საქართველოს ნაკრები უმწვრთნელოდაა. სფფ ახალი დამრიგებლის საკითხზე მუშაობს, გვარები კი ჯერჯერობით არ სახელდება.
ჩვენ ვეტერან ფეხბურთელ რევაზ ძოძუაშვილს დავუკავშირდით და მოსაზრებას დავეკითხეთ.
"ძალიან მიხარია, რომ მომეცა საშუალება, რომ გავხატო ჩემი აზრი, თუ ვინ იქნება ჩვენი ნაკრების მომავალი მწვრთნელი.
შეცდომის უფლება უკვე აღარ გვაქვს. პანდემიის გამო მსოფლიო გაჩერებულია ახლა, მაგრამ ამ მიზეზის დასახელება, რომ წარუმატებლობა ამან გამოიწვია, ასე არ შეიძლება.
ამ გზაზე სიარული ახლა ჩვენ არ გამოგვადგება. ჩვენ გამოგვადგება ჭკვიანური აზრი, რომ ყველაფრის თავი და თავი არის მწვრთნელი. როგორც სუფრაზე თამადაა
მნიშვნელოვანი, ისეა მწვრთნელი გუნდისთვის.
ისეთი მწვრთნელი უნდა მოვიდეს, რომ ყველანაირად პროფესიონალი იყოს. მან ყურადღება უნდა მიაქციოს ეროვნულ ჩემპიონატს და თითოეულ ფეხბურთელთან და გუნდთან შეხება ჰქონდეს.
ამ ადამიანმა უნდა შექმნას ისეთი მწვრთნელთა სტაფი, რომლებიც ყველაფერ ამ საქმეში იქნებიან ჩართულნი.
ადრე საბჭოთა კავშირის დროს იყო პრაქტიკა, რომ ჩამოჰყავდათ უცხოელი მწვრთნელები და ქართველებთან ერთად მუშაობდნენ. საქართველოდან ერთ-ერთ საუკეთესო ანდრო ჟორდანია იყო, უცხოელი კი - მიხეილ იაკუშინი.
მისი მიდგომა სავსებით გამართლებული იყო და ყველანაირად პროფესიონალური. თუ ვინმე გამოჩნდა "დინამო თბილისში" და იყვნენ ვარსკვლავები, ეს იყო ანდრო ჟორდანიასა და იაკუშინის დამსახურება.
ჩვენ ახლა სწორედ იაკუშინისა და ანდრო ჟორდანიასნაირი პიროვნებები გვჭირდება. ახლა არის გარდატეხის პერიოდი, რადგან თაობათა ცვლა მიდის და ამას ნამდვილი პრაქტიკოსი მწვრთნელი სჭირდება.
ვაისმა თითქოს ყველაფერი აჩვენა, მაგრამ ის სიბრძნე დააკლდა... მადლობა ვაისს, რომ მან ერთი მნიშვნელოვანი რაღაც გააკეთა: სლოვაკმა პირველ ნომრად თამაში გვასწავლა.
ფეხბურთი ყოველდღიურად, ყოველთვიურად იზრდება... კარგია პირველ ნომრად თამაში, მაგრამ ეს მატჩებს მარტო ვერ იგებს.
ვინ არის ისეთი მწვრთნელი, რომლის გუნდიც დღეს ტოტალურ და ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს? - ერთ-ერთი ასეთი ძლიერი პიროვნება არის ანჩელოტი.
თუ გამოჩნდება ისეთი პიროვნება, რომ თუნდაც ორჯერ მეტი დაგვიჯდეს, წავიდეთ და ანჩელოტი ჩამოვიყვანოთ, იქნება საუკეთესო ვარიანტი. ასე ვითამაშებთ დიდ ფეხბურთს.
არიან ახალგაზრდა მწვრთნელებიც... მშვენიერ თამაშებს აჩვენებენ "ლაიპციგი" და "ბაიერნი"...
მე ვემხრობი პირველ რიგში ქართველ მწვრთნელს, მაგრამ რაც ჩამოვთვალე, თუ ჩვენს ქვეყანაში ასეთი ვერავინ ვნახეთ, მაშინ მივდივარ ანჩელოტისთან.
ბევრი მწვრთნელი დღეს გამოდის და ამბობს, რომ მე უკვე მზადა ვარ ნაკრების ჩასაბარებლადო...
კი ბატონო, თუ მზადა ხარ, მიდი და გააკეთე საქმე... მეც და არის კიდევ არაერთი ადამიანი, რომელსაც დიდი ფეხბურთი აქვს ნათამაშები.
მოვიდეს, დაჯდეს ჩვენთან ერთად და დაგვიმტკიცოს, რა შეუძლია. ჩავრთოთ მაგალითად უკრაინა-ინგლისის თამაში, გაგვირჩიოს შემადგენლობები, გვითხრას თავისი აზრი, რა და როგორ იქნება, ასევე, რას შეცვლიდა... უნდა შევაფასოთ ამ კაცის ცოდნა", - თქვა ძოძუაშვილმა.