საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ოთხივე სასტარტო მატჩი გოლგაუშვებლად მოიგო, პლეი-ოფის ნახევარფინალის საგზური ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაინაღდა, C ლიგაში გადავიდა და გაგიკვირდებათ და, აქა-იქ კიდევ ისმის უკმაყოფილოთა ხმები, სრულიად უადგილო ღლიცინიც.
ოპონენტთა მთავარი არგუმენტი სუსტ მეტოქეებთან თამაშია. ზოგი იმასაც ამბობს, ჯუჯებს ვძლიეთო. მსოფლიოში სიდიდით მეცხრე ქვეყანას, ყაზახეთს, რომლის მოსახლეობა 18 მილიონზე მეტია და რომელმაც ფეხბურთის განვითარებაში უზარმაზარი ინვესტიციები განახორციელა, ჯუჯას ნამდვილად ვერ უწოდებ. ლატვია 2004 წელს ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, მაგრამ მას შემდეგ რეგრესი დაეწყო, მართლა ჯუჯა ანდორა კი რთულად დასამარცხებელი
გუნდია.
თუმცა საქართველოში ფეხბურთის ცოდნაზე ყველ აცხადებს პრეტენზიას და ერთმა ისიც კი ბრძანა, ეს უმარტივესი თამაშიაო...
როგორ გეკადრებათ - ეს ყველაზე მარტივი და ამავდროულად, სპორტის ყველაზე რთული სახეობაა და ვისაც ეს არ ესმის, ახსნასაც აზრი არ აქვს.
ახლა არსებითზე: მართალი გითხრათ, არ მეგონა, თუ ქართულ სანაკრებო ფეხბურთს რამე ეშველებოდა (საკლუბოსი რა მოგახსენოთ), თუმცა მოხდა სასიამოვნო მოულოდნელობა და მკვდარი წერტილიდან დაიძრა. რა თქმა უნდა, ჯერ დიდ პროგრესზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ წინსვლის არდანახვა არ შეიძლება, რამეთუ ეს ფაქტია. ვერ გეტყვით, მოახერხებს თუ არა ეს გუნდი უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეებთან ტოლ-სწორად პაექრობას, მაგრამ მგონია, ჩვენი ნაკრების ძლევა უკვე ყველას გაუჭირდება.
რიგაში ჩატარებულ მატჩში ლატვია აბსოლუტურად უშანსოდ იყო. ვინაიდან ჯგუფური ეტაპის დაძლევის თეორიული შანსის შესანარჩუნებლად გამარჯვება სჭირდებოდა, მეორე ნომრად ვერ ითამაშებდა და შედეგად, განადგურდა კიდეც. "ჯვაროსნებმა" მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრეს: გუნდურად ასპარეზობით, ინდივიდუალიზმით, კლასით და ბრძოლის ჟინითაც.
რაც მთავარია, საქმისადმი დამოკიდებულება შეიცვალა, რაც უდავოდ მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის დამსახურებაა, თორემ დღევანდელზე გაცილებით უკეთესი თაობაც გვყოლია და შედეგი ვერ მიღწეულა. რაღაცნაირად გუნდი გუნდს დაემსგავსა, ერთიანი ორგანიზმი გახდა, ხალისიანიც. რამდენჯერმე სიამოვნებით ვუყურე შეხვედრის დასრულების შემდეგ მადლობის გადასახდელად გულშემატკივრებთან მათ მისვლას და სიმღერას. ეს რაღაც ახალი გახლდათ ქართულ ფეხბურთში.
სულ გული მწყდებოდა, ჩვენი ფეხბურთელები მორაგბეებისა და კალათბურთელების დარად რომ ვერ აღწევდნენ წარმატებას და ღმერთმა კეთილი ყურით გვისმინოს და მგონი, მათი წყალი გადაესხათ. ალბათ, ყველას გაქვთ ნანახი, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თამაშზე გასვლის წინ გასახდელში რომ მღერის - ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოსო და აი, ასეთი აღმაფრენა დაეტყო ჩვენს ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდსაც. ეს კარგია. არა, ეს დიდებულია!
