"ეროვნული ლიგიდან ფეხბურთელებს ყოველთვის მივიწვევ" - ვილი სანიოლის ერთი სამუშაო დღე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იუთუბ-არხმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ერთი სამუშაო დღის შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა. ფრანგი სპეციალისტი საინტერესო თემებს ეხება:

"საქართველოში ჩამოსვლის დღიდან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ადამიანების სითბომ. დასავლეთევროპელები ფიქრობენ, რომ აღმოსავლეთ ნაწილში ცივი ხალხი ცხოვრობს. ეს რომ ასე არ არის, ჩემთვისაც სიურპრიზი იყო.

დიდი პრივილეგიაა, როცა ეროვნულ ნაკრებს ხელმძღვანელობ. აქ არა მხოლოდ გუნდისა თუ ხელმძღვანელობისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის ვმუშაობ და ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა.

მაქვს ბინა და ყოველდღე ოფისში სამუშაოდ მივდივარ. საფრანგეთშიც მსგავსი ცხოვრება მქონდა - ყოველდღე მიწევდა ქალაქში გასვლა და
მუშაობა.

ჩემი სამუშაო დღე ფეხბურთის ფედერაციის შენობაში იწყება. მე და ჩემი თანაშემწე ადელ ჩედლი მივდივართ ოფისში და ვხვდებით თანამშრომლებს, რომლებიც შეხვედრებს გეგმავენ. ჩვენ ხშირად გვიერთდება ჩემი მეორე თანაშემწე, ზურაბ ხიზანიშვილი. როდესაც საჭიროა სამედიცინო საკითხების განხილვა, ვიბარებთ სამედიცინო პერსონალს. სხვა დროს კი ვიდეოანალიტიკოსებთან ერთად ჩანაწერებს ვუყურებთ და მონტაჟებს ვქმნით. ნაკრების მომდევნო მატჩებისთვის ყველაფერი მზად უნდა იყოს.

უკვე დავესწარი რამდენიმე მატჩს და დავაკვირდი საინტერესო ფეხბურთელებს. მარტის თამაშებზე უკვე გამოვიძახე ეროვნული ლიგის რამდენიმე ფეხბურთელი. ეროვნულ ლიგაში კარგი მოთამაშეები არიან და მათ ეროვნულ გუნდში ყოველთვის მივიწვევ.

ბათუმურ შეხვედრას "დინამოსა" და "საბურთალოს" შორის იმის გამო დავესწარი, რომ ორივე გუნდში საინტერესო მოთამაშეები არიან. ამასთან,  უკეთ გამეგო იმ სტადიონის ატმოსფერო, სადაც შემოდგომაზე ეროვნულმა ნაკრებმა უნდა იასპარეზოს.

ბათუმი განსხვავდება თბილისისგან, სადაც მეტი ხალხი, სტრესი და მოძრაობაა. ჩემთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თბილისში ყოფნა, არამედ სხვა ქალაქებისა და სტადიონების მონახულება, რადგანაც ისინი ქართული ფეხბურთის ნაწილს წარმოადგენენ.

როცა ადამიანი ქვეყანაში ბევრ დროს არ ატარებს, მას უჭირს გარკვეული საკითხების გაცნობიერება. მნიშვნელოვანია ფეხბურთელების რეაქციის გაცნობიერება ჩემს ნათქვამსა თუ ქმედებებზე. უნდა გავიცნო აქაური კულტურა - ჩემთვის ეს ამოსავალი წერტილია! სწორედ ამიტომ ვცხოვრობ აქ და არ ვაპირებ მხოლოდ შეკრებებზე ჩამოსვლას.

ამ რთული პერიოდის მერე სასიამოვნო იყო მაყურებელთან ერთად თამაშზე დასწრება. მშვენიერი ატმოსფერო იყო და უკვე სიხარულით ველი სექტემბრის მატჩს. დარწმუნებული ვარ, ნაკრების ფეხბურთელები აქ ისიამოვნებენ.

უკვე მოახლოვდა ნაკრების უახლოესი მატჩები. ბევრი ფეხბურთელისთვის სეზონი უკვე დასრულებული იქნება.

მათ რთული სეზონი ჰქონდათ და იმედია, რუმინეთისა და ნიდერლანდებისთვისაც შერჩათ ძალები. ორივე მეტოქე ძლიერია.

მარტში გამართული შეხვედრების შემდეგ თამაშის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაა საჭირო. სექტემბერში საქართველოს ნაკრებისგან იმავე ენერგიას, დისციპლინასა და ხარისხს ველი, როგორსაც მარტის შეხვედრებში.

ორი მატჩიც და ფეხბურთელებს შეეძლებათ დასვენება!"


წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იუთუბ-გვერდი

altვილი სანიოლი: ქულებით თავს ვერ მოვიწონებთ, თუმცა სწორ გზაზე ვდგავართ

altსანიოლი ნაკლები ექსპერიმენტით - დებიუტანტი შეტევაში და დაბრუნებული ექსლიდერები


მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი ადამიანია ეტყობა. პროფესიონალიც. მაქვს იმედი რომ კარგ გუნდს ჩამოაყალიბებს. წარმატებები ჩვენს ნაკრებს.
შოთა
18:04 24-05-2021
0
ძალიან მომწონს ამ კაცის მიდგომა თავისი საქმისადმი, დიდი იმედით ვუყურებთ რომ ეს კაკაცი წინ წაწევს ჩვენ ფეხბურტს
ალეკსანდრე
18:18 24-05-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული