მედიის ფუნქცია კი ისაა, ამა თუ იმ შემთხვევაში მთავარი მწვრთნელის მოკავშირე იყოს და საჭიროების შემთხვევაში, მიეშველოს მას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, რადგან, როცა საქმე ეხება საქართველოს ნაკრებს, ჩვენ განზე ვერაფრით გავდგებით - ეს ნაკრები არის მთელი ქვეყნის და, მათ შორის, ჩვენი საკუთრებაც.
შორს ვარ იმ
მეორეც, დავუშვათ, ვინც ეს სია უნდა დაწეროს, მათაც კარგად იციან, რომ საქართველოს ნაკრებისა და, ზოგადად, ნებისმიერი გუნდისთვის ასეთი მიდგომა დამღუპველია.
არც ისეა საქმე, ვაისს დღენიადაგ დავუწუნოთ სანაკრებო ჩამონათვალი და ვთქვათ, რომ არასწორად შერჩეული კადრების გამო არ გვაქვს თუნდაც ერთი გამარჯვება შესარჩევ ციკლში. საქართველოში საფეხბურთო რესურსი და არჩევანი დღეს ძალიან შეზღუდულია. ჩვენ არ ვართ, ვთქვათ, საფრანგეთი, სადაც ერთი-ორი ვარსკვლავი სხვადასხვა (საფეხბურთო თუ არასაფეხბურთო) მიზეზის გამო მუდმივად რჩება ქვეყნის პირველ გუნდს მიღმა...
და მაინც, სადაც არსებობს ერთი, იქ არსებობს მეორე აზრიც. დღეს ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე უნდა დავწეროთ - მოთამაშეზე, რომელიც, ჩემი აზრით, იმსახურებს თუნდაც ერთ შანსს საქართველოს ნაკრებში თავის დამკვიდრებისთვის.
საქმე ეხება ლუკას ჰუფნაგელს, მამით გერმანელ და დედით ქართველ ცენტრალურ ნახევარმცველს, ვინც ამჟამად გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბინადარ "ნიურნბერგში" თამაშობს. აგერ, ბოლო ტურიც რომ ავიღოთ, ის შეცვლაზე შევიდა, თუმცა თითქმის მთელი შეხვედრა ითამაშა. ამ თემას ერთი წერილი ადრე უკვე მივუძღვენით, დღეს კი ვეცდებით, საკითხი სხვა ჭრილში დავინახოთ.
ჰუფნაგელი არ არის ზეეფექტური ფეხბურთელი, რომელიც განსაკუთრებულ ტრიუკებს გვთავაზობს მინდვრის ცენტრში. ის თამაშობს ძალიან სწორ და თანამედროვე ფეხბურთს. მისი გამოყენება აშკარად შეიძლება თუნდაც ოფიციალური მატჩებისას, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი აზრია. აი, ის კი, ალბათ, ეჭვგარეშეა, რომ მას შანსი აუცილებლად უნდა მიეცეს თუნდაც ამხანაგურ შეხვედრებში. ამის შემდეგ ვაისმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სჭირდება თუ არა მას ეს ფეხბურთელი ოფიციალური მატჩებისთვის.
აქამდე, ჰუფნაგელს მხოლოდ ერთი სანაკრებო შანსი მიეცა. ეს იყო ამხანაგური შეხვედრა ესტონეთის ნაკრებთან, კახა ცხადაძის მწვრთნელობის დროს. იმ დროს, როცა ლუკასი მინდორზე შევიდა, საქართველოს ნაკრების ბედისწერის ჩარხი იმ კონკრეტულ, მეტად უცნაურ და ჩვენთვის ცუდად გასახსენებელ შეხვედრაში უკუღმა იყო დატრიალებული. მოცემულ მომენტში თამაშის მსვლელობას ჰუფნაგელი კი არა, მასზე ბევრად ძლიერი ფეხბურთელიც ვერ შეცვლიდა...
ახლა ვიმსჯელოთ პრაგმატულად. ფეხბურთს არ უხდება მშრალი სჯა-ბაასი, მაგრამ ხანდახან არც ამის გარეშე შეიძლება. მოდით, პირდაპირ დავწეროთ: ფეხბურთელი, რომელსაც ასე თუ ისე აქვს სათამაშო პრაქტიკა გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში, იმსახურებს შანსს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.
გავრისკავ და ვიტყვი - იგივე "ნიურნბერგი" სიძლიერით აშკარად აღემატება ბევრ იმ კლუბს, რომლებშიც თამაშობენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები. ჯერ ერთი, გერმანიის მეორე ბუნდესლიგა იმ დონის ტურნირია, იქ სუსტი ფეხბურთელი ვერ ითამაშებს. მეორეც - გამოვრიცხავ, მოთამაშე ნაცნობ-მეგობრობითა თუ პროტექციის სხვა ფორმით მოხვდეს ისეთ ტრადიციულ კლუბში, როგორიც "ნიურნბერგია".
კი, შესაძლოა, ჰუფნაგელს არ აქვს უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა ამ კლუბში, მაგრამ თუ საქმე ამაზე მიდგა, არც ჩვენი ნაკრების ფეხბურთელთა უმრავლესობა თამაშობს 90 წუთს თავის ამჟამინდელ კლუბში. რად უნდა ბევრი მტკიცება იმას, რომ მენტალურად და ფიზიკურად გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელი გაცილებით უკეთესად იქნება მზად, ვიდრე ევროპის საშუალოზე დაბალი პირველობის წარმომადგენელი.
მორალურ ასპექტსაც რომ შევხედოთ, სანაკრებო შანსს ალბათ იმსახურებს ის ფეხბურთელი, ვინც თავის დროზე დაუფიქრებლად მიიღო საქართველოს მოქალაქეობა იმისთვის, რომ გამოსდგომოდა ჩვენს ნაკრებს...
ზოგადად, ვაისი ძალიან კონსერვატორია სანაკრებო სიის შერჩევისას და ის ძირითადად იმ შემადგენლობას ეყრდნობა, საქართველოში ჩამოსვლის დროს თავიდანვე რომ ჰქონდა მონახაზად. ეს გასაგებია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ნაკრები ცოცხალი ორგანიზმია და ის ვერაფრით გაექცევა სიახლეებს. მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ ვაისი მომავალ შესარჩევ ციკლშიც იქნება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"