რუსულ წრეებში კარგად ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა მამუკა ჯუღელმა ინტერვიუ მისცა გამოცემა business-online-ს და სხვა საკითხებთან ერთად, ქართველ ფეხბურთელებზეც ისაუბრა.
Sportall.ge გთავაზობთ ქართველი მკითხველისთვის საინტერესო ნაწილების თარგმანს.
- როდის გაჩნდა პირველი სერიოზული ინტერესი თქვენი კლიენტების - ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის მიმართ?
- ისინი ყოველთვის კარგი ფეხბურთელები იყვნენ. 15 წლის ასაკში უკვე თბილისის "დინამოს" ძირითად გუნდში გამოჩნდნენ, შემდეგ სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები იყო და ამის შემდეგ გაჩნდა ინტერესი.
- არ გეშინიათ, რომ რუსეთის ჩემპიონატი არც ისე ძლიერია, მას განსაკუთრებულად არ უყურებენ და ამის
- რატომ არ უყურებენ რუსეთის ჩემპიონატს? ვიდიჩი, ივანოვიჩი პრემიერლიგაში რუსეთიდან წავიდნენ. "რუბინი" ძლიერი გუნდია, სერიოზული ისტორიით და ევროპაშიც კარგად იცნობენ. მათ "ბარსელონა" დაამარცხეს და არცერთ რუსულ კლუბს არ ჩამორჩებიან. 3 წლის განმავლობაში პატარა ჩავარდნა იყო, თუმცა დანარჩენი ყველაფერი რიგზეა. რომელი კლუბები იბრძოდნენ პირველობისთვის? ცესკა, "რუბინი", "ზენიტი", "ლოკომოტივი". ბოლო 10 წელია ასე გრძელდება.
"რუბინის" გენდირექტორ რუსტემ საიმანოვს ქართული ხასიათის კარგად ესმის, ტყუილად ისინი არ აუყვანია. ჩემთვისაც ადვილი იყო მათი "რუბინში" მოწყობა, რადგან ყაზანში ქართველები ადვილად გადიან ადაპტაციას, როგორც "ლოკომოტივში". საერთოდაც, იური სიომინს ქართველი ხალხისთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული. პალიჩი ჩვენთვის ლეგენდაა. ასათიანი, აშვეთია, ჯანაშია - ყველა მათგანი პალიჩის დამსახურებაა. ანდა რას ვაქებ, თქვენც კარგად იცით, რამდენად ძლიერი პიროვნებაა. ტყუილად არ აუყვანია კვარაცხელია. სიომინი ახალგაზრდა ფეხბურთელს ისე არ აიყვანს, თუ 150-ჯერ არ შეამოწმებს. ეს კი ნიშნავს, რომ ხვიჩაში რაღაც არის.
- რატომ არ დარჩა ხვიჩა "ლოკომოტივში"?
- "ლოკომოტივს" კიდევ სურდა, მას გარკვეული დროის განმავლობაში დაკვირვებოდა. მე კი კიდევ 1 წლით დაცდა არ მინდოდა. ჩემი პროფესია ფეხბურთელის მიმართ ასეთი დამოკიდებულის უფლებას არ მაძლევს. ღმერთმა არ ქნას და, ტრავმა რომ მიეღო? ვინ დააყენებდა მას ფეხზე? ხვიჩას ოჯახთან ერთად დავსხედით, გავიგე, თუ რა იყო მათთვის მისაღები. მეტი არაფერი ყოფილა. "ლოკომოტივის" აზრით, ხვიჩამ ვერ დაამტკიცა, რომ კლუბისთვის საჭირო ფეხბურთელი იყო.
- სიომინს როგორ მიაჩნდა?
- ყვიროდა, ხვიჩა ვარსკვლავიაო.
- ევროპიდან იყო ინტერესი?
- ბევრი შემოთავაზება გვქონდა. ამის შესახებ "რუბინში" იციან: "დინამოსთან" გამართულ შეხვედრაში ლონდონიდან იყვნენ ჩამოსულები, "არსენალი" აკვირდებოდა მას. მინდა გითხრათ, რომ ხვიჩას დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალს.
- ხვიჩა კვარაცხელიას გაშვებით "ლოკომოტივმა" შეცდომა დაუშვა?
