი უნდა წავიდესო და ათასი რამ უკან გექაჩება. იცი, რომ ძალიან ბევრი რამ სლოვაკის ბრალი არ არის და ვერც იქნება. დაწერ, უნდა დარჩესო და ახლა ამაზე გეთანაღრება გული: როგორ უნდა დარჩეს, როცა ერთი ოფიციალური მატჩიც კი არ მოუგია?!

სწორედ ამ დროს ფასობს ყველაზე მეტად იმ ხალხის აზრი, ვინც დღემდე მოიტანა ქართული ფეხბურთი და იმათიც, სულ ორიოდე წლის წინ გვარიან ორატორებად რომ მოჩანდნენ ქართულ ფეხბურთში...

როცა ბევრი რამ გვავიწყდება...
საერთოდ, ვერავინ იტყვის, რომ საქართველოს ნაკრების ქრონიკული წარუმატებლობა მხოლოდ მწვრთნელის ბრალია. უბრალოდ, მწვრთნელი პირამიდის თავშია და მისი წარმატებაც კარგად ჩანს და წარუმატებლობაც.

ჩვენ ძალიან ბევრს ვმსჯელობთ მწვრთნელზე და ხშირად გვავიწყდება ის ამბები, რომელთა გარშემოც ქართული ფეხბურთის ძლიერი საძირკველი უნდა შეიქმნას. რა ვუყოთ იმას, რომ ამ ჩვენს ქართულ ფეხბურთში ჯერაც დიდი გასავალი აქვს გავლენიანი ადამიანების სიტყვას და თუ ეს სიტყვა არ წამოგეწია, თუ მწვრთნელთან ან სტაფის რომელიმე წევრთან კარგად ვერ ხარ, პრაქტიკულად შეუძლებელია გუნდის პოვნა.

ჩვენ სანაკრებო ფეხბურთი გვინდა და გვავიწყდება ის, რომ უმდაბლეს დონეზეა ეროვნული ჩემპიონატი, რომელსაც ამ ბოლო ხანს კარგად კი ვაშუქებთ, მაგრამ ეს არ არის ის ჩემპიონატი, სადაც სანაკრებოდ ვარგის ფეხბურთელს იპოვი.

ჩვენ გვინდა ფეხბურთი და არ გვინდა შევიგნოთ, რომ დღევანდელი ფეხბურთი არ არსებობს ნორმალური ინფრასტრუქტურის გარეშე. ალბათ, ყველას აგვერია სათვალავი, რამდენი სტადიონი დავანგრიეთ ამ ბოლო წლებში...

დღევანდელ ფეხბურთში არ არსებობს წვრილმანი და მსხვილმანი საკითხი. ყველა, თვით უმნიშვნელო კომპონენტიც კი, საბოლოო ჯამში, ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს. ძალიან ხშირად ჩვენ ეს გვავიწყდება.

გვავიწყდება ისიც, თუ რამდენი ტალანტი იღუპება უპატრონობით და ფეხბურთისკენ გახედვაც კი აღარ უნდა. მერე ჩვენ ყველანი ერთად მივადგებით ნაკრებს და შედეგს ვითხოვთ. არც ვაისი და არც ვინმე სხვა არ არის ჯადოსნური ჯოხის პატრონი, რომ ეს შედეგი უცბად მოიტანოს.

საერთოდ, ადრე თუ გვიან, ჩვენ საფუძვლიანად უნდა მივხედოთ ჩვენს ფეხბურთს. რა თქმა უნდა, ამას ვერ აკეთებდა წინა ფედერაცია და კითხვები ახალთანაც არის. კარგია ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, მაგრამ კითხვის ნიშნები აქაც ისმის. ზოგადად რომ ვთქვათ, მშვიდად ველოდებით, როდის დაიწმინდება ჩვენს ფეხბურთში წლების განმავლობაში ამღვრეული წყალი. უნდა შევიგნოთ, რომ ეს თავისთავად ვერ და არ მოხდება!

