ლატვია VS საქართველო - გავინაღდოთ ჯგუფური ეტაპის მოგება

AutoSharing Option
დღეს, 16 ოქტომბერს, ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე, რიგაში, "დაუგავა არენაზე" გაიმართება.

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფში სამიდან სამი შეხვედრა მოიგო და გოლი არ გაუშვია. ეს ნაკრებისთვის რეკორდული მაჩვენებელია და მოგებათა სერია კიდევ შეიძლება გაგრძელდეს. არ გამოვრიცხოთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ყველა შეხვედრა მოიგოს.

ზოგიერთი გულშემატკივარი ქილიკობს იმ თემაზე, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ერთ-ერთ უსუსტეს გუნდებს ამარცხებს, მაგრამ არ ითვალისწინებს იმას, რომ ამით ნაკრები
გარკვეული სახის უპირატესობას იღებს:

  • შანსი აქვს, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე მოხვდეს
  • სწავლობს ფეხბურთის თამაშს მისი დონის გუნდებთან
  • იცის, როგორ აკონტროლოს ბურთი. ანდორასთან შეხვედრაში პასების სიზუსტე 90% იყო
  • თავდაჯერებულობა ემატება, არა აქვს მოდუნების საშუალება, უფრო მეტი დამკვირვებელი ჰყავს მის თამაშებს და სანაკრებო პერიპეტიები კარიერული წინსვლის საშუალებას აძლევს.
  • ამავდროულად, აგროვებს ქულებს, წინ მიდის რეიტინგში და არის შანსი, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეოთხე კალათაში მოხვდეს.

ჩვენი მონახაზი
ვლადიმირ ვაისმა თქვა, ცვლილებები იქნება - თუმცა ექსპერიმენტები არაო. დიდი ალბათობით, ცვლილებები უკანა ხაზს და საყრდენ ზონას არ შეეხება და ისევ იმავე კომბინაციას ვიხილავთ: გიორგი ლორია - ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია, გიორგი ნავალოვსკი - ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი. ამ შვიდეულს დაემატება გიორგი ჩაკვეტაძეც, რომელმაც მისი კარგი თამაშით ნაკრებში ადგილი დაიბევა.

თორნიკე ოქრიაშვილის არყოფნის პერიოდში გამოჩნდა, რომ შეტევის მარჯვენა ფლანგზე გვესაჭიროება პოზიციით სუფთა მარჯვენა ვინგერი, რადგან წინა შეხვედრაში ამ პოზიციაზე გიორგი ჩაკვეტაძის ყოფნა არაეფექტური გამოდგა. სათადარიგო შემადგენლობაში კი ამ პოზიციაზე გვყავს: ჯაბა ჯიღაური, გიორგი მერებაშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი და ლუკა ზარანდია. თუმცა ამ უკანასკნელზე საუბრისას სლოვაკმა თქვა, რომ ამჯერად ექსპერიმენტებს არ მიმართავს და მას ძირითად შემადგენლობაში არ უნდა ველოდოთ.

ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა ფორვარდის პოზიცია. სლოვაკი ამჯერად მაინც გადაანაცვლებს თუ არა ვაკო ყაზაიშვილს ამ პოზიციაზე, საკითხავია. ვაკო თუ წინ აიწევს, სავარაუდოდ, ამ მატჩში ძირითად შემადგენლობაში მაინც არ უნდა ველოდოთ ოთარ კიტეიშვილს, რადგან წინა შეხვედრაში მისი თამაშიდან გამომდინარე, გაცილებით დიდი მოლოდინი იყო. ვაისს აქვს ჯანო ანანიძის ვარიანტი, თუმცა, ტრავმის რისკიდან გამომდინარე, მას ალბათ ისევ ბოლო 30 წუთს ანდობს. არ გამოვრიცხოთ, ვაკო გვილია ვიხილოთ ძირითად შემადგენლობაში.

ლატვიის ნაკრები
ლატვიის ნაკრებმა თბილისში რა "ავტობუსიც" გვეთამაშა, ანდორის ნაკრებსაც კი შეშურდებოდა. ლატვიის ნაკრების ფინელი მწვრთნელი მიქსუ პაატელაილენი მუდმივად აქებს ჩვენს ნაკრებს.

ფინელი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები წამყვანი ჩემპიონატების წამყვან გუნდებში თამაშობენ. ბატონო მიქსუ, აბა, ჩვენ გვკითხეთ?!

ლატვიელთაგან ყველაზე სახიფათო 24 წლის ფორვარდი დავის იკაუნიეკსია, რომელიც გუნდში გამორჩეული ფეხბურთელია და "იაბლონეცის" ღირსებას იცავს. კარგი ფეხბურთელია "რიგასის" ფორვარდი კასპარს დუბრაც.

მეტოქე, ალბათ, თბილისში ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით, ოდნავ მაინც გახსნის თამაშს. თუმცა ორივე გუნდმა იცის, რომ ეს შეიძლება მათთვის უარესი გამოდგეს, მაგრამ, როცა საშინაო არენაზე თამაშობ, გულშემატკივარს სხვა მოთხოვნები და სხვა სურვილები აქვს.

თუმცა ლატვიელთა მცველს, ვიტალის იაგონდინსკის საქართველოსთან მშრალი სერიის დასრულება სურდა.

მოლოდინი
უნდა მოვიგოთ! თან უპირობოდ, რადგან როგორც არასდროს, შეგვიძლია ბრწყინვალე სერია გავაგრძელოთ და ერთა ლიგა 6 მოგებით დავასრულოთ, რაც გზას გაგვიხსნის ახალი საქართველოს ნაკრების ჩამოყალიბებისკენ.

გუნდში საბრძოლო განწყობაა. ფეხბურთელები აცნობიერებენ მატჩის მნიშვნელობას და იციან, რომ მოდუნების უფლება არა აქვთ. ერთა ლიგამ მათ მისცა შანსი, რომ საფეხბურთო კარიერაში ახალ გამოწვევებს შეეგებონ და კონტინენტის პირველობაზე შეძლონ თამაში.

altLIVE ბლოგი ლატვიიდან: საქართველოს ნაკრებმა დაუგავა არენაზე ივარჯიშა

altგურამ კაშია: იმედი მაქვს ხვალ ლატვიის ნაკრები შემტევ ფეხბურთს ითამაშებს

altვლადიმირ ვაისი: ჩვენ ლატვიაში 3 ქულისთვის ვართ ჩამოსულები

 

altლატვიელთა მცველი: საქართველოს ნაკრების გოლგაუშვებელი სერია უნდა დავასრულოთ

altლატვიელთა მწვრთნელი: ნუ უყურებთ რეიტინგს, საქართველომ ესპანეთი დაამარცხა



მკითხველის კომენტარები / 23 /
საჭიროა ეს თამაში მოვიგოთ, რადგან დარჩენილ თამაშებში ვაისმა სხვა ფეხბურთელებიც გამოცადოს და შეათამაშოს ძირითად ბირთვთან
anti
21:45 16-10-2018
0
ვაისმა პრეს-კონფერენციაზე გელა ნუგზარაშვილზე განსაკუთრებული ხაზგასმა გააკეთა!!
ველით გელა ნუგზარაშვილის წარმატებულ თამაშს დღეს ლატვიასთან. მიდი გელა!!
სხვათაშორის, ლატვიას ნატურალიზებული თავდამსხმელი აუყვანია - რიდრიგო ავეირო ლიმა და სოუზა.ამიტომ ყურადღება გვმართებს!!
გიორგი
21:24 16-10-2018
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული