საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ამჟამად თბილისის მერი კახი კალაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.
"სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ, რამაც თითოეულ ჩვენგანს გული გვატკინა. გუშინდელმა დღემ გული დაწყვიტა ჩვენი ნაკრების ყველა გულშემატკივარს, რომლებიც ფეხბურთის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა, ჩვენი გამარჯვების ჟინმა გააერთიანა. გუშინ ბევრი მათგანის თვალზე ვიხილეთ ცრემლი და ეს ემოცია ყველაზე დიდ დაფასებას იმსახურებს.
გუშინ ერთ-ერთი ასეთი გულანთებული ადამიანი საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე დაჯარიმდა, რამაც ადამიანების გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია. ფეხბურთის და საკუთარი ქვეყნის ნაკრების ასეთი გულშემატკივრობა დაფასებას
სტადიონზე ვიმყოფებოდი ჩემი განვლილი ცხოვრებიდან და საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე და არა როგორც პოლიტიკოსი ან ქალაქის მერი. ეს არ იყო არც რაიმე სახის პრივილეგია, "ჩაწყობა", "ჩინოვნიკობა" ან რამე უკანონო ქმედება. უეფასგან და ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მივიღე მოსაწვევი, როგორიც ყველა სხვა მატჩზეც მომდის ხოლმე. ეს მოსაწვევი დამატებით სამი პირის თანხლების უფლებას მაძლევდა.უცნაური ის იქნებოდა, მე და სხვა ვეტერანი ფეხბურთელები ბიჭების გვერდში რომ არ ვმდგარიყავით ამ უმნიშვნელოვანეს წუთებში.
აქვე, მინდა შევეხო ჩემი უფროსი შვილის, ლევანის ტრიბუნაზე ყოფნის ფაქტსაც. ვისაც გული დაწყდა ამ კადრის დანახვისას, განგიმარტავთ, რომ ყოველთვის, ძალიან პატარა ასაკიდან, ჩემი შვილი ლევანი პრაქტიკულად ყველა მატჩზე თან მახლავს და ინერციით გუშინაც ერთად მივედით ამ უმნიშვნელოვანეს მატჩზე.
ალბათ, მეტად უნდა გამეთვალისწინებინა რეგულაციებიდან გამომდინარე შექმნილი განსაკუთრებული ვითარება, თუმცა ჩემთვის გუშინ იმდენად ემოციური დღე იყო, ამ საკითხზე სამწუხაროდ ყურადღება აღარ გამიმახვილებია. ამის გამო ბევრმა ჩემი პოლიტიკური დატვირთვით გაკრიტიკება გადაწყვიტა, რაც ნამდვილად უადგილოა. სპორტი ყველას გვაერთიანებს და მოდით, აქ მაინც ნუ შემოვიტანთ პოლიტიკას.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც გულწრფელად გამაკრიტიკა და გულისწყვეტა გამოხატა, თითოეულ მათგანს ბოდიშს ვუხდი ამ უნებური შეცდომისთვის. კიდევ ერთხელ მინდა გავამხნევო ნაკრების ბიჭები და გულშემატკივარი. მჯერა, რომ ერთად დგომით და ერთმანეთის გულშემატკივრობით დიდ გამარჯვებებს მივაღწევთ!" - დაწერა კახიმ.