- ამას დრო აჩვენებს. გავა 4-5 წელი და თუ კვარაცხელია ვარსკვლავი გახდება, ეს ნიშნავს, რომ "ლოკომოტივი" შეცდა. თუკი ხვიჩა "რუბინში" დარჩება და რუსეთის ჩემპიონატში საშუალო დონის ფეხბურთელი იქნება, ეს იქნება იმის მტკიცება, რომ მე შევცდი. თუმცა, მიმაჩნია, რომ საერთოდ არ შევმცდარვარ.
- რა განცდა იყო, როცა ხვიჩამ "ლოკომოტივს" გაუტანა?
- რა თქმა უნდა, ბედნიერი ვიყავი. დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი - ჩემს ბიჭს "ლოკომოტივის" კარში გააქვს გოლი, "რუბინი" რთულ ქულას იღებს გასვლაზე. რომ გითხრა, არ მომეწონა-მეთქი, დამიჯერებ?
- რა გაიფიქრეთ, როცა სიომინის სახე დაინახეთ?
- ეს ფეხბურთია. მაისში ხვიჩამ "რუბინს" მეოთხე გოლი გაუტანა და მაშინაც ბედნიერი ვიყავი. ის ჩემი მოთამაშეა, საკუთარი შვილივით მიყვარს. ჩემი კლიენტები თავად გეტყვიან, თუ როგორ განვიცდი მათ გამო და ისინი ჩემი შვილებივით არიან. ყოველთვის ასე იყო და იქნება კიდეც. რევიშვილი, სალუქვაძე, კვირკველია, მარცვალაძე, ხოჯავა, არზიანი და ბევრი სხვა.
- ზურიკოზე არ იყო შემოთავაზებები?
- იყო, და საიმანოვი რომ არ გახლდეთ "რუბინში", იქ არც კვარაცხელიას მივიყვანდი, არც ზურიკოს, არც მიქელთაძესა და არც ყიფიანს. ყველა ტრანსფერი დირექტორის გამო განხორციელდა. ჩვენ ახლო ურთიერთობა გვაქვს, ის სიტყვის კაცია. ფეხბურთელებს ის ძალიან უყვართ და აფასებენ.
- ის დაგპირდათ, რომ ბიჭები ითამაშებდნენ?
- საიმანოვი კარგი მენეჯერია, ის ყველაფერს კარგად ხედავს და თავადვე არჩევს ფეხბურთელებს. ისე არ ყოფილა, რომ მე მივედი და ვუთხარი - "შეხედე, რუსტემ, რა კარგი ფეხბურთელია". მან ყველაფერი კარგად იცოდა.
- რომელი გუნდები იყვნენ ზურიკოთი დაინტერესებულნი?
- "გენტი" და გერმანული კლუბები. თუმცა მე მას ვურჩიე: "არ წახვიდე გერმანიაში. თუ გინდა ჩემთან ერთად ყოფნა, წავიდეთ რუსეთში. მე ძალიან მომწონს რუსული ფეხბურთი.
- ბერდიევს ზურიკოს "რუბინში" ხილვა ჯერ კიდევ ზამთარში სურდა. რატომ არ გამოვიდა მაშინ?
- ზურიკომ ჩემთან კონტრაქტს ხელი აპრილში მოაწერა. იქამდე სხვა აგენტები ჰყავდა. აპრილის ბოლოს ფეხბურთელის მშობლებს შევხვდი, მათ დახმარება მთხოვეს. დანარჩენი მე არ ვიცი.
- კვირკველიას "რუბინიდან" "ლოკომოტივში" გადაყვანა რთული იყო?
- გეტყვით, რატომ მიყვარს საიმანოვი: ის თხოვნას ძალიან მარტივად მოისმენს, განიხილავს მას და ძალიან სწრაფად გეტყვის პასუხს. არანაირი სირთულე არ ყოფილა, ძალიან ადვილად შევთანხმდით.
- კვირკველიამ თქვა, რომ თქვენ "ლესტერთან" გქონდათ მოლაპარაკებები. რატომ არ გადავიდა საბა ინგლისურ კლუბში?
- უარი თქვა, ჩემპიონობა უნდოდა.
- ინგლისის პრემიერლიგაში თამაში რუსეთის ჩემპიონობის ტოლფასია მისთვის?
- ეს კვირკველიას ჰკითხეთ. თუმცა პირდაპირ გეუბნებით, უარი მან თქვა. მითხრა: "კიდევ 6 თვით დავრჩები, სიომინს ვერ ვუღალატებ, მან ჩემთვის ძალიან ბევრი გააკეთა. მინდა, "ლოკომოტივი" ჩემპიონი გახდეს".
- რამდენს იხდიდნენ?
- 10 მილიონ ევროს, ოფიციალური წერილი გამოაგზავნეს.
- ღირს კი ეს ფასი?
- ჩემთვის 150 მილიონიც ღირს.
- აქვს კი კიდევ კვირკველიას ინგლისის პრემიერლიგაში წასვლის შანსი?
- ის მხოლოდ 27 წლისაა და არ ნებდება. ვფიქრობ, თავის დროზე გაისვრის. სურვილი რომ ჰქონოდა, "ლესტერში" მაშინ წავიდოდა. კვირკველია იცნობს საკუთარ თავს და დარწმუნებულია, რომ კარგი შეთავაზებები ექნება.
- ეყოფა კი კვირკველიას სისწრაფე ინგლისის პრემიერლიგისთვის?
- ყველა ამაზე საუბრობს. "ლოკომოტივში" ერთი კაცი მუშაობს. ძლიერი პიროვნებაა, გრიგორიჩი ჰქვია. ის ასაკშია და ფეხბურთში ძალიან კარგად ერკვევა. თვალები არწივივით აქვს, ზუსტად წერტილში ხედავს. ზუსტად სისწრაფის გამო აიყვანა კვირკველია. ბეილმა სცადა მისთვის ბურთის გადაგდება და გასწრება, თუმცა საბა არ ჩამორჩა. მერე მეორედ სცადა და მეორედაც იგივე იყო. კვირკველიას საოცარი სისწრაფე აქვს, ამაში ბევრი პროფესიონალი ცდება. გრიგორიჩს კი ეცინება: "რას ამბობ, ბეილს გაასწრო, სასწაული სისწრაფე აქვს. შეხედე კვირკველიას სტილს: სპეციალურად აძლევს ფორას თავდამსხმელს, რომ ბურთი წინ გაიგდოს და თითქმის ყოველთვის ასწრებს მას". კვირკველიას ძალიან კარგი სისწრაფე აქვს, განსაკუთრებით, სპრინტის დროს. ძალიან ძნელი გასაგებია, ამას როგორ ახერხებს.
- 2015 წელს "რუბინის" შეკრებაზე ამბობდნენ, რომ კვირკველია გუნდში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი იყო. ცოტა ხნის წინ გავარკვიეთ, რომ "ლოკომოტივში" პირველი ნამდვილად არ არის...
- საბას ერთი მინუსი აქვს, შეკრებების დროს თქვენ ფეხბურთელ კვირკველიას ვერ დაინახავთ. ჯობია ჩემპიონატის თამაშებში ნახოთ. დარწმუნებული ვარ, ის მოწინააღმდეგეს აჯობებს. მისგან შორს ნამდვილად ვერავინ წავა.
- ასე რატომ ხდება? ეზარება?
- არა, ის ზარმაცი არ არის. არ ვიცნობ მწვრთნელს, რომელიც კვირკველიას ზარმაცს დაარქმევდა. მეც ფეხბურთელი ვიყავი და შეკრებებზე კარგად არ გამოვიყურებოდი. მაგრამ, როცა ფეხბურთი იწყებოდა, სათადარიგო სკამზე არასდროს ვყოფილვარ. შეუძლებელია ფეხბურთელი მთელი სეზონის განმავლობაში ფორმის პიკზე იყოს, ჩავარდნები აუცილებლად ექნება.
- დარწმუნებული ხართ, რომ საბას ევროპაში წასვლა უნდა? იქნებ რუსეთში თავს უკეთ გრძნობს?
- მე თქვენ ერთ ტოპ-კლასის ფეხბურთელს დაგისახელებთ, რომელიც რუსეთის დატოვებისთვის მზად არ არის. თქვენ ის დაგავიწყდათ - გია გრიგალავა. ძალიან ძლიერი მცველია. მას ჰკითხეთ: "ევროპა თუ ტულის "არსენალი?" ის გიპასუხებთ - "არსენალი". ევროპასა და "როსტოვს" შორის რომ იყოს არჩევანი გასაკეთებელი, ის "როსტოვს" აირჩევს. გრიგალავა ისე მიეჩვია რუსეთს, რომ ევროპულ ვარიანტებს არც კი განიხილავს. 4 თვის წინ იყო ორი შემოთავაზება - ერთი ბელგიიდან, მეორე საბერძნეთის ტოპ-კლუბიდან. გიამ უარი თქვა, მეუბნება: "იქ თავს კომფორტულად ვერ ვიგრძნობ".
