"სახელი ხვიჩა კვარაცხელია შვედეთის ისტორიაში აუცილებლად შევა..." - შვედი ბლოგერი

AutoSharing Option
გუშინ, 11 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შვედეთს 2:0 სძლია. სკანდინავიელებს ეს გამარჯვება სასიცოცხლოდ სჭირდებოდათ, რათა "ფურია როხასთან" სტუმრად ლიდერის რანგში ჩასულიყვნენ (ამ მატჩამდე შვედეთს 15 ქულა ჰქონდა, ესპანეთს - 13) და ფრის შემთხვევაში 1-ელ ადგილს დაიკავებდნენ, თუმცა ყველაფერი ისე როდია, როგორც ტკბილ სიზმრებში. ესპანელებმა სტუმრად 1:0 გაიმარჯვეს და გალიდერდნენ... გთავაზობთ შვედი ბლოგერის, ოლოფ ლუნდის სტატიას:

"ბათუმი. შვედეთმა მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე 1-ლი ადგილი აუტსაიდერთან მოულოდნელი მარცხის შემდეგ დაკარგა. ხვიჩა კვარაცხელიასა და ზოგადად, საქართველოს ნაკრების შესანიშნავი თამაშის გამო ჯგუფს სათავეში ესპანეთი ჩაუდგა.

სახელი ხვიჩა კვარაცხელია შვედეთის ისტორიაში აუცილებლად შევა. დიახ, არასასიამოვნოდ, თუმცა შევა... მაგრამ მოდი, სიმართლე ვთქვათ, 20 წლის ფეხბურთელმა მსოფლიოს მასშტაბით მაყურებელს დაანახა, თუ რატომ მიდიოდა 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მითქმა-მოთქმა მასზე. მართლაც რომ უდიდესი ტალანტია.

მარცხი ნაკრებთან, რომელიც რეიტინგში 93-ე ადგილზეა, რთულია, მით უმეტეს, იმ სიტუაციაში, როდესაც ჯგუფური ეტაპის 1-ლი ადგილით დაძლევა შეგიძლია... კვირას "ფურია როხასთან" მძიმე შეხვედრა გველის. საუბარი მარტივია, ვკონცენტრირდეთ, მოვინდომოთ და მოვუგოთ ესპანეთს, მაგრამ აქ ტკბილი სიზმარი სრულდება. ვერ ვიტყვი, შეუძლებელია-მეთქი, მაგრამ ძალიან ძნელია მსგავსი კალიბრის ნაკრებს საკუთარ კედლებში მოუგო მაშინ, როდესაც ეს შეხვედრა 1-ელ ადგილს არკვევს...

საქართველოსთან მარცხის შემდეგ შვედი ფეხბურთელები მშვენიერ სასტუმროში მივიდნენ და გულშემატკივრობდნენ საბერძნეთს, იქნებდა "ფურია როხასთვის" ქულები მათაც აერთმიათ, თუმცა არ გამოვიდა, ესპანელებმა ათენში 1:0 გაიმარჯვეს...

შვედებმა ზოგადად ამ ჯგუფში თამაში კარგად დაიწყეს და გადააბეს რამდენიმე მოგება, თუმცა საბერძნეთთან და საქართველოსთან განცდილმა მარცხმა მსოფლიოს ჩემპიონატისკენ მიმავალი ავტომატური საგზური ხელიდან აგვაცალა.

ახლა ბათუმში ვართ და ვხედავთ დაშლილ, განადგურებულ ნაკრებს, რომელიც ძალებს სულ მალე აღიდგენს. ეს ფეხბურთელები ხელმეორედ იმ ეპიზოდში რომ ჩავაგდოთ, სადაც გოლი ვერ გაიტანეს, ამჯერად თავს აუცილებლად გამოიჩენდნენ.

მინდა ერთი სიტყვით საქართველოსა და ზოგადად, მათ გულშემატკივრებზე გესაუბროთ. მოგეხსენებათ, ქვეყანაში პანდემია მძვინვარებს, რის გამოც დაახლოებით 20000-კაციან მოედანზე კომპეტენტურმა ორგანომ 7000 კაცი დაუშვა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ისინი არ გაჩუმებულან, ცდილობდნენ, ამხნევებდნენ და უბრალოდ ფეხბურთით ბედნიერდებოდნენ, საფინალო სასტვენის შემდეგ კი ისე ყვიროდნენ და აღნიშნავდნენ, თითქოსდა მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, თუმცა რთულია თავი გააკონტროლო ამხელა, ზღვა ემოციისგან... ესაა ფეხბურთისადმი სიყვარული. ახლა საქართველომ, ერთი მხრივ, უმნიშვნელო მატჩი მოიგო, სადაც მოწინააღმდეგეს საქმე გაუფუჭა, მაგრამ ასე არაა, ასეთი პატარა ქვეყნისთვის ძლიერი ნაკრების დამარცხება დიდი მიღწევაა. მოკლედ რომ ვთქვა, ატმოსფერო დიდებული იყო. 

დიახ, მოედანზე შვედებსაც დაინახავდით, დაახლოებით 100 კაცს. ისინი სკანდინავიიდან აქ ჩამოვიდნენ, თუმცა არ გაგვიმართლა, დავმარცხდით. ახლა ჩვენებს ერთი რამის უფლება აქვთ, გავიდნენ და ანდალუსიაში ბათუმური მარცხი გამოასწორონ, თუმცა, როგორც აღვნიშნე, ურთულესი იქნება. თუ ვერ მოვიგებთ, არ ვიცით, ვის შევხვდებით პლეი-ოფში. მაგალითად, ნახევარფინალში, დიდი ალბათობით, ნორვეგიას ავცდებით, ფინალში კი შესაძლოა შვეიცარიის კალიბრის გუნდი შეგვხვდეს...

იმას არ ვამბობ, რომ შეუძლებელია ესპანეთის დამარცხება. არა, რატომაც არა, მონდომება და ცოტაოდენი გამართლებაა საჭირო.

პირადად ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ არ მისცა დეიან კულუსევსკის უფრო მეტი დრო მწვრთნელმა. ზლატანის დონის ფეხბურთელის გუნდში ყოფნა კარგია, მისი ფაქტორი რაც არის, ვიცით. ახლა დროა, გუნდი დამუხტოს და სევილიაში მოედანზე საბრძოლველად გაიყვანოს... ბათუმში "იბრამ" არაერთი კარგი მომენტი ხელიდან გაუშვა, ასევე თანაგუნდელებმა მის მიერ გაკეთებული გადაცემებით ვერ ისარგებლეს. ეს ყველაფერი ფინალის ტოლფას მატჩში აღარ უნდა განმეორდეს" - წერს ჟურნალისტი fotbollskanalen-ის გვერდზე.






მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან მაღლა ნუ აფრინდებით. მტკივნეულია იქიდან დაცემა
გრიგოლი1408
21:57 12-11-2021
5
ხვიჩა შვედეთის ისტორიაში შევა, როგორც: ხვიჩა-ლენგი, ხვიჩა ყრუ, ხვიჩ-აბასი, ხვიჩა შაჰი...
ფაშა
14:54 12-11-2021
5

სიახლეები პოპულარული