გთავაზობთ ჩვენთვის საინტერესო ამონარიდს ინტერვიუდან, სადაც ის საქართველოს ნაკრებსა და საკუთარ შვილზე საუბრობს.
- საქართველოს ნაკრებში მუშაობა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შუაში დაიწყეთ. ამასთან ერთად, ქართველებს ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების შანსიც არ ჰქონდათ. რატომ?
- მიყვარს ახალი გუნდების შექმნა. ასე იყო "არტმედიასთან" სლოვაკეთში. ნულიდან ვიწყებდი და როცა "კაირათში" გადავედი, მაშინაც ახალი ეპოქა იწყებოდა. თავს უფრო მშენებლად ვთვლი, ვიდრე მწვრთნელად. ყველგან შენებას ნულიდან ვიწყებ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას
ჩემთვის საინტერესოა ამ ახალ პროექტში მუშაობა და ახალი საქართველოს ნაკრების აშენება. მხოლოდ მადლობა თუ მეთქმის ლევანისთვის ნდობისა და შანსისთვის, ახალი გამოცდილება მივიღო.
- ქართული ფეხბურთი ახლა მკვდარი უფროა, ვიდრე ცოცხალი. ნაკრებიც ძალიან სუსტია. არ გეშინიათ, რომ მხოლოდ CV-ს გაიფუჭებთ?
- ჩემთვის პატივია საქართველოს ნაკრების გაწვრთნა. ქართველი ფეხბურთელები ყოველთვის ძალიან ძლიერები იყვნენ და მაღალ დონეზე თამაშობდნენ. საბჭოთა კავშირის დროს თბილისი ევროთასს იგებდა. ხოლო კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი თამაშობდა ევროპაში: კალაძე, არველაძე, კობიაშვილი, დემეტრაძე. არ გეთანხმები, რომ ქართული ფეხბურთი სუსტია. საქართველოს ყოველთვის ჰყავდა ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი, შესანიშნავი საფეხბურთო ისტორია და მას პატივი უნდა ვცეთ.
- ისტორია კარგია, მაგრამ ყველას ესმის: ეს წარსულია. მუნდიალის შესარჩევში ერთი მატჩიც არ მოგიგიათ...
- ახლა თაობათა ცვლა მიდის, მაგრამ გუნდი ძალიან ახალგაზრდული და პერსპექტიულია. შემადგენლობაში მხოლოდ რამდენიმე ვეტერანი მყავს - დვალიშვილი და კანკავა. დანარჩენები 20-22 წლისები არიან. ბევრი ევროპულ გუნდში თამაშობს. არიან ისეთებიც, ვინც იტალიასა და ესპანეთში თამაშობს. შეიძლება ეს ლა ლიგა და სერია A არ იყოს, არამედ სეგუნდა და სერია B, მაგრამ ესეც მაჩვენებელია. ასეთ გუნდთან მუშაობა საინტერესოა და შედეგის მიღწევა შეიძლება.
- რა შედეგს უნდა მიაღწიოთ იმ ფეხბურთელებით, რომლებმაც ორ მატჩში მკვდარ მოლდოვასაც კი ვერ მოუგეს?
- ყველაფერს თავისი დრო აქვს. კარგი გასვლითი მატჩები გვქონდა უელსისა და ავსტრიის წინააღმდეგ, რომლებთანაც ფრეს მივაღწიეთ. შინ ირლანდიასთან არ დავმარცხდით. მოლდოვასთან შინ უნდა მოგვეგო. 1:0-ს ვიგებდით, მაგრამ გაცკანმა რაღაც დაუჯერებელი დარტყმით გაიტანა და გუნდს ქულა მოაპოვებინა.
მეორე მატჩში უკვე მე ვმუშაობდი. ცუდად დავიწყეთ და უკვე 0:2-ს ვაგებდით პირველი ტაიმის დასაწყისში, მაგრამ მერე გავათანაბრეთ და მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ ერთხელ ხარიხას მოვარტყით, ორი-ერთზე გასვლა ვერ დავასრულეთ გოლით. მუშაობას გავაგრძელებთ, ტაქტიკურად მოვუმატებთ და შემდეგ შესარჩევ ტურნირზე უკეთესი შედეგი გვექნება.
- რატომ განიცადა ქართულმა ფეხბურთმა ასეთი დეგრადაცია, თუნდაც 90-იანებთან შედარებით?
- მთავარი პრობლემა ინფრასტრუქტურაა. ახალგაზრდა ფეხბურთელები ვერ ვითარდებიან და ვერ ვარჯიშობენ, რადგან პირობები და ინფრასტრუქტურა არ არის. ახალი სტადიონები, ბაზები, საფეხბურთო ცენტრები უნდა ააშენო.
როცა სხვა ქვეყნები ამას აკეთებდნენ, საქართველოში ამისთვის არ ეცალათ. ქვეყანამ რთული პერიოდი დაძლია. ახლა ყველაფერი ლაგდება. შენდება ახალი აკადემიები, მოედნები, საბავშვო სკოლები ვითარდება. ქართველ ხალხს ძალიან უყვარს ფეხბურთი და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოვა.
- თქვენი შვილი სლოვაკეთის ნაკრების ფეხბურთელია. 24 წლის ასაკში ის ყატარში წავიდა, არადა, აქამდე "ესპანიოლში", "ბოლტონსა" და "მანჩესტერ სიტიში" იყო. მესმის, რომ იქ 30-34 წლის ასაკში წასულიყო. რატომ უნდა წახვიდე ყატარში ასეთ ასაკში?
- მესმის შენი და ბევრ რამეში გეთანხმები. მან "მანჩესტერ სიტიში" დაიწყო, ყველა ასაკობრივი გუნდი გაიარა, შემდეგ იჯარით "ბოლტონში" იყო. "ესპანიოლში" კარგი სეზონი ჰქონდა, ძირითადის წევრი იყო. კიევის "დინამოში" ეძახდნენ, მაგრამ კარიერის გაგრძელება ესპანეთში ან იტალიაში სურდა. როგორც მამას, მეც ეს მინდოდა, მაგრამ ყატარში ისეთი შეთავაზება გაუკეთეს, რაზეც უარი ვერ თქვა.
რა თქმა უნდა, მე ამის წინააღმდეგი ვიყავი. მინდოდა, რომ ევროპაში დარჩენილიყო, მაგრამ ვოლოდია დიდი ბიჭია და თავად უნდა გააკეთოს ცხოვრებაში არჩევანი. ის მოვიდა ჩემთან და გულწრფელად მითხრა: "მამა, ოჯახი მყავს და ფული უნდა ვიშოვო". როგორც მწვრთნელს და საფეხბურთო ადამიანს, არ მესმის ჩემი შვილის, მაგრამ როგორც კაცს, მესმის. ის კაცია, რომელმაც ოჯახი უნდა უზრუნველყოს და ყველაფერს აკეთებს, რომ მისი ცოლი და ბავშვები კარგად ცხოვრობდნენ და არაფერი დააკლდეთ.
- დმიტრი სელიუკმა პრესაში თქვა, რომ მინო რაიოლამ სპეციალურად ჩაშალა თქვენი შვილის ტრანსფერი კიევის "დინამოში" და "ესპანიოლში" მოაწყო, რომ მერე "სიტისთვის" წაერთმია. ეს სიმართლეა?
- კიევის "დინამოს" ვარიანტი, მაგრამ რაიოლას სპეციალურად არაფერი გაუკეთებია. მას დიდი ხანია ვიცნობ და კარგი ურთიერთობა გვაქვს. რაიოლა შესანიშნავი ადამიანია, არასდროს მოიქცეოდა მასე.
- როგორია მინო რაიოლა ურთიერთობაში?
- ის დაახლოებით 9 წლის წინ გავიცანი და მთელი ეს პერიოდი მხოლოდ ვწერდით ან ტელეფონით ვესაუბრებოდით ერთმანეთს. დაახლოებით 7 წელი ალბათ ცოცხლად არ მინახია. ის ძალიან დაკავებულია. რამდენიმე წლის წინ მეუღლესთან ერთად მონაკოში ვისვენებდი და მინოც იქ იყო. ისიც ოჯახთან ერთად ისვენებდა. ორივე სასიამოვნოდ გაკვირვებულები ვიყავით და გაგვეცინა, რადგან ამდენი წლის მიმოწერის შემდეგ ერთმანეთს შემთხვევით შევხვდით.