- არსებობს მოსაზრება, რომ ქართველები ხელოვანები ხართ...
- რა თქმა უნდა, მოედანზეც ასეა. ჩვენ შედევრები გვიყვარს, შეგვიძლია ამის ლამაზად გაკეთება. სუფრის გაწყობაც, მოედანზე ლამაზად თამაში, ლამაზად ჩაცმა.
- მე სიმულაციას ვგულისხმობდი... მცირე შეჯახება და როგორც ჯიქია ეცემა, ეს მთელი კონცერტია...
- არ ვიცი, რა კონცერტზე საუბრობთ, თუმცა ჯიქია ნომერ პირველია დღეს. ის ნაკრებში თამაშობს, "სპარტაკის" კაპიტანია. გიორგი "პიჟონი" არაა, ის არაფერს იგონებს, ეს ნამდვილად ასეა. ის ბოლომდე იხარჯება, მთელი გულით თამაშობს.
არ ვთვლი, რომ ქართველები სიმულანტები ვართ. კვარაცხელიაც ხელოვანია, ზურიკო, ასათიანი, აშვეთია - ისინიც ხომ ქართველები არიან. მე კი აქ მსახიობებს ვერ ვხედავ. ვხედავ, როგორ ლამაზად ეცემიან და ცდილობენ პენალტის მოპოვებას - ეს კი. ვხედავ, როგორი ლამაზი გოლები გააქვთ მაკრატელა დარტყმით, როგორც ოქრიაშვილს.
ჩვენ ლამაზი ფეხბურთი გვიყვარს და ეფექტურად გამარჯვებაც შეგვიძლია. ამიტომ მიყვარს "კრასნოდარი", ამ გუნდში ხელოვანები თამაშობენ. ამ ფეხბურთელებმა გუნდში ნამდვილი თეატრი შექმნეს. მაშინაც კი, როცა აგებენ, ამას ლამაზად აკეთებენ.
- ქართველი ფეხბურთელების ახალ თაობას რა გამოარჩევს ძველებისაგან?
- კომუნისტების დროს ქართველებს ძალიან ფეთქებადი ხასიათი ჰქონდათ. ახლა კი ამ საკითხზე აკადემიები მუშაობენ. "დინამოს" ესპანელები წვრთნიან, "საბურთალოსა" და "ლოკომოტივშიც" ასეა, რომ ევროპული წესებით ზრდიან. 18 წლის ფეხბურთელი, რომელიც ყვითელ ბარათს მიიღებს, მსაჯთან საკამათოდ აღარ გარბის. უკვე დიდ ყურადღებას აქცევენ ბურთით მუშაობასა და ფიზიკურ მომზადებას.
საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები ევროპაში კარგად გამოდიან. ხვიჩასა და ზურიკოს ნაკრები უნგრეთში ითამაშებს 9 ოქტომბერს. ამ ნაკრებშია 18 წლის ივა გელაშვილი, პრაღის "სპარტას" 19-წლამდელთა გუნდის წევრი. უკვე 189 სანტიმეტრია და საოცარი სისწრაფე აქვს. ქართული ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავია. "რუსთავში" მარჯვენა მცველი გვყავს, კაპანაძე, კეტაშვილის სტილის ფეხბურთელია. სექტემბერში გახდება 18 წლის. მალე მას რუსეთში ნახავთ, ალბათ, ახალი წლის შემდეგ. ეს ორი ფეხბურთელი კვარაცხელიასა და დავითაშვილს არ ჩამოუვარდება. თუმცა ხვიჩა და ზურიკო ტოპ-დონეა. ნახევარი საქართველო დავობს, რომელი მათგანი ჯობია.
კვარაცხელიას ძმა ჰყავს, თორნიკე. ხვიჩაზე ძლიერია. ყველას ატყუებს და ისე გააქვს გოლები, თითქოს ცარიელი კარი იყოს მის წინ. რასაც უნდა, ბურთთან ერთად იმას აკეთებს. ასე ზრდასრულებს არ შეუძლიათ. ის მხოლოდ 10 წლის გახლავთ.
