საბედისწერო გამოკვლევა - ბეილის არყოფნა უელსის შანსებს საქართველოსთან ამცირებს

AutoSharing Option
გარეთ ბეილი საქართველოსთან მატჩის განაცხადში არ იქნება. 28 წლის უელსელი ვარსკვლავის გარშემო სიტუაცია კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება. გუშინდელი ინფორმაციით, ბეილს საქართველოსა და ირლანდიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებში უნდა ეთამაშა. "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მას მწვანე შუქი აუნთო, მაგრამ... გუშინ მოვლენები სხვანაირად განვითარდა...

"სქაი სპორტის", "გარდიანისა" და სხვა ბრიტანული წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამატებითმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ბეილი არ არის საკმარისად ჯანმრთელი იმისთვის, რომ საქართველოსა და ირლანდიასთან შეხვედრებში ითამაშოს.

უელსის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, ამ ორი შეხვედრის განაცხადში არ
შეეყვანა ბეილი. ეს მათთვის ნამდვილი შოკი აღმოჩნდა, რადგან სჯეროდათ, რომ ზიდანის ბოლო სიტყვების შემდეგ ის აუცილებლად ითამაშებდა უახლოეს ორ მატჩში.

"გარდიანი" ვარაუდობს, რომ ბეილის არყოფნა განსაკუთრებული შანსი იქნება უელსელთა ახალგაზრდა ვარსკვლავ ბენ ვუდბერნისთვის. წყაროს მტკიცებით, 17 წლის ნიჭიერ შემტევს თბილისში სასტარტო შემადგენლობაში უნდა ველოდოთ. გასულ თვეში ვუდბერნმა დიდებული შოუ დადგა, როცა შეცვლაზე შევიდა და 5 წუთში უმნიშვნელოვანესი გოლი გაუტანა ავსტრიას. სამი დღის შემდეგ კი მან მოლდოვასთან მატჩშიც გამოიჩინა თავი.

როგორც ჩანს, ბეილის ტრავმასთან დაკავშირებული საგა საბოლოოდ დასრულდა. ოდნავ მოგვიანებით უელსის საფეხბურთო ასოციაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველოსა და ირლანდიასთან მატჩებში ბეილი ნაკრებს ვერაფრით დაეხმარება.

"უელსის საფეხბურთო ასოციაცია ოფიციალურად ადასტურებს, რომ გარეთ ბეილი გამოტოვებს მსოფლიოს ჩემპიონატის ორ შესარჩევ მატჩს საქართველოსა და ირლანდიის წინააღმდეგ. ბეილი ჩამოვიდა ნაკრებში კვირას, დღეს კი ის, "რეალთან" შეთანხმების საფუძველზე, გაგზავნილ იქნა სამედიცინო გამოკვლევაზე, რომელმაც გვაჩვენა, რომ ის არ არის ჯანმრთელი იმისთვის, რომ ითამაშოს. მის ნაცვლად უელსის ნაკრებს შეუერთდება "ბარნსლის" თავდამსხმელი ტომ ბრედშოუ", - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

უელსის იმედები მცირდება
ჩვენთვის საინტერესო მასალას აქვეყნებს "სპორტსდეილი":

"ზინედინ ზიდანმა თქვა, რომ გარეთ ბეილის ტრავმა მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ დღეს საბოლოოდ გაირკვა, რომ ის საქართველოსა და ირლანდიასთან მატჩებს გამოტოვებს. შესაბამისად, კრის კოულმენს ერთადერთი შანსი რჩება - მან უნდა მოახერხოს ამ ვაკუუმის შევსება.

შექმნილ სიტუაციაში იდეალური ვარიანტი ძირითად შემადგენლობაში ბენ ვუდბერნის გამწესება იქნება. ფაქტია, ბეილის არყოფნა მნიშვნელოვნად შეამცირებს უელსის შანსებს, ითამაშოს 2018 წლის მუნდიალზე. ახლა ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმზე მეტი უნდა მოსთხოვოს საკუთარ თავს, რათა მოხდეს ბეილის ჩანაცვლება. თუ გავითვალისწინებთ, რა ძალას წარმოადგენს უელსელთა მთავარი ვარსკვლავი მისი გუნდისთვის, ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება.

კოულმენმა, უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგიური კუთხით უნდა შეძლოს ფეხბურთელების განწყობა. თითოეული მოთამაშე ისე უნდა გავიდეს მინდორზე, როგორც უკანასკნელ ომში. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ექნება შანსი უელსის ნაკრებს, წარმატებით ითამაშოს ორ უახლოეს შეხვედრაში".

კრის კოულმენი: უკან ვერ დავიხევთ!
"ჩვენთვის ეს ორი მატჩი ფინალის ტოლფასია. მხოლოდ ქულათა მაქსიმუმის დაგროვება მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მეორე ადგილი დავიკავოთ ჯგუფში და ვითამაშოთ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრ პლეი-ოფში. ეს არის ჩვენი მიზანი, რომელსაც უნდა მივაღწიოთ", - თქვა უელსის ნაკრების მწვრთნელმა კრის კოულმენმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
კი მარა იმას ვერ ხვდებით, რომ ბოლო 2 თამაში ჯობს წავაგოთ რო D დივიზიონში მოვხვდეთ იმ ახალ ფორმატში ? როგორც გადავითვალე უელსთან რომ მოვიგოთ და სერბეთთან წავაგოთ დიდი ალბათობით დავრჩებით ბოლო 16ეულში რაც D დივიზიონის საგზურია მარა ეხა გაიგიჟებენ ჩვენები თავს და ორივე თამაშს მოიგებენ )))) 4 ქულა დამღუპველი იქნება, C-ში ამოვყოფთ თავს ))
nicolas
19:47 04-10-2017
1
დაუდეთ ტრილიონი საქართველოს წაგებაზე და შეირგეთ. ბეილის არჩამოსვლაც ამისი მთავარი შემადგენელი ნაწილია, სხვაგვარად გადაიტენებოდა ტოტალიზატორები მთელ მსოფლიოში უელსის მოგებაზე. ახლა კი ჩაურთეს ხელის ვითომცდა ტორმუზი, იმიტომ რომ ბეილის გარეშე უელსი ერთი ჩვეულებრივი ჯოგია და სანამ დიდ ფულს ვინმე გარისკავს, ათასჯერ დაფიქრდება გარისკოს თუ არა. მაგრამ უელსი საქართველოს ნაკრებს მაინც ყველგან მოუგებს ამჟამად, ნებისმიერი შემადგენლობით.
................
16:24 04-10-2017
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული