გია გეგუჩაძე საქართველოს ნაკრებზე: მე ეს უტოპიად არ მეჩვენება, ეს არის რეალობა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე დომინირებას აგრძელებს. "ჯვაროსნების" ასპარეზობასთან და შედეგებთან დაკავშირებით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ მწვრთნელსა და ბათუმის "დინამოს" ამჟამინდელ თავკაც გია გეგუჩაძეს შეფასება ვთხოვეთ.

- როგორ შეაფასებდით საქართველოს ნაკრების მიერ ჩატარებულ შეხვედრებს?
- ყველანაირად დადებითად ვაფასებ. მგონი, სხვა შეფასება არც სჭირდება. ყველა მხრივ, თუნდაც შედეგით, თამაშის ხარისხით და ყველა კომპონენტში არათუ მისაღები, არამედ უკეთესი შედეგი გვაქვს.

- რას ფიქრობთ, ამ ნაკრებს ძალუძს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა?
- ჩვენ ყველას გვაქვს ამის სურვილი
და მე ვთვლი, რომ ჩვენი გუნდი იმდენად ხარისხიან და შედეგიან ფეხბურთს აჩვენებს, წესითა და რიგით, ჩვენ შეგვიძლია გასვლა.

- თქვენ ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი იყავით. ბევრი ფეხბურთელი, რომელიც თქვენი ფორმაციის ნაკრებში იყო, ახლა ეროვნულ ნაკრებშია. როგორ შეაფასებდით მათ ასპარეზობას?
- ძალიან სასიხარულოა, რომ ამ ფეხბურთელების ინტეგრირება ნაკრებში მოხდა. ახალგაზრდული ნაკრები გვყავს და ეს მწვრთნელების დამსახურებაა, რომ ერთ პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი გვყავს, თუ გამონაკლისებს არ ჩავთვლით. სასიამოვნოა თუნდაც, კონკურენცია რომ არის გაზრდილი გუნდში. ეს ფეხბურთელებს მეტ იმედს აძლევს. მეორეც, თვითონ თამაშის ხარისხიც იზრდება ამით. ეს მაძლევს იმის საფუძველს, რომ ძალიან ოპტიმისტურად ვიყო განწყობილი.

- როგორც მწვრთნელი, როგორ შეაფასებდით ვლადიმირ ვაისის მუშაობას ნაკრებში?
- მე ვხედავ ვლადიმირ ვაისის მუშაობის შედეგს და მისი ნაკრებში ყოფნის მომხრე ვარ. არა მხოლოდ სტატისტიკურ შედეგზე მაქვს საუბარი, არამედ სხვა კომპონენტებზეც, რადგან მე პირადად არ მახსენდება, საქართველოს ნაკრებს ზედიზედ ოთხი ოფიციალური შეხვედრა მოეგოს, თან მშრალი ანგარიშებით. საკუთარ კარს ვინახავთ ისე, რომ პრობლემები არ გვექმნება.

შეტევაშიც საკმაოდ მობილური გუნდი გვყავს და მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ცვლილება იყო, თუნდაც გუშინდელ შეხვედრაში, ისევ და ისევ ის ფეხბურთი ვიხილეთ - ლამაზი, ლაღი, თავისუფალი თამაში და რაც მთავარია, შედეგიანი. მე მხოლოდ დადებითად ვაფასებ სლოვაკის მუშაობას.

- საქართველოს ნაკრებს ყოველთვის უჭირდა საშუალო დონის ევროპულ გუნდებთან თამაში, თუნდაც რომ ავიღოთ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი სერბეთთან ან ავსტრიასთან, სადაც დასანანი მარცხი განვიცადეთ. თქვენი აზრით, შეუძლია თუ არა დღეს ნაკრებს ამ ბარიერის გადალახვა?

- ჩვენი გულშემატკივარი რომ მომთხოვნია, ყველამ კარგათ ვიცით. მე მინდა ყველა ქომაგს ვუთხრა და ვთხოვო, რომ ცოტა მოთმინება იქონიონ. ნაკრებს აშკარად ეტყობა, რომ კარგი გუნდი შედგა. ამიტომ გაზრდა ამ ფეხბურთელების და წინსვლა თამაშიდან თამაშამდე იგრძნობა. ჩვენ ცოტა დრო გვჭირდება იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო შორს გავიხედოთ და ამავდროულად, უფრო ძლიერ მეტოქეებთან ტოლ-სწორად კი არა, ისე ვითამაშოთ, რომ შედეგი დავდოთ. მე ეს უტოპიად არ მეჩვენება, ეს არის რეალობა.

altბრწყინვალე გამარჯვება და საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალშია! [VIDEO]

altვლადიმირ ვაისი: ეს ქართულ ფეხბურთში ახალი ეტაპია!

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგად მუშაობს ეს ბიჭი, მართლა მეგონა ნაკრებთან ერთად ვიყავი.
Zezva
16:41 17-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული