"მისთვის გართობა ფეხბურთის მოედანი და ბურთი გახლავთ..." - გავიხსენოთ, როგორ შეაფასეს ხვიჩა ბერძნებმა

AutoSharing Option
მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელიას კარგ თამაშს მშვენიერი გამოხმაურებაც მოჰყვა. გავიხსენოთ ბერძნული მედიის შეფასება პირველი მატჩის (1:1) შემდეგ:

"20 წლის ქართველი, რომელიც მთელი გულით თამაშობს, შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც ლიონელ მესის შემდეგ საუკეთესო დრიბლიორი. მეტიც, ევროპაში ქართველ მესის ეძახიან" - ასე ეხმაურება ხვიჩას ბერძნებთან პირველ თამაშს ადგილობრივი ჟურნალისტი სოტირის მილიოსი.

"რეალურად, მისი ზედმეტსახელი "ჯადოქარი" და "მოცეკვავე" გახლავთ. ხვიჩა თვითნასწავლი არტისტია, რომელსაც უყვარს იმპროვიზაცია. მისი თითოეული დრიბლინგი სხვას არ ჰგავს. ყოველ ჯერზე, როდესაც მის წინ მოწინააღმდეგე დგას, ისეთი გრძნობა აქვს, თითქოს ტილოზე
ნახატს ხატავდეს. ყველაფერი ავტომატურად კეთდება, არანაირი ფიქრი არ სჭირდება. წარმოიდგინეთ, ის არც კი ნერვიულობს. მის თამაშს დიდებულს მისივე თავისუფლება ქმნის, მოულოდნელი და იმპროვიზებული. ყოველ ჯერზე, როდესაც ის ბურთს მიიღებს, სუნთქვა ნელ-ნელა ჩერდება, მისი წარმოსახვა კი "ველურდება". ის გასაოცარი ფეხბურთელია.

მისი აღნაგობა მესის სიმაღლეს არ ჰგავს. ხვიჩა საკმაოდ მაღალია (1.83 მეტრი). გრძელი ფეხები და ტანი ქართველს წონასწორობასა და სისწრაფეში ეხმარება. მისი შესაძლებლობა ზღვარს მიღმაა. მოწინააღმდეგემ იცის, რომ კვარაცხელია მის წინააღმდეგ აუცილებლად დრიბლინგს ცდის. ამიტომ ისინი ანტიდოტს ეძებენ. თანამედროვე ფეხბურთის ღმერთს, ლიონელ მესის, თამაშში საშუალოდ 4.3 დრიბლინგი აქვს. ასევე საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა "ვულვზის" ერთ-ერთი ლიდერი ადამა ტრაორე. რაც შეეხება ხვიჩას, შეხვედრაში საშუალოდ 3.7 დრიბლინგს ახორციელებს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ეროვნულ ნაკრებში კვარაცხელია კიდევ უფრო ძლიერია. ბოლო 5 შეხვედრაში ქართველმა მეტოქეს ზურგი 25-ჯერ შეაქცია, რაც მართლაც რომ შესანიშნავი მაჩვენებელია. წარმოიდგინეთ, ესპანელების მცველებმაც კი ვერაფერი მოახერხეს... ის უდავოდ უნიჭიერესია.

ხვიჩას ხმაურიანი კარიერა საქართველოს 17-წლამდელთა ეროვნულ ნაკრებში დაიწყო, როდესაც 20 თამაშში 15 გოლი გაიტანა. ამას თბილისის "დინამოში" დებიუტი მოჰყვა. იმ პერიოდში "კვარა" სულ რაღაც 16 წლის იყო, შემდეგ კი "რუსთავის"  გუნდში გადაბარგდა, სადაც მთავარი მწვრთნელი მისი მამა, ბადრი კვარაცხელია იყო. ახალგაზრდა ტალანტით თავის დროზე მიუნხენის "ბაიერნი", ამსტერდამის "აიაქსი" და დონეცკის "შახტარი" დაინტერესდნენ, თუმცა, საბოლოოდ, ადრეულ ასაკში ფეხბურთელმა რუსეთს მიაშურა, კერძოდ, მოსკოვის "ლოკომოტივში" იჯარის წესით გადავიდა, სადაც გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც 2000 წლის შემდეგ დაიბადა და რუსეთის პრემიერლიგაში გოლი გაიტანა.

2019/20 წლების სეზონში ხვიჩა რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. იმავე სეზონში საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ახლა კი ის იქ, საკუთარ ქვეყანაში გაღმერთებულია.

სანამ კვარაცხელია ევროპის 5 საუკეთესო საფეხბურთო ლიგაში გადავა, ყაზანის "რუბინში" ასპარეზობს. მისთვის გართობა ფეხბურთის მოედანი და ბურთი გახლავთ. არ ჰყავს მანქანა, არ სვამს, არ ეწევა და სოციალური ქსელის ვარსკვლავიც არ არის, რაც კიდევ უფრო დასაფასებელია.

კვარაცხელიას საყვარელი გუნდი მადრიდის "რეალი" გახლავთ, არა მხოლოდ რონალდოს, არამედ "თეთრების" დომინანტობის, კლასისა და გენიოსობის გამო".



მომზადებულია sdna-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 26 /
უდიდესი სიამოვნებით და სიამაყით ვკითხულობ, უცხოელი საფეხბურთო ჟურნალისტების თუ ანალიტიკოსების მიერ, ასეთ მაღალ შეფასებას ჩვენს მარგალიტზე. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, როდესაც სხვაც, აბსოლიტურად მიუკერძოებლად აღიარებს უცხო ქვეყნის სპორცმენის, უდიდეს, ღვთისაგან ბოძებულ ნიჭს! კიდევ ერთხელ უდიდესი წარმატებები ჩვენს მარგალიტს!
ვახო...
18:04 01-04-2021
0
აჰა ესეც ქართველი ჟურნალისტები არიან?
ლშა
17:55 01-04-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული