საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 10 და 13 ნოემბერს ამხანაგურ მატჩებს კვიპროსთან და ბელორუსთან გამართავს. უკვე ცნობილია ვლადიმირ ვაისის რჩეული ის 24 ფეხბურთელი, ვინც საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავს.
- ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
მაგრამ არიან სიის მიღმა დარჩენილი ფეხბურთელები, რომელთაც ნაკრებში ყოფნის ამბიცია გააჩნიათ. ასევე არიან გულშემატკივრებიც, რომლებიც ვაისის შემადგენლობას იწუნებენ...
მწვრთნელის კომპეტენციაში არ ვერევით, უბრალოდ, წარმოგიდგენთ განაცხადს მიღმა დარჩენილებისგან შემდგ
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ფეხბურთელების ნაკრებში ყოფნას აუცილებლად მოვიაზრებთ.
მეკარე
ლაზარე კუპატაძე ("საბურთალო"): ახალგაზრდა მეკარე ორ თვეში 22 წლის ხდება და დროა, მისთვისაც გაიხსნას ეროვნული ნაკრების კარები. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მომავალი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებს და მწვრთნელი უნდა იცნობდეს ფეხბურთელებს, რომლებიც მომავალში გახდებიან მისი დასაყრდენები. ლაზარე ეროვნულ ლიგაში გამოსარჩევი მეკარეა და "საბურთალოს" მე-4 ადგილში მასაც დიდი წვლილი მიუძღვის. კუპატაძე 21-წლამდელებში გამოიძახეს, მაგრამ ალბათ, დროა, ახალგაზრდულ ნაკრებში სხვასაც მიეცეს შანსი.
მცველები
გიორგი ქიმაძე (ქუთაისის "ტორპედო"): საქართველოს ნაკრები ერთ-ერთ ამხანაგურ მატჩს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩაატარებს. ქუთაისელი ქომაგი იმედოვნებდა, რომ "ტორპედოს" მცველს ამ მატჩში მაინც მიეცემოდა თავის გამოჩენის საშუალება.გიორგი ქიმაძე ერთ-ერთი საუკეთესოა "ტორპედოში". იმის მიუხედავად, იგებს თუ აგებს გუნდი, ყოველთვის გამოსარჩევია. ნაკრებში პრობლემას წარმოადგენს ფლანგის მცველი, რომელიც სათადარიგოთა შემადგენლობაში გვეყოლება და საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ. გიორგი ქიმაძე მხოლოდ ერთხელ იყო გამოძახებული იორდანიასთან ამხანაგურ შეხვედრაში, სადაც 11 წუთი ითამაშა.
ლაშა თოთაძე (თბილისის "დინამო"): წარმოიდგინეთ, მატჩის მეორე ნახევარია და საქართველოს ნაკრებმა უნდა დაარტყას ჯარიმა. მოედანზე არც ჯანო ანანიძეა, არც თორნიკე ოქრიაშვილი და რომელი ფეხბურთელი დაარტყამს ზუსტად კარისკენ?
ამ დროს შეიძლება თოთაძე შემოეყვანათ საქართველოს ნაკრებში და მასაც გამოეჩინა თავი, საჯარიმო დარტყმა კი გოლადაც ექცია. თბილისური კლუბის მცველი ბოლო პერიოდში გუნდს ფორვარდად მოევლინა, რომელსაც ძირითადად, ჯარიმებიდან გააქვს.
გიორგი მჭედლიშვილი ("სამტრედია"): საქართველოს ნაკრებში შეიძლება მოვიაზროთ იმერელთა მცველი, რომელიც კარგად თამაშობს მარჯვენა ფლანგზე. რა თქმა უნდა, სათადარიგო შემადგენლობაში და დაკვირვების მიზნით.
