"გუნდი მეტად თამაშობს ფეხბურთს და არა ანტიფეხბურთს..." - ცნობილი ჟურნალისტი ნაკრების კარგ თამაშს გამოეხმაურა

AutoSharing Option
საქართველოსა და ესპანეთს შორის თამაშის დასრულების შემდეგ "პალიტრანიუსის" ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" აზრი დააფიქსირა:

"ისევ ნაკრებზე და სანიოლზე. რა გვაჩვენა ამ ორმა თამაშმა? რა არის ნაკრების მთავარი ნაკლი?

მიუხედავად იმისა, რომ სანიოლს და ნაკრებს ეს დღეებია ვაკრიტიკებ, ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე არ მომწონს. უფრო პირიქით. ეს მათთვის, ვინც ვერ ხვდება კრიტიკის დანიშნულებას.

ფეხბურთს რომ დავუბრუნდეთ და ეს ორი მატჩი შევაჯამოთ:

უდავოა, რომ სანიოლმა გუნდს ხელი დაატყო. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. უდავოა, რომ ცდილობს გუნდს უფრო შემტევი ფეხბურთი ათამაშოს;
უდავოა, რომ არც ექსპერიმენტებს ერიდება, ახალ ფეხბურთელებსაც მისცა შანსი და ა. შ. მოკლედ, გუნდი მეტად თამაშობს ფეხბურთს და არა ანტიფეხბურთს.

ეს ცალსახად კარგია, მაგრამ არა საკმარისი.

ვიცი, მეტყვით, რას ითხოვ ორი დღის დანიშნული მწვრთნელისგან, რომ შვედეთისთვის და ესპანეთისთვის მოეგოო? არა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მინიმუმ ფრე ორივესთან შეგვეძლო და ეს რომ არ მოხდა, ამის მიზეზები უნდა ვეძებოთ, თორემ მიდგომით: კი წავაგეთ, მაგრამ კარგად ვითამაშეთ, ბიჭებმა ყველაფერი დადეს და ა.შ. შორს ვერ წავალთ. ასეთი მიდგომით, გამოდის, რომ ნაკრებს ზღვარს ვუდებთ, ვფიქრობთ, რომ ესაა მათი მაქსიმუმი და ამაზე მეტი არც უნდა მოვთხოვოთ.

ესპანეთი ყოველთვის ესპანეთი იქნება და შვედეთი - შვედეთი. მსოფლიოში კიდევ ათეულობით ნაკრებია, რომელთა ფეხბურთლები ჩვენს ფეხბურთლებზე უკეთეს ლიგებში თამაშობენ და თუ ეს არის თავის გასამართლებელი, რაღას ვთამაშობთ ფეხბურთს? წინასწარ გამოვაცხადოთ წაგება ასეთ გუნდებთან.

სწორედ იმიტომ, რომ ასეთ გუნდებთან წინასწარ წაგება არ გამოვაცხადოთ, საჭიროა წინსვლა. წინსვლისთის კი კრიტიკაა აუცილებელი. სანიოლი და ნაკრებიც შევაქოთ, მაგრამ ნაკლზეც ვისაუბროთ, რომლის გამოსწორებაც შეიძლება და აუცილებელია.

საქართველოს ნაკრების მთავარი ნაკლი კი არის პრესინგის თამაშის არცოდნა. პრესინგის გარეშე კი თანამედროვე ფეხბურთი არ არსებობს. აი, რაზეა სამუშაო. თავის გასამართლებლად აქ არ გამოდგება არგუმენტი, რომ ქართველები თურმე სხვებზე მეტად იღლებიან. რას ნიშნავს იღლებიან? რატომ იღლებიან? ყველა ფეხბურთელი სათამაშო პრაქტიკის გარეშეა? ასე ხომ არაა. უმეტესობა ხომ საკუთარ გუნდებში 90 წუთს თამაშობს და აქ რა ემართებათ? თუ იღლებიან, ეს ცუდი ფიზიკური ფორმის ბრალია კი არა, ძალების არასწორად განაწილების და პრესინგის სწორად თამაშის არცოდნის ბრალია.