დაახლოებით ის ვარიანტია, კაცი რომ იხრჩობოდა და შველა ღმერთს სთხოვა. არის ერთ გაწამაწიაში და უცბად მოესმა - ხელი გაანძრიე და გეშველებაო. დღეს ჩვენ ძალიან გვეზარება ხელის განძრევა, მხოლოდ და მხოლოდ ინერციით მივყვებით ყოველდღიურობას. ასე კი, არავის არაფერი გამოსვლია და არც ჩვენ გამოგვივა. თუ არა მტკიცე ნება, დღეს ქართული ფეხბურთი ისეთ დღეშია, მას ვერავინ და ვეღარაფერი იხსნის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 33 /
სწორად არის ნააზრევი, ვერც იმას იტყვი რომ არიქა გასაგდებია ვაისიო და ვეერც იმას უნდა დარჩესო.
თუ იმას ვიკითხავთ შედეგი აქვს თუ არაო, სატურნირო ცხრილი უარყოფით პასუხს გაგვცემს, ნაკრების თამაშში არის უკეთესობა აშკარად.
არცერთ მწვრთნელს არ ქონია შედეგი ჩვენს ნაკრებთან, ყველა გაუშვეს უშედეგობის გამო და ვაისიც რომ გაუშვან სხვა მწვრთნელის ხელში იგივე განმეორდება. ეს ყველაფერი მაფიქრებინებს რომ დარჩეს ვაისი და იქნებ შემდეგ ციკლში იყოს შედეგი, თუ არ იქნება და შედეგი გაშვებას რაღა უდგას მერე წინ...
edi
06 სექტემბერი 2017 16:59
7
კაი რა ავტორო ჟურნალისტი ხარ თუ დამსაქმებელი?შენი მოსაწონი მწვრთნელი ხო ვერ მოვიყვანეთ ნაკრებში
Casila
06 სექტემბერი 2017 16:40
6
მოთხრობების წერას ერთი ანალიტიკური სტატია დაგეწერათ უკეთესი იქნებოდა. როგორც თქვენ იძახით, ყველა "ნორმალურ ქვეყანაში" ეროვნული ნაკრები რომ ითამაშებს, ყველა გამოცემა დებს ანალიტიკას. დეტალურად განიხილება ყველა ფეხბურთელის მოქმედება, ტაქტუკური სქემები და ასე შემდეგ. ახსნა არ გჭირდებათ ალბათ, თავად წააწყდებოდით მსგავს რამეს უცხოურ საიტებზე ქართველ ლეგიონერებზე ახალი ამბის ძებნისას მაინც:) თავისუფალი თემები და სადღგრძელოები გვინდა, ნაკლები სიტყვა და ზედაპირულობა, მეტი "ველიუ":)
მიიღეთ როგორც რიგითი მკითხველის დაკვეთა.
nika
06 სექტემბერი 2017 16:34
0
ჩემი აზრით ვაისი უნდა დარჩეს !!!
მწვრთნელების შეცვლით ვერაფერს მივაღწევთ!! ამ კაცმა სლოვაკეთი აქცია ევროპის ერთ-ერთ სტაბილუ გუნდად და აქ ყველაფერი ნათქვამია!!!
პრობლემა ფეხბურთელებშია და რა ქნას მწვრთნელმა ხალხნო??? არაბიძეს რო იძახით გამოდის და რას აკეთებს ეგაც? ჯერ ახალგაზრდაა მასაც განვითარება სჭირდება, თუ მასეთი მაგარია შახტარი ძირითადში რატო არ ათამაშებს? სენტ კიტს და ნევის გაუტანა ერთი და ეგაა!! ახალგაზრდულებში ერთი თამაში ჩაატარა სტაბილურად, უფრო მეტს ველოდებით მაგრამ მასაც დრო და განვითარება სჭირდება !!!
ასე რო მივაქციოთ ყურადღება იმას რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა ითამაშოს სრული საფეხბურთო დრო მოედანზე და სკამზე არ იყვნენ !!
პ.ს. ბათუმში ჯერ კიდე მოედანი არ აშენებულა 10 წელია პროექტს ამტკიცებენ და ფულ ყოფენ და რა განვითარებაზეა საუბარი..
ავთო
06 სექტემბერი 2017 16:14
8
