კვირკველია გუშინ დაბრუნდა მოსკოვში, სადაც "ლოკომოტივთან" ერთად რუსეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრისთვის ემზადება.
Sportall.ge ფეხბურთელს სწორედ რუსეთის დედაქალაქში დაუკავშირდა და საკმაოდ საინტერესო თემებზე ესაუბრა, მათ შორის, საქართველოს ნაკრებზე, მოსკოვის "ლოკომოტივსა" და სამომავლო გეგმებზე...
- როგორ შეაფასებდით საქართველოს ნაკრების ასპარეზობას ორ ამხანაგურ შეხვედრაში?
- 100%-ით
- რა პლუსები და მინუსები დაგანახათ ამ მატჩებმა, რაზე აქვს ნაკრებს სამუშაო?
- შეგვიძლია ფეხბურთის თამაში და თანაც, ლამაზი ფეხბურთის. ასევე შეგვიძლია, რომ ოდნავ გაბრაზებული ქართველი მაყურებელი სტადიონზე დავაბრუნოთ.
- ვლადიმირ ვაისი ორივე შეხვედრის შემდეგ გამოუყენებელ მომენტებზე საუბრობდა. თქვენი აზრით, რატომ უჭირს საქართველოს ნაკრებს მომენტების რეალიზაცია?
- ეგ შეკითხვა, ალბათ, უფრო მწვრთნელებს უნდა დაუსვათ. მე მწვრთნელი არ ვარ და რაც მევალებოდა, ის გავაკეთე.
- რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს ქართველ გულშემატკივარს, იწყება თუ არა ის დადებითი ეტაპი, რომელსაც ყველა გულშემატკივარი ელოდა?
- მგონი, დადგა ის დრო, რასაც ქართველი გულშემატკივარი ამდენი ხანი ელოდა. უნდა გამოვიყენოთ ჩვენი შანსი, ძალა არ დავიშუროთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ.
უნდა გადავდოთ ყველაფერი და მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ. ამ ჯგუფიდან გასვლა საკმაოდ რეალურია და ეს აუცილებლად უნდა შევძლოთ. ღმერთმა ნუ ქნას, ასე არ მოხდეს.
- რა იყო ვლადიმირ ვაისის დავალება პირველ და მეორე მატჩებში? რა ტაქტიკური სქემით უნდა გეთამაშათ? კეთდებოდა თუ არა აქცენტი სწრაფ გოლზე?
- ლამაზი და ხარისხიანი ფეხბურთი უნდა გვეთამაშა. უნდა გვებრძოლა და რა ანგარიშიც უნდა ყოფილიყო, ჩვენი ტაქტიკა არ დაგვერღვია.
მოედანზე დისციპლინა უნდა ყოფილიყო, რაც 90 წუთის განმავლობაში იგრძნობოდა.
- ჯანო ანანიძის ტრავმასთან დაკავშირებითაც გკითხავთ. ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, რომ ჯანო გასახდელში ტიროდა. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა ხდებოდა ლიტვასთან თამაშის შემდეგ გასახდელში?
- ფეხბურთელმა ძალიან სერიოზული ტრავმა მიიღო და ჩვენ, რაც შეგვეძლო, გვერდში დავუდექით და ყოველთვის დავუდგებით.
ყველა ფეხბურთელს შეიძლება ასეთი რამ დაემართოს, ტრავმისგან დაზღვეული არავინაა. ჯანოს ვუსურვებ, რომ მალე და უფრო იმაზე ძლიერი დაბრუნდეს.
- მოსკოვის "ლოკომოტივზე" რომ გადავიდეთ. გუნდი თითქმის რუსეთის ჩემპიონია. როგორ შეაფასებდით "ლოკომოტივში" მიმდინარე სეზონს?
- დღეს ჩამოვფრინდი მოსკოვში და ვემზადებით მომავალი მატჩისთვის. ზეგ "ამკართან" უკვე მორიგი ტურის მატჩი გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩემპიონობის ძალიან კარგი შანსი გვაქვს და უნდა გამოვიყენოთ.
8 თამაშია წინ დარჩენილი. თუ ქულებს დაკარგავ, სხვა მოიგებს და დაგეწევა. ასე რომ, 100%-ით მობილიზებულმა უნდა გავაგრძელოთ ის თამაში, რაც აქამდე იყო და მგონი, ასეც იქნება.
- მიმდინარე სეზონში თქვენ ევროპის ლიგაზე იასპარეზეთ. რა მოგცათ გამოცდილების სახით ევროტურნირებმა, რამდენად რთული იყო რუსეთის ჩემპიონატის შემდეგ ევროპის ლიგის ტურნირზე ტოპ-ფორვარდების წინააღმდეგ თამაში?
- რა თქმა უნდა, ევროპულმა ტურნირმა დიდი გამოცდილება მომცა. ყველა ფეხბურთელი ოცნებობს, რომ ევროპულ ტურნირებზე ითამაშოს, მაგრამ ყველაფერი ისე ცუდად დამთავრდა, რასაც არ მოველოდით...
არა უშავს, ეს უფრო ჭკუის სასწავლებელი იქნება.
- თქვენ მოსკოვის "ლოკომოტივში" შეუცვლელი ხართ და პრემიერლიგის ყველა თამაში შეუცვლელად ჩაატარეთ. ყოველთვის კარგი პრესა გაქვთ და პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლებით. როგორ ფიქრობთ, რისი დამსახურებაა ეს?
- უფლის წყალობით, ტრავმები არ მაქვს, ჯანმრთელად ვარ და ალბათ, ამის დამსახურებაა.
- ყაზანის "რუბინში" გატარებული პერიოდი რომ გაიხსენოთ, რატომ არ გათამაშებდათ მწვრთნელი? თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში მას ჯამბაზი უწოდეთ და ხავი გრასია დღეს "უოტფორდის" მწვრთნელია...
- რატომ არ მათამაშებდა და საკუთარი შვილები ჰყავდა ჩემს ადგილას. იცოდა, რომ გუნდში ყველაზე ძლიერი ვიყავი და ერთ თამაშსაც თუ მათამაშებდა, ჩემი ამოგდება გაუჭირდებოდა.
არა უშავს, მადლობა ღმერთს, რომ ასე მოხდა. რომ მცოდნოდა, ყველაფერი ასე იქნებოდა, ერთი წუთით ხმასაც არ ამოვიღებდი, პირიქით, გრასიას მადლობასაც გადავუხდიდი.
- რამდენიმე დღის წინ რუსულმა Sports.ru-მ რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, სადაც თქვენც მოხვდით. გამოცემის ინფორმაციით, თქვენი ხელფასი წლიურად 1,7 მილიონ ევროს შეადგენს. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
- მე რაც მაქვს, ალბათ, ის დავიმსახურე და ტყუილად არავინ არაფერს არ გაჩუქებს. ჩემი პირადი ხელფასი ჩემი ოჯახის წევრებმა არ იციან და ვფიქრობ, არაა სავალდებულო, ყველამ იცოდეს. რაც უნდათ, ის დაწერონ. რასაც ვიღებ, ყველაფერი ჩემი შრომითაა.
- ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ვრცელდებოდა ხმები, რომ თქვენით პრემიერლიგის გუნდები იყვნენ დაინტერესებულნი. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა მოხდა რეალურად და იყო თუ არა რომელიმე გუნდიდან რეალური დაინტერესება და მათ წარმომადგენლებთან კონტაქტი?
- რა თქმა უნდა, რაღაც დაინტერესება იყო, მაგრამ მე ვამჯობინე, დავრჩენილიყავი "ლოკომოტივში" სეზონის ბოლომდე, რადგან რაც დავიწყე ამ გუნდთან ერთად, ბოლომდე მიმეყვანა. შემდეგ უკვე რა იქნება, დრო გვიჩვენებს.
- თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ კლუბები, რომლებიდანაც ინტერესი იყო?
- დაინტერესება ტოპ-ჩემპიონატებიდან იყო და საკმაოდ სერიოზული გუნდები იყვნენ.
- რომელ წლამდე გაკავშირებთ "ლოკომოტივთან" კონტრაქტი?
- "ლოკომოტივთან" 2021 წლამდე მაქვს კონტრაქტი.
- შესაძლებელია ზაფხულში ტოპ-ჩემპიონატში გიხილოთ?
- რატომაც არა... მთავარია, ჯანმრთელად ვიყო და ყველაფერი კარგად იქნება. თუ იქნება შემოთავაზება, არც კი დავფიქრდები, ისე დავთანხმდები.
- თქვენ 2017 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გახდით და ასევე, ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელი ხართ. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
- რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა... დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ხალხს, ვინც მხარი დამიჭირა.
ალბათ, ყველა ფეხბურთელი და ყველა სპორტსმენი იმისთვის იბრძვის, რომ საკუთარმა ყვეყანამ აღიაროს.
უბედნიერესი ადამიანი ვარ და ეს ტიტული გაორმაგებულ სტიმულს მაძლევს, რადგან ჩანს, რომ შრომა დამიფასდა.