ნახევარმცველები
ვახტანგ ჭანტურიშვილი (ტრნავის "სპარტაკი"): ქართველი ნახევარმცველი სლოვაკეთის საუკეთესო გუნდში თამაშობს და ერთ-ერთი გამორჩეულიცაა. ბოლო სამი მატჩიდან სამივეში მოახერხა თავის გამოჩენა, მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. ჭანტურიშვილმა საქართველოს ნაკრებში ერთადერთხელ, სლოვაკეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ითამაშა 45 წუთი.აკაკი გოგია ("უნიონ ბერლინი"): კვლავ აქტუალურია ეროვნულ ნაკრებში აკაკი გოგიას გამოძახების თემა, რომელიც გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში თამაშობს. გოგიამ ბოლო სამ თამაშში ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. ბერლინური გუნდი მე-4 ადგილზეა და პირველადგილოსანთან 7 ქულა აშორებს.
ავთო ებრალიძე ("აკადემიკო ვისეუ"): საქართველოს ნაკრებში ყაზახეთის ჩემპიონატიდანაც კი იძახებს მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელებს. "აკადემიკო ვისეუ" კი პორტუგალიის მეორე ლიგაშია და მომავალ სეზონში, დიდი ალბათობით, პორტუგალიის პრიმერაშიც ითამაშებს.
ავთოს ამ სეზონში ექვსი მატჩი აქვს ჩატარებული და ორი გოლი გატანილი. საქართველოს ნაკრებში კი სამჯერ აქვს ნათამაშები.
გუგა ფალავანდიშვილი (ქუთაისის "ტორპედო"): თუ გადავხედავთ საქართველოს ნაკრების საყრდენ ნახევარმცველებს, ასეთ შედეგს მივიღებთ: ჯაბა კანკავა უგუნდოდაა, ვაკო გვილიას "ბატეში" არ ათამაშებენ, გიორგი აბურჯანია "სევილიის" მეორე გუნდში შეცვლაზე შეჰყავთ და ნიკა კვეკვესკირი ბოლო ორი თამაშია, რაც მოხვდა "ტობოლის" ძირითად შემადგენლობაში.
ნამდვილად შესაძლებელი იყო, შანსი მისცემოდა ქუთაისელთა პერსპექტიულ ნახევარმცველს, რომელიც ფორმაშია და ქუთაისელთა შეუცვლელი წევრია.
თავდასხმა
ბაჩანა არაბული ("ბალმაზივაროში"): ქართველი ფორვარდი უნგრეთში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ გუნდში თამაშობს და მიუხედავად ამისა, ახერხებს საკუთარი თავის წარმოჩენას. არაბულს ხუთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული ამ სეზონში.ზაქარია ბეგლარიშვილი ("ფლორა"): მეოთხეჯერ გახდა ესტონეთის ჩემპიონი და ეს ჩემპიონატი საქართველოს ეროვნულ ლიგას 3 პოზიციით უსწრებს უეფას ასოციაციების რეიტინგში. ზაქარიას მიმართ ინტერესს ესტონეთის ნაკრებიც იჩენს, რომელიც ფიფას რეიტინგში საქართველოს ნაკრებს 27 პოზიციით უსწრებს და ბოლოს ესტონეთთან შეხვედრისას 3:0 დავმარცხდით.
ბეგლარიშვილს ამ სეზონში 18 გოლი და 24 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ერთი შანსის მიცემა ურიგო საქციელი არ იქნებოდა.
მათე ვაწაძე ("სილკებორგი"): ვაწაძე გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა, მაგრამ ამით ვერ ნახავს მის შესაძლებლობებს ვლადიმირ ვაისი. არადა, თავდასხმის ხაზში თითქმის ყოველთვის პრობლემა გვაქვს და გვიჭირს შეტევების შედეგიანად დასრულება. ვაწაძე კი ყოველთვის საჭირო ადგილზეა და იცის, როგორ გაიტანოს კარში ბურთი.
ორი თვეა, რაც მათე დაუბრუნდა მოედანს, ხუთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა მის ანგარიშზე.