იმისათვის, რათა პლეი-ოფის ნახევარფინალს ვუმასპინძლოთ, ჯგუფურ ეტაპზე დარჩენილი ორივე მატჩის მოგება მართებს ჩვენს გუნდს და გულშემატკივართა მაქსიმალური მხრდაჭერაც სჭირდება, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ქომაგი ნაკრების მე-12 ფეხბურთელია და იმედია, ურწმუნო თომების რაოდენობაც თანდათან შემცირდება.
დიდ მწერალს დავესესხები: "თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშარებსა და მსტოვარებს".
ბრწყინვალე გამარჯვება და საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალშია! [VIDEO]
2. იმ ფსკერიდან, სადაც ჩვენი ფეხბურთი იმყოფებოდა (იმედია ეს წარსულს ჩაბარდა სამუდამოდ) ამომობებღება/ამოყვინთვა ზუსტად რომ იმავე ფსკერზე მყოფების ძლევით უნდა დაიწყო;
3. ბიჭები ფეხბურთს თამაშობენ, ფეხბურთს!!! და შემდგომში, სულ მშრალზე და სულ ყველა თამაშს რომ ვერ მოიგებენ, ცხადია, მაგრამ ეს ფუხბურთი ითამაშონ და ვინ ოხერი იქნება საყვედურის მთქმელი....;
4. ამ თავდადებით და მონდომებით თუ გააგრძელეს ვარჯიში/თამაში, შედეგი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება აუცილებლად;
5. და ბოლოს ეს შანსი, რომელიც გვაქვს, არა მხოლოდ იმიტომ არის გამოსაყენებელი, რომ სანატრელ ფინალურ ეტაპზე მოვხვდეთ, არამედ იმიტომაც, რომ იქ მოხვედრით ირიბად ისევ ფეხბურთის განვითარებას შეეწყობა ხელი - ბიჭები უკეთეს გუნდებში წავლენ, კლასს აიმაღლებენ და ა.შ.
... ასე მვფიქრობ მე.
პ.ს.
მე რაგბის გულშემატკივარი ვარ პირველ რიგში, მაგრამ ფეხბურთში კი არა, კრიკეტში რომ შედეგებს მიაღწიოს საქართველომ იმას დავუჭერ მხარს და ვუგულშემატკივრებ
მოდი გადავხედოთ უახლოეს ისტორიას - თუ არ ჩავთვლით ბოლო პერიოდს, ევროპის სუსტ გუნდებთან მოგება რომ გვიჭირდა ხომ ფაქტია?
გავიხსენოთ რამდენი თამაში ვერ მოვიგეთ ასეთ გუნდებთან ბოლო 15 წლის განმავლობაში:
მოლდოვა: ამხანაგური თბილისში 2:2, მალტის ტურნირზე 1-5 გახსოვთ? მოლდოვაში 0:0? შემდეგ თბილისური მარცხი 1:2
ალბანეთი: ამხანაგურები ტირანაში 0:0 და 1:1, შესარჩევში წაგებული 2:3
ლიტვა: შესარჩევში 0:1 კაუნასში, თბილისში 0:2
ლატვია: თბილისში წაგებული ამხანაგური 1:3
სომხეთი: კვიპროსის ტურნირზე 0:2
ყაზახეთი: შესარჩევში 0:0 თბილისში
ლატვია: შესარჩევში 0:1 თბილისში
მალტა: შესარჩევში 1:1 სტუმრად, 0:2 ასევე სტუმრად
ლუქსემბურგი: ამხანაგური სტუმრად 0:0
აზერბაიჯანი: ამხანაგური სტუმრად 0:0
ესტონეთი: ამხანაგური ტალინში 1:1
ჩრდ. ირლანდია: ამხანაგური სტუმრად 1:4
პროგრესი რომ გვაქვს აშკარაა, ასეთ გუნდებთან სტაბილურად(!) მოგება ვისწავლეთ. შემდეგი ეტაპი არის და საშუალოზე დაბალი დონის ევროპულ გუნდებთან წაუგებლად თამაში და საშუალო გუნდებთან ტოლ-სწორად ბრძოლა. აბა თქვენ სიტყვა პროგრესის მნიშვნელობა როგორ გესმით? იტალია-პორტუგალია-გერმანიასთან და მსგავს ნაკრებებთან შინ და გარეთ მოგებების სერიები? ეგ ხომ თვითონ ტოპ-ნაკრებების ოცნებაა???