შეგპირდით, რომ ფეხბურთში ჩახედული ხალხისა და გულშემატკივრების აზრებს გაგაცნობდით. ვასრულებთ პირობას და ვეცდებით, მომავალშიც არ მოვაკლოთ ყურადღება ტურნირს, რომელმაც ქართულ საფეხბურთო თემში გარკვეული ინტრიგა შემოიტანა...
ამ დონეზე თამაშიც პრესტიჟის შელახვაა
ზაზა ახალაია, გულშემატკივარი, ბლოგერი: "ერთა ლიგასა და ოქტომბერში უელსსა და სერბეთთან ჩასატარებელი მატჩების შედეგების მნიშვნელობაზე ვიტყვი: ერთა ლიგაზე დივიზიონები 11 ოქტომბერს, შესარჩევი ეტაპის მატჩების შემდეგ რეიტინგში არსებული მდგომარეობით შედგება. თუ საქართველომ დარჩენილ
პირადი ჩემი დამოკიდებულებაა: მირჩევნია, C დივიზიონში ვითამაშოთ ნორმალური სიძლიერის ნაკრებებთან, ვიდრე D-ში.
C დივიზიონში მატჩებიც საინტერესო იქნება და თუ საგზური მოვიპოვეთ, ისეთივე უხერხულობის განცდა არ იქნება, როგორიც - D დივიზიონის სუსტ ნაკრებებთან. თუმცა, იქ შესაძლებელია მეტოქეთა შორის იყვნენ სომხეთი, ბელარუსი და მაკედონია.
D დივიზიონის დონეზე თამაშიც პრესტიჟის შელახვაა, ხოლო საგზურის ვერმოპოვება - დიდი სირცხვილი".
ჩვენი ნაკრებისთვის მისწრებაა...
ლევან სალუქვაძე, სპორტული კომენტატორი, თბილისის "დინამოს" პრეზიდენტის მრჩეველი: "ჩემი აზრით, ეს ჩვენთვის ძალიან კარგი ტურნირი იქნება. შესარჩევი ციკლი არ გაუქმებულა და კიდევ ერთი ტურნირი დაგვემატა, რომელიც ნაკრებს წაადგება.
მეორე მხარეც არის - ხომ ვიცით, ჩვენი რეიტინგიდან გამომდინარე, ნაკრებებისთვის ამხანაგურ შეხვედრაზე ვინმეს დათანხმება როგორი ძნელი საქმეა. ერთა ლიგაზე კი, შესარჩევი ციკლის პარალელურად, წელიწადში 6 გარანტირებული თამაში გველის დაახლოებით ჩვენი დონის გუნდებთან და ეს ნაკრების შესათამაშებლად მისწრება იქნება. რაც მთავარია, საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის მშვენიერი შანსი უჩნდება.
ახალმა ტურნირმა "სილკ-ტვ" ისე დააინტერესა, ყველაფერს გავაკეთებთ, ამ ტურნირის რეპორტაჟების უფლება რომ ვიყიდოთ. აქ ლაპარაკია არა მხოლოდ საქართველოს ნაკრების მატჩებზე, არამედ, მთელ ტურნირზე, რადგან ბევრი საინტერესო შეხვედრა გაიმართება".
კასტური წყობის სიკეთე
აკაკი ასათიანი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე: "წლების წინ, ფრანც ბეკენბაუერმა გააჟღერა იდეა, რომელიც რეალურად რომ ვთქვათ, მიზნად მდიდრებისა და ღარიბების გამიჯვნას ისახავდა. ეს იდეა მხოლოდ მას არ ეკუთვნოდა - "კაიზერი" გარკვეული პოლიტიკური და ფინანსური ჯგუფების ინტერესებს გამოხატავდა.
არ დავმალავ, ერთა ლიგაში ქვეყნების დივიზიონებად დაყოფა დაახლოებით იმას ჰგავს, ინდოეთში ხალხს კასტებად რომ ახარისხებენ. უეფაშიც დაახლოებით ასე გადაწყვიტეს. ამერიკელები უფრო დემოკრატიულ მიდგომას ამჯობინებენ. ამაზე დრაფტის სისტემა მეტყველებს, სადაც საუკეთესო ტალანტის არჩევის უფლება ყველაზე სუსტსა და ღარიბსაც აქვს. ევროპა კი მდიდრებმა წალეკეს.
