ხვიჩას მამა, თავადაც პროფესიონალი ფეხბურთელი - ბადრი კვარაცხელია შვილის კარიერაზე გვესაუბრება. მისი აზრით, ფეხბურთელი არასდროს უნდა იყოს კმაყოფილი საკუთარი თამაშით და მუდმივად ვითარდებოდეს. ხვიჩასაც დიდ მიზნებამდე დიდი გზა აქვს გასავლელი...
ბადრი კვარაცხელია:
- სიარული დაიწყო თუ არა, ბურთი სულ თან ჰქონდა (იცინის). მე ბაქოში ვმუშაობდი და პირველად სწორედ იქ მივიყვანე ხვიჩა ფეხბურთზე, პატარების გუნდში 7-8 წლის ბავშვებთან ერთად ვარჯიშობდა, თვითონ 5-6 წლის გახლდათ. მერე უკვე იყო თბილისი: "ოლიმპიკი", "ავაზა", "დინამო" და ა.შ. ძალიან შრომისმოყვარე ბავშვი დღეში 2-3-ჯერ ვარჯიშობდა. დილით ადრე, 6 საათზე "დინამოს" ბაზაზე ვარჯიშზე მიდიოდა, 9-ზე კი - სკოლაში. 10-12 წლის ბავშვისთვის ეს იოლი არ არის.
- ალბათ, კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ ფეხბურთელობას სერიოზულად უნდა მიჰყოლოდა და ეს მისთვის სტიმულიც იყო, არა?
- კი, რა თქმა უნდა, ძალიან მოწადინებული იყო. მისი ამოცანა სწორედ ის გახლდათ, რომ ფეხბურთი ეთამაშა და ახლაც ეს მიზანი აქვს, მეტს მიაღწიოს, დიდი ფეხბურთი ითამაშოს. ვნახოთ, რა გამოგვივა.
- როგორც მამა, მისი შედეგებით კმაყოფილი ხართ? როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი, რაიმე რჩევებს თუ აძლევთ? მისი "მთავარი მწვრთნელი" ცხოვრებაში, ალბათ, ყოველთვის თქვენ იყავით...
- სიმართლე გითხრათ, ახლა მაინცდამაინც არ ვერევი. პატარა რომ იყო და მერეც, 15-16 წლის, დავსხდებოდით და ყველაფერს განვიხილავდით, რა შეცდომები ჰქონდა და რა უნდა გამოესწორებინა. ახლა უკვე გამოცდილი, პროფესიონალი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ჰყავს, ვინც უკეთეს რჩევებს მისცემს, თუ საჭირო იქნება. მე არ მინდა, ჩავერიო. ჯობია, ერთ მწვრთნელს დაუჯეროს, შეცდომები მან გააანალიზებინოს, მიუთითოს. ხვიჩა ძალიან კმაყოფილია მასთან მუშაობით.
- თქვენი შვილის ბოლოდროინდელ თამაშებს როგორ შეაფასებთ?
- შეფასებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ საკმაოდ თვითკრიტიკულია, არასდროსაა კმაყოფილი თამაშით და უნდა, რომ მეტი გააკეთოს. წინსვლისა და პროფესიული ზრდისთვის ეს კარგია და მეც ვეთანხმები. მეტი შეუძლია, მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდეს, მეტი უნდა მოინდომოს. ფეხბურთელი თუ თავისი თამაშით კმაყოფილი იქნება, ეს მისთვის ცუდია. ხვიჩას კიდევ ბევრი აქვს სამუშაო. წამყვანი ფეხბურთელი რომ გახდება და დიდ გუნდში ითამაშებს, მაშინ ვიქნები კმაყოფილი. ჯერ ამაზე საუბარი ადრეა. გააგრძელეთ კითხვა
აშკარად ეტყობა ობიექტურობის ნაკლებობა ქართულ ფეხბურთს თავისი მესვეურებიანად!
მადლობა ოჯახებს ასეთი კარგი პიროვნებების აღზრდიასათვის. წარმატებები ჩაკვეს და კვარას!