კანკავას გარეშე და ტრავმირებული მცველით - "ჯვაროსნები" უზბეკეთისთვის ემზადებიან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ, წლის დასკვნითი ამხანაგური მატჩისთვის თბილისში ემზადება.

15 ნოემბერს ვილი სანიოლის გუნდი გორში უზბეკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ამხანაგურ მატჩამდე ჩვენი გუნდი თბილისში ვარჯიშობს. საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე შაბათს ნაკრებმა 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. უზბეკეთთან ამხანაგურ შეხვედრას ტრავმის გამო ლუკა ლოჩოშვილი გამოტოვებს, ოჯახური მდგომარეობის გამო კი გუნდთან ერთად არ იქნება ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა.

14 ნოემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართება. ფრანგი სპეციალისტი მედიის წარმომადგენელთა
შეკითხვებს სასტუმრო "შერატონში" უპასუხებს. პრესკონფერენციაზე დასწრება შეუძლიათ საქართველო-უზბეკეთის შეხვედრაზე აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს.

ეროვნული ნაკრების დებიუტანტის დავით ვოლკოვის კომენტარი შვედეთთან მატჩისა და ბოლო ამხანაგური მატჩის შესახებ:

"ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს უდიდესი სიხარულია. აქედან გამომდინარე, ბედნიერი ვარ, რომ ასეთ მატჩში მონაწილეობის შანსი მომეცა. რაც შეეხება უზბეკეთის წინააღმდეგ გასამართ მომავალ შეხვედრას, ყველანი 100 პროცენტიანი კონცენტრაციით ვემზადებით. ვცდილობთ, რომ ამ მატჩსაც ისე მივუდგეთ როგორც ოფიციალურ თამაშს, რადგან ეროვნულ ნაკრებში ამხანაგური შეხვედრა არ არსებობს. ბოლომდე დავიხარჯებით და იმედი მაქვს, წელს დადებითი შედეგით დავასრულებთ".

დავით ხოჭოლავა: "განვლილი ორი შეხვედრა ძალიან კარგი იყო, დიდი ემოცია და მუხტი მივიღეთ. ეს განსაკუთრებით ბოლო მატჩს ეხება, სადაც გულშემატკივრებთან ერთად საოცარ ატმოსფეროში ვითამაშეთ. ვთვლი, რომ ამ გარემოებამ შვედეთის წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. რაც შეეხება უზბეკეთის წინააღმდეგ მატჩს, ვერ ვიტყვი, რომ ეს ამხანაგური შეხვედრაა, რადგან წლის ბოლო თამაშია და ამის შემდეგ ეროვნული გუნდი დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ შეიკრიბება. აქედან გამომდინარე, საჭიროა, ეს შეხვედრაც მოვიგოთ და ჩვენი სერია გავაგრძელოთ".

საქართველო

მეკარეები - გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბთ), ლუკა გუგეშაშვილი (დილა)

მცველები - გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბთ), ირაკლი აზაროვი (დინამო ბთ), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი)

ნახევარმცველები - საბა ლობჟანიძე (ჰათაისფორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკოვი, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბთ), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხ. კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელ, კვიპროსი)

თავდამსხმელები - ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), დავით ვოლკოვი (ზირა, აზერბაიჯანი).

​საქართველოს და უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 15 ნოემბერს 18:00 საათზე გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ამხანაგური შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

წყარო: Nakrebi.ge

altფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი - საქართველოს ნაკრების შეფასება


მკითხველის კომენტარები / 12 /
ისე არ უნდა დაენიშნათ გორში,რა მუხტი იყო ბათუმში თან იმ გამარჯვების შემდეგ აუცილებლად ბათუმში უნდა დაგვესრულებინა ლამაზ ნოტაზე წელი,წარმომიდგენია რა გულშამატკივრობა იქნებოდა,გორის წინააღმდეგი კი არ ვარ უბრალოთ ტევადობა ძალიან პატარააა და ის მუხტი არ შეიქმნება რაც ბათუმში იყო,იმედია გავიმარჯვებთ მჯერა ამ ბიჭების!
იუზა პავლოვიჩ დოლიძე
15:48 14-11-2021
1
დაცვაში სანიოლს ხიზანიშვილის დამატება გადაუწყეტია და ძირითადში შემადგელობაში მოიაზრებს. თუ ტრავმა არ ექნება, მოედანზე აუცილებლად ვიხილავთ.
იდალგო
08:29 14-11-2021
14

სიახლეები პოპულარული