მაგრამ ერთა ლიგაში დაჯგუფება ჩვენთვის სასურველი ჩანს. D დივიზიონში ისეთი ნაკრებები არიან, აქედან ევროპის ჩემპიონატზე უნდა მოვხვდეთ. ასე თუ არ მოხდა, მაშინ ჩვენივე ბრალი იქნება, თუ ამ შანსს ვერ გამოვიყენებთ.
ახლა მთავარია, ამ კასტურ წყობაში დაბალი საფეხურიდან აღმასვლა დავიწყოთ. საკუთარ თავს ისევ ჩვენ უნდა მივხედოთ".
შესაძლოა, ეს დიდი ბიძგი იყოს...
დავით იაკობიძე, საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი: "იდეას უეფას 20 სექტემბრის კონგრესის გადაწყვეტილებამდე გავეცანი და მიმაჩნია, რომ ის საქართველოსთვის მისაღებია. ასევე მისაღებია, ნაკრებები რეიტინგის გათვალისწინებით რომ დაახარისხეს. მიმაჩნია, რომ დაახლოებით თანაბარი დონეებიდან და სტიმულიდან გამომდინარე, ყველა ჯგუფში ნამდვილი კონკურენცია იქნება.
გერმანია სან მარინოს რომ შეხვდება, იქ ყველაფერი გარკვეულია. მაგრამ სან მარინო გიბრალტარს რომ დაუპირისპირდება, იქ შანსები 50/50-ზე იქნება. ბევრი მხარე მოგვარდება. მაგალითად, ის, რომ გავლენიანები აღარ იქნებიან და ეს მხარე განეიტრალდება. ხომ გვახსოვს, ამის გამო რამდენჯერ დავზარალდით. მეორე მხრივ, სუსტი გუნდების თამაშებზე ჩვენთან ხალხი არ ივლის, მაგრამ სომხეთთან, ლიტვასა და ბელარუსთან ინტერესი იქნება.
საერთოდ, ფეხბურთს დიდი ძალა აქვს, ის გავლენას ახდენს სოციალური პრობლემების მოგვარებაზეც, პოლიტიკურ გარემოზეც და ადამიანების განწყობაზეც. დარწმუნებული ვარ, 13 მაისი რომ არ ყოფილიყო, 9 აპრილიც არ გვექნებოდა, რადგან 1981 წლის თბილისის "დინამომ" ერში დიდი გამარჯვების იმედი დაბადა.
ამიტომაც მიმაჩნია, რომ ჩვენი ფეხბურთის განვითარებას, ამ ტურნირზე წარმატებულმა გამოსვლამ, შესაძლოა, დიდი ბიძგი მისცეს".
ეს ეროვნულ ლიგასაც წაადგება...
ნოდარ სიმსივე, მსახიობი და სპორტული კომენტატორი: "ამ შემთხვევაში ვილაპარაკებ არა როგორც კომენტატორი და მსახიობი, არამედ, როგორც ქართული ფეხბურთის რიგითი გულშემატკივარი. მხოლოდ საქართველოს ნაკრების თამაშებზე არ დავდივარ, ეროვნული ლიგის თამაშებსაც სისტემატურად ვესწრები.
მიმაჩნია, რომ ჩვენი ნაკრების შედეგებიდან და რეიტინგიდან გამომდინარე, ქართველი გულშემატკივარი უეფასგან უკეთეს საჩუქარს ვერც ინატრებდა.
ერთა ლიგა არის იდეალური შანსი, რათა, ბოლოს და ბოლოს, ქართველ გულშემატკივრებსაც გვეღირსოს ეროვნული გუნდის ევროპის ჩემპიონატზე ხილვა. არავინ უწყის, ასეთი დონის ტურნირზე გასული საქართველოს ნაკრები რა ფეხბურთს ითამაშებს და თავს როგორ წარმოაჩენს.
პირადად ჩემთვის სასიამოვნო იქნება, რომ ბილეთი ვიყიდო, ევროფორუმზე ჩვენი ნაკრების თამაშს დავესწრო ან მისი შეხვედრა წავიყვანო. ეს ერთი ნაბიჯი ჩვენი ფეხბურთისთვის, შესაძლოა, დიდი სტიმული და ბიძგი აღმოჩნდეს. რაც ყველაზე მთავარია, დარწმუნებული ვარ, ამით ეროვნული ლიგის პოპულარიზაციისთვის უდიდესი ნაბიჯი გადაიდგმება.
მთავარი სწორედ ეს არის, რადგან ჩვენი ფეხბურთის მასაზრდოებელი ეროვნული ლიგაა და მისი განვითარება ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"