ბევრია საქართველოში ასეთი ბავშვი, სოკოებივით იზრდებიან. მათ დახმარება სჭირდებათ, საჭირო დროს სწორ გზაზე დაყენება, სწორი კლუბის არჩევა. აუცილებელია, რომ აგენტმა იქ არ წაიყვანოს, სადაც არ ათამაშებენ.
- რა არის მთავარი შეცდომა, რასაც აგენტები საქართველოში უშვებენ?
- აი, ვთქვათ, არის 17 წლის ფეხბურთელი, როგორც კვარაცხელია. ის "ბენფიკაში" რომ წასულიყო, ნახევარი წელი ვერ ითამაშებდა, სანამ 18 წელი არ შეუსრულდებოდა. არიან აგენტები, რომლებიც დაუფიქრებლად მიიყვანენ ფეხბურთელებს იმ კლუბში, რომელიც მეტს გადაიხდის და ნახევარი წლის მერე, როგორღაც ითამაშებს. მე კი ასე არასდროს ვიქცევი. ჯობია ის 6 თვე საქართველოში ითამაშოს და როცა 18 წლის გახდება, მერე მოვაწყობ როგორმე კლუბში.
- კავკასიაში ხშირად იცვლიან ასაკს. რამდენად სერიოზული პრობლემაა ეს საქართველოში?
- რასაც ამბობენ, უნდა დაამტკიცონ. 2000 წელს შემდეგ დაბადებულებთან დაკავშირებით, ეს შეუძლებელია. ახლა ახალი სისტემაა, ყველა ინფორმაცია კომპიუტერებშია. თან, ვინც ამას ამბობს, არ მესმის იმათ, რაში სჭირდებათ. ადამიანი "ბაიერნში" რომ მიდის, მან აუცილებლად უნდა ჩააბაროს ასაკის ტესტი.
ხვიჩასა და ზურიკოს "მანჩესტერ სიტი" და "არსენალი" აკვირდებიან. ოდესმე, როცა ისინი იქ მოხვდებიან, პირველი შეკითხვა იქნება: "რამდენი წლის ხარ?" ფრჩხილები, სისხლი - ყველაფერს შეამოწმებენ. აბა, ვინ გარისკავს? ძალიანაც რომ ეცადო, არაფერი გამოგივა. 2000 წლის შემდეგ დაბადებული ნებისმიერი ფეხბურთელის ასაკი ზუსტია. ზურიკოსა და ხვიჩას მშობლები ჩემთან ერთად თამაშობდნენ ფეხბურთს. ძალიან კარგად მახსოვს, როდის დაიბადნენ ისინი. საერთოდაც, მე და ხვიჩას მამა ბავშვობიდან ვმეგობრობთ.
- საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა, საიდან ფული?
- ფეხბურთში ძალიან ცუდი სიტუაციაა. სახელმწიფო ეხმარება ფედერაციას, ფედერაცია კი თითოეულ კლუბს სეზონისთვის ფულს ურიცხავს. დანარჩენ ფულს სპონსორები იძლევიან.
- რომლებია ყველაზე მდიდარი კლუბები?
- თბილისის "დინამო" კარგად არის. კლუბს ბიზნესმენი რომან ფიფია პატრონობს. ის ბევრს აკეთებს ქართული ფეხბურთისთვის.
- რამდენია ქართველი ფეხბურთელების საშუალო ხელფასი?
- ქუთაისში 10-15 ათასი ლარი იყო თვეში. ეს დაახლოებით 5-7 ათასი დოლარია, მაგრამ არიან ლეგიონერები, რომლებიც 1-12 ათას დოლარს იღებენ.
- დავუშვათ, "დინამოში" 18 წლის ფეხბურთელს ექნება დებიუტი. რამდენს მიიღებს?
- ისინი მდიდრები არ არიან, თუმცა - არც ღარიბები. არ ტირიან, ჰყოფნით. საქართველოსთვის ეს ნორმალური თანხებია.
- ქართულ ბაზარზე საშუალო სატრანსფერო ფასი რამდენია?
- "დინამოს" შეუძლია 200-300 ათას ევროდ აიყვანოს ვინმე. ზოგი 50-100 ათასს გადაიხდის, ზოგს უფასოდ აჰყავს.
კვარაცხელიასთან დაკავშირებით კი რაც ამ
კაცმა და რუსთავის გუნდმა იფოკუსნიკეს,
მინიმუმ გამოსაძიებელია.