საქართველოს ნაკრები მხოლოდ მაშინ თამაშობს კარგ ფეხბურთს, თუ მეტოქე აძლევს ამის საშულებას, ანუ როცა მეტოქეც არ მიმართავს პრესინგს. როცა ზლატანმა თქვა, ქართველებს ზედმეტი პატივი ვეცითო, სწორედ ამას გულისხმობდა, ანუ მეორე ტაიმში დაგვეზარა ზეწოლა და ქართველებმაც გაიგულავესო. როგორც კი მეტოქე ტემპს უმატებს და გვავიწროებს, ეგრევე საკუთარ საჯარიმოს ვეჯაჭვებით და გარეთ ცხვირს ვერ ვყოფთ. არადა, პრესინგის წინააღმდეგ საუკეთესო იარაღი ისევ პრესინგია. სხვა გზა აქ არ არსებობს. ყველა ხაზი ზემოთ უნდა ამოსწიო და შენი კარის დაცვა მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან დაიწყო.

ჩვენ კი რას ვაკეთებთ? როგორც კი ბურთს ვკარგავთ, საკუთარ ნახევარზე ვიხევთ და დაცვაში ვჯდებით. ასე ფეხბურთს 80-იანი წლების მერე არავინ თამაშობს. სანიოლმა ამას უნდა უწამლოს. ხაზსს ვუსვამ, რომ არავინ ითხოვს 90 წუთის განმავლობაში პრესინგის თამაშს. 90 წუთი პრესინგს არცერთი გუნდი არ თამაშობს, მაგრამ ჩვენ ვართ ალბათ ერთადერთი გუნდი, რომელიც პრესინგს მთელი თამაშის განმავლობაში 20 წუთზე მეტს ვერ ვქაჩავთ. ესეც საუკეთესო შემთხვევაში. ძალების სწორად განაწილება იმას ნიშნავს, რომ ორივე ტაიმში მინიმუმ 20-25 წუთი მაინც უნდა შეძლო პრესინგი. ანუ 25 წუთი ერთ ტაიმში, 25 წუთი მეორეში. ეს მინიმუმია.

ჩვენ კი მაქსიმუმ ერთ ტაიმში ვქაჩავთ 20 წუთს და მეორე ტაიმში უბრალოდ დაცვაში ვდგავართ (ან პირველ ტაიმში ვდგავართ და გოლს რომ გაგვიტანენ, მერე ვფხიზლდებით). ან ვინ თქვა, რომ სულ დაცვაში დგომა ნაკლებ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს, ვიდრე ხაზების ზემოთ ამოწევა და ასე თამაში? სულ დაცვა დამღლელი არააა? თან მთელი 45 წუთი მეტოქე თავზე რომ გაზის, ძალიან მაგრად უნდა გაგიმართლოს, რომ გოლი არ გაუშვა. ლატარიას თამაშობ ფაქტობრივად და არა ფეხბურთს.

მოკლედ, თუ არ გვინდა, რომ სულ ვიძახოთ, "კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ" და ამით ვიყოთ კმაყოფილები, პრესინგს უნდა მივხედოთ. სანიოლის მთავარი ამოცანა ეს უნდა იყოს. ნაკრებში მის მუშაობას ძირითადად ამ კრიტერიუმით შევაფასებ: გვასწავლის თუ არა სწორად პრესინგის თამაშს" - წერს მერაბ მეტრეველი.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თუ ამდენი იცი, წადი და მწვრთნელად იმუშავე. მაგარი ნიჭიერი ხალხი არიან ჟურრრრრნალისტები, ყველაფერზე ბაზრობენ და პასუხს არ აგებენ
ვარძიელი
11:58 29-03-2021
9
კი,მართალია.თითქოს ყველას ტოლ-სწორად ვეთამაშებით,მაგრამ შედეგი არ გვაქვს.მაკედონიაც მაღალი პრესინგით გვეთამაშა და ვფიქრობ ეს გახდა ჩვენი წაგების მიზეზი.ვისწავლით და შევძლებთ მაღალი პრესინგით თამაშს, შედეგი აუცილებლად გვექნება....
nodiko
12:02 29-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული