მოვიტყუებით, რომ დავწეროთ არნახულ საფეხბურთო აჟიოტაჟზე. როგორც ჩანს, მასპინძლები დარწმუნებულნი არიან დღევანდელ გამარჯვებაში. ერთადერთი, ვინც მომავალი თამაშის შესახებ ჩამოგვიგდო სიტყვა, ტაქსის მძღოლი გახლდათ, ვინც წარმატებები გვისურვა, მაგრამ ისიც დაამატა, ჩვენები მოიგებენო.
თუ მთელი დღის განმავლობაში მზიანი დარი იდგა ბელგრადში, საღამოს ამინდი შეიცვალა და ცოტა წამოწვიმა. "მარაკანაზე", რომელიც 55 538 მაყურებელს იტევს, დღეს საღამოს ანშლაგს ელიან. ახლა დროა, სიტყვა მივცეთ ვაისს, სლავოლიუბ მუსლინმა
- სერბეთის ნაკრები ფანტასტიკური გუნდია. მისი ფეხბურთელები ევროპის წამყვან ლიგებში თამაშობენ. შემიძლია ვთქვა, რომ ჯგუფის საუკეთესო კრებულს ვეთამაშებით. როცა ნაკრები თამაშობს, ყველა მატჩი მნიშვნელოვანია.
კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მხოლოდ ფრეები გვაქვს. ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს სერბეთს. რაც შეეხება ჩემს მომავალს, დაველაპარაკები ლევან კობიაშვილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. ვიტყვი "ჰოს" ან "არას".
- საქართველოს ნაკრები იმიტომ ხომ არაა ბელგრადში, რომ სერბების იმედები დაანგრიოს?
- ჩვენ ჩამოვედით აქ იმისათვის, რომ ვითამაშოთ კარგი ფეხბურთი. ვიცით, რომ სერბეთის ნაკრების ბევრი ქომაგი იქნება სტადიონზე. 50 ათასი გულშემატკივრის მოლოდინია. მოგება თუ ფრე იქნება კარგი შედეგი, ეს არ ვიცი. სერბეთს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს.
- შეიძლება თუ არა, ერთა ლიგის ახალი ფორმატი გახდეს საქართველოს ნაკრებისათვის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის საუკეთესო გზა?
-არ ვიცი, დავრჩები თუ არა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მაგრამ ეს საქართველოს ნაკრებისათვის კარგი შანსია. ამ გუნდში არის ბევრი ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელთაც შეუძლიათ მომატება. ეს არის ძალიან კარგი პროექტი. ეს ჩვენთვის დამატებითი შანსია. მე ამ ეტაპზე მხოლოდ ხვალინდელ შეხვედრაზე ვფიქრობ.
- თქვენთვის მოტივაცია რა არის ხვალინდელ მატჩში?
- ტრავმების გამო გვაკლია სამი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი – მჭედლიძე, ოქრიაშვილი და ანანიძე. ჩვენ იმავე შემადგენლობით ვართ, რომელიც თბილისში გვყავდა. ჩვენთვის ყველა მატჩი არის ძალიან მნიშვნელოვანი.
- სერბეთის ნაკრები შინ დომინანტურ ფეხბურთს თამაშობს. ფაქტია, წნეხი დიდი იქნება. როგორი ტაქტიკა უნდა დავუპირისპიროთ ზემოტივირებულ მასპინძლებს?
- ჩვენი მეტოქე მართლაც დომინირებს საშინაო შეხვედრებში. რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი ტაქტიკური მონახაზი. ახლა ამის თაობაზე დაწვრილებით ვერ ვისაუბრებ. ჯგუფის ბოლო თამაშია და გარკვეულწილად შეიცვლება ტაქტიკური სქემა. სამი-ოთხი ახალი ფეხბურთელი გამოჩნდება მინდორზე.
გიორგი მერებაშვილი: სამწუხაროდ, აღარ გვაქვს ჯგუფიდან გასვლის შანსი, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. მოტივაცია დიდია. რთული თამაში იქნება. ჩვენ გამარჯვება არ გვაქვს. ვეცდებით, ნავსი გატყდეს.
- თუ ესაუბრეთ თქვენს ყოფილ თანაგუნდელებს "ვოევოდინაში"?
- დუშან ტადიჩი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჩვენ ბოლო დროს არ გვისაუბრია. ჩვენ ვმეგობრობთ, მაგრამ ხვალ ეს მეგობრობა გვერდზე გადაიდება. თუ მინდორზე გავალ, მაქსიმუმს გავაკეთებ ნაკრებისათვის.
- თქვენ არაერთხელ გითამაშიათ ამ სტადიონზე...
- პირველად "დინამოსთან" ერთად უნდა მეთამაშა აქ, მაგრამ ბარათების გამო გამოვტოვე ის შეხვედრა. მერე "ვოევოდინასთან" ერთად ვითამაშე არაერთხელ. გულშემატკივარი აქ მეთორმეტე მოთამაშეა, მაგრამ ჩვენ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ.