ახლა მომხდარის შეფასების ჟამი დგას და ჩვენც ქართული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდის, ვლადიმერ გუცაევის შეწუხება მოგვიხდა. მან ტრადიციულად მწვავედ ისაუბრა არსებული რეალობის შესახებ...
ვერავის შევაქებთ...
- თავდაპირველად შევაფასოთ საქართველოს ნაკრების ასპარეზობა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, თუმცა შესაფასებელი, ალბათ, ბევრიც არაფერია - შედეგი თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე...- დღეს ბევრი ლაპარაკობს იმაზე, რომ საქ
ეს ფაქტია, მაგრამ მარტო ასე ზოგადი ლაპარაკით არ გამოვა არაფერი და ეს არც ჩვენი ფეხბურთის უკეთეს ხვალინდელ დღეს არგებს. მიხედვა უნდა ქართულ ფეხბურთს, სერიოზული მიხედვა.
მარტო ნაკრებით მსჯელობა, რომ ჩააცვა ფორმა და გაუშვა თამაშზე, არ არის საკმარისი. ჩვენი პრობლემები სათავეს უფრო სიღრმიდან იღებს. დღეს ისეთი ვითარებაა, რომ ვერავის შევაქებთ.
ნაკრებისთვის ფეხბურთელი სადმე ხომ უნდა გაიზარდოს? პირველ რიგში, ინფრასტრუქტურას უნდა მივხედოთ. აქამდეც უნდა მიგვეხედა. უნდა მივხედოთ ბავშვთა ფეხბურთს.
სად თამაშობს დღეს ჩვენთან იმდენი ბავშვი ფეხბურთს, რამდენიც თამაშობდა ადრე?! ფეხბურთი მასობრივი სპორტია, მთელი საქართველო ადრე ფეხბურთს თამაშობდა...
დღეს მძაფრად დგას სტადიონების პრობლემა. ბევრი ბავშვი მარტო იმიტომ ვერ დადის ფეხბურთზე, რომ სახლთან ახლოს არ აქვს სტადიონი და მშობელი ერიდება შორ გზაზე მის გაშვებას.
არის მატერიალური ფაქტორიც. სტადიონები უნდა გაკეთდეს აუცილებლად, თუ გვინდა, რომ უკეთესობა იყოს. არ არის აუცილებელი, გიგანტური სტადიონები იყოს, ორი-სამიათასიანი კომპლექსებიც საკმარისია და ჰქონდეს გარშემო 5-6 სავარჯიშო მინდორი, როგორც ეს ევროპაშია.
აგერ, რა დღეშია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები. ეს ხომ ქართული ფეხბურთის მომავალია?! ფარერებზე წაგება ძალიან მტკივნეულია ყველასთვის. მგონი, იქ სულ 15 ბავშვი თამაშობს ფეხბურთს, აარჩიეს 11 საუკეთესო და მოგვიგეს.
ქართულ ფეხბურთში ძირეული რეფორმებია გასატარებელი და სანამ ეს არ მოხდება, რთულია რამეზე ლაპარაკი. მესმის, რომ ნაკრები ყველას აინტერესებს, მაგრამ ეს ნაკრები ცალკე, ქართული საფეხბურთო მეურნეობისგან მოწყვეტილად, ხომ ვერ განვითარდება?!
არ გვყავს იმ დონის ფეხბურთელები...
- და მაინც, ცალკე უნდა გკითხოთ საქართველოს ნაკრებზე...- ყველას მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, პირდაპირ უნდა ვთქვა ჩემი აზრი. ჩვენ არ გვყავს იმ დონის ფეხბურთელები, რომლებიც ბოლომდე დააკმაყოფილებენ საერთაშორისო დონესა და მოთხოვნებს.
სანაკრებო ფეხბურთი სულ სხვა დონეა, სხვა მოთხოვნებია, სხვა სიჩქარეები... და ამას ყველა ვხედავთ. ასევე ყველამ კარგად ვიცით, რა დონის კლუბებში თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები და ძალიან ხშირად იქ ძირითად შემადგენლობებში მოხვედრაც უჭირთ.
ეს ხომ შემთხვევით არ ხდება?! კიდევ ერთხელ ვამბობ - ცალკე აღებული სანაკრებო ფეხბურთი ვერაფრით განვითარდება. ჯერ თუნდაც კლუბებს სჭირდებათ მიხედვა.
რამდენი მსხვილი კომპანიაა დღეს საქართველოში?! რა მოხდება, ისინი მეტად რომ ჩავრთოთ ჩვენს ფეხბურთში, კლუბები რომ ჩაიბარონ ფინანსური კუთხით?! დიდი რეფორმებია გასატარებელი. ადრეული გამოცდილებიდან ყველაფრის წყალში გადაყრა როგორ შეიძლება? მწვრთნელთა სკოლა იყო, მსაჯთა სკოლა იყო... ჩემი აზრით, ეს დღესაც ძალიან გვჭირდება.
...ასე არაფერი შეიცვლება
- რას ფიქრობთ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისზე?- ვლადიმირ ვაისზე ვერც კარგს ვიტყვი და ვერც ცუდს. საერთოდ ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი - ის, რაც დღეს ხდება, ვაისის ბრალი არ არის. საქართველოს ნაკრებს ვაისამდე, მგონი, 15 მწვრთნელი ჰყავდა და ვერავინ დადო ის შედეგი, რომელიც გვინდოდა.
რა გამოდის? პრობლემა მწვრთნელში კი არა, სადღაც სხვაგანაა. დამიჯერეთ, ვაისი წავა, მოვა სხვა და არაფერი შეიცვლება... ჩვენ ამის გამოცდილება უკვე გვაქვს, ეს წარსულმა გვასწავლა.
ალბათ, რაღაც არის შესაცვლელი. ორი მილიონი რომ მისცე დღეს კლუბს, ხვალ აღარ ექნება ეს ფული. ფული უნდა ჩაიდოს ინფრასტრუქტურაში - ეს არის გათვლა ხვალინდელ დღეზე.
- ნუთუ, იმის რესურსი მაინც არ გვაქვს, რომ შესარჩევ ციკლში ერთი თამაში მოვიგოთ?
- ფეხბურთი ძალიან რთული რამაა. არ არის ისე, რომ მარტო დახატო რაღაც დაფაზე, გახვიდე და მოიგო. კი, ყველა დახატავს - შენ აქედან ჩააწოდე, შენ იქ გაიხსენი, შენ იქ დახვდი ბურთს და გაიტანე... მაგრამ ყველაფერს შესრულება სჭირდება. არ არის ეს ისე იოლი, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით გარედან ჩანდეს.
- ერთა ლიგის გათამაშებას როგორ უყურებთ?
- თავის დროზე თქვა ფრანც ბეკენბაუერმა - ევროპა უნდა დაიყოსო და ეს ამ გზაზე პირველი ნაბიჯია. გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ ამგვარი დაყოფა თუნდაც დიდი გუნდებისთვის ძალიანაც მისაღებია.
მაგალითად, ინგლისის ნაკრებმა რამხელა მანძილი უნდა გაიაროს, ყაზახეთში რომ ჩავიდეს? თავად ვიყავი ფეხბურთელი და გეტყვით, რომ ძალიან ძნელია. მით უმეტეს, ურთულდება საქმე მწვრთნელს ფეხბურთელის მოტივაციის კუთხით... მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ჩვენი შანსია.
- თქვენი აზრით, რეალურად რა რესურსი გვაქვს დღეს?
- თუ იქნება სწორი მიდგომა, თუნდაც ამ ახალ სქემაში, ჩვენ შეგვიძლია, კარგი გუნდი გვყავდეს. ვიჭიდაოთ თუნდაც ყოფილი საბჭოეთის წარმომადგენლებთან.
ფაქტები ყველაფერზე მეტყველებს...
- სულ მინდოდა, ეს შეკითხვა ჩვენი "ოქროს თაობის" რომელიმე წარმომადგენლისთვის დამესვა და ახლა ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებ. წამით დავუშვათ, რომ საქართველო დამოუკიდებელი ყოფილიყო თქვენი ფეხბურთელობისას. შეძლებდით ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას?- მიმაჩნია, რომ ჩვენი თაობა არის დაჩაგრული თაობა. ამაზე ცოტა ქვემოთ ვიტყვი, ჯერ კითხვას ვუპასუხებ. მაშინდელმა "დინამომ" მოუგო იმ "ლივერპულს", რომელშიც თამაშობდა ინგლისის ნაკრების 7 ფეხბურთელი. დავამატოთ ამას კეისი, დალგლიში და საუნესი.
ჩვენ მოვუგეთ "ინტერს", თანაბრად ვეთამაშებოდით "რეალს" და ანგარიშიც მიგვყავდა "ბაიერნთან" შეხვედრაში. ეს ის შემთხვევაა, როცა ფაქტები თავად მეტყველებს ყველაფერზე...
მაგრამ დღეს ჩვენი თაობა გარიყულია. იმ თაობიდან არავინ მუშაობს საქართველოს ნაკრებში. საშა ჩივაძე იყო ახალგაზრდულის მწვრთნელი. ახლა აღარ არის. ჩივაძეში ხომ არ ყოფილა პრობლემა? რა, უკეთესი შედეგი გვაქვს ახლა? 19-წლამდელთა ნაკრებში ვმუშაობდი. თამაში რატომ წააგეო. ბავშვები ხან წააგებენ, ხან მოიგებენ. მთავარია, დიდ ნაკრებში მივიდნენ მზად.
საერთოდ, ქართულ ფეხბურთში უნდა მორჩეს ხელოვნურობა. დღეს ბევრია ისეთი მწვრთნელი, საერთოდ რომ არ უთამაშია ფეხბურთი, ან დაბალ დონეზე უთამაშია. რაღაც ხომ უნდა უთხრას ბავშვმა მშობელს, ჩემს მწვრთნელს აი, ამ დონეზე აქვს ნათამაშებიო?!
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მეორე: ყველაფერი მართალი კი თქვა.ესმის ამ კაცს ფეხბურთი,მარა ახალი და ჩვენთვის რამე უცნაური არაფერი უთქვია.ჩვენც ვიცით,რომ ძირეული ძვრებია საჭირო ქართულ ფეხბურთში,მარა აბა?... სადაააა??? ვინაა პატრონი???... გვქონდა ახალი ფფპ-ის იმედი,მარა ისევ მწარედ მოვტყუვდით...