ES UBRALOD ROM VTQVAT GULSHAMATKIVRIS SHEURACYOPAA.MWVRTNELS ROMELSAC ERTI TAMASHIC AR MOUGIA,WIN KIDE ORI TAMASHIA DA EXLA KONTRAQTIS SHETAVAZEBA ,METI ARAPERIA TUARA:ROGORC CHVEN GVINDA ISE IQNEBA!ESKI CHVENI BRALIA,RADGAN AQ KOMENTAREBIS MET ZOMEBS AR VIGEBT,AMAS KI ISEV CHVEN VKITXULOBT MXOLOD....P.S.adamiani romelmac mteli cxovreba pexburtshi gaatara,dges prezidentia pederaciis,tu pexburti uyvars amaze uketesi sashualeba ararsebobs,magram midis politikashi.amitom armjera arc kobisi,arc misi moyvaneli mwvrtnelis
euhh
06 სექტემბერი 2017 16:05
1
გამომდინარე ფედერაციის ბიუჯეტიდან,ინფრასტრუქტურიდა, ეროვნული ჩემპიონატის დონიდან,როგორ გუნდებში თამაშობენ ჩვენი ლეგიონერები და თამაშობენ თუ რა ეგეც საკითხავია და ქვეყანაში არსებული სიციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან,ვართ იქ სადაც ვართ და ეს რეალობაა.უნდა ვაცადოთ ვაისს,მაგრამ პირობით რომ ახალ გუნდს ააშენებს.მაინც ვეღარ გავდივართ და დარჩენილ შეხვედრებში თამამად დააყენოს ახალგაზრდა პერსპექტიული ფეღმურთელები.ეხლა ოღონდ რაღაც შედეგი(თუნდაც 7 ფრე) დადოს და , გუნდში უთამაშებელ ოღონდ წარსულში გამოცდილ ფეღბურთელებს აყენებს,რომლებიც უამრავ შეცდომებს უშვებენ.
ჯუბა
06 სექტემბერი 2017 16:03
3
რომელ პროგრესზეა საუბარი როცა გუნდი შეტევაზე ვერ გადადის ნორმალულად ახალგზრდები სათადაროგოზე ზიან და უკვე ე.წ საპენსიოები თამაშობენ, კაცი რომ ჯიღაურს და არაბიძეს საერთოდ არ ათამამაშებს და ჭოლოხავას ბოლ წუთებზე შემოიყვანს მეტი რაღა უნდა მოთხოვო თუ არა რომ ისევ კორუფციაა
ოჯახის ახლობელი
06 სექტემბერი 2017 15:46
5
თქვენი კომენტარის საწინააღმდეგოდ მარკო არნაუტოვიჩი ასეთ კომენტარს აკეთებს "ჩემთვის, საქართველოს ნაკრები ჯგუფში ყველაზე ძლიერი მეტოქეა. მათ უნდა მოეგოთ ირლანდიელებთან მატჩში. ამ გუნდს უნდა მოეგო უელსისთვისაც. არ შეიძლება ამ გუნდის დაუფასებლობა, თითქოს, საქართველო სუსტი მეტოქეა.
მათ აქ დასაკარგავი არაფერი ჰქონდათ, ჩამოვიდნენ აქ ქულებისთვის. მათ ს უ პ ე რ კ ო ნ ტ რ შ ე ტ ე ვ ა შემოგვთავაზეს"(ხაზგასმა ჩემია) არამგონია ვესტ ჰემის მოთამაშე მარკო ვაისის ოჯახის ახლობელი იყოს.
gizog
06 სექტემბერი 2017 17:42
0
კაი წერილი დასაფიქრებელი
gogia
06 სექტემბერი 2017 15:37
5
იმედი მაინც გაჩნდა ამ მწვრთნელის ხელში და ამ იმედსაც ნუ მოვკლავთ
barbare
06 სექტემბერი 2017 15:17
8
იმედი კაია მაგრამ შედეგი? რა არის კრიტერიუმები მწვრთნელის შეფასების? უპასუხისმგებლოა ფედერაცია. სულ ცოტა განცხადება უნდა გაეკეთებინათ რატომ სთავაზობენ ახალ კონტრაქტს. იმედი და თამაშის ხარისხი კიდევ სუბიექტური ცნებებია და ვერ გაზომავ, ასე რომ უვარგისია შეფასებისთვის
gia
06 სექტემბერი 2017 15:35
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული