საქართველოს ეროვნული გუნდების ახალი იდენტობა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის გათამაშების ახალ ეტაპს მნიშვნელოვანი სიახლით იწყებს. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ეროვნული გუნდებისთვის ერთიანი ბრენდ-პლატფორმა შეიქმნა.

შეიცვალა ბრენდის ვიზუალური და ვერბალური იდენტობა და ახლა უკვე პირველად, ეროვნული გუნდები საკუთარი, უნიკალური დიზაინის მაისურებით ითამაშებენ.

ბრენდის ახალი პლატფორმის შექმნის პროცესში, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ფეხბურთთან ასოცირებული სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი - როგორც მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელები, ისე გულშემატკივრები და ჟურნალისტები. ბრენდის ახალ პლატფორმაზე საკომუნიკაციო სააგენტო "ვინდფორსმა" იმუშავა.

ჩართულ მხარეებთან ერთად, ხანგრძლივი კვლევის, კონსულტაციების და ინტერვიუების შედეგად,
ნაკრების მიმდინარე ცხოვრების საერთო სურათი გამოიკვეთა და ეროვნული ნაკრების თანამედროვე და ძლიერ ბრენდად ჩამოყალიბებისთვის მყარი იდეოლოგიური საფუძვლის ჩამოყალიბება გადაწყდა.

ლევან კობიაშვილი: "ვფიქრობ, რომ ეროვნული ნაკრების ბრენდმა მიაღწია იმ ეტაპს, როდესაც აუცილებელი იყო ცვლილება. ცვლილება, რომელიც იქნებოდა დროსთან ადეკვატური, თანამედროვე და ასევე, გაიზიარებდა ჩვენი რეალობის კონტექსტს და პრობლემატიკას."

ფილოსოფია

პირველ რიგში, შემუშავდა ბრენდის პლატფორმა, რომლის უმთავრესი იდეა სპორტსმენების მუდმივი თვითგანვითარებაა, რადგან სწორედ ამგვარი ინდივიდებისგან შემდგარი ერთობა ხდის ეროვნულ ნაკრებს კონკურენტულ და ანგარიშგასაწევ ძალად საერთაშორისო ასპარეზზე.

შეიცვალა ბრენდის ვიზუალური იდენტობა, სადაც ბრენდის არქეტიპი გმირია, ის, ვინც საკუთარ თავში სისუსტეს ამარცხებს და საკუთარი მიზანდასახულობით სხვებსაც შთააგონებს.

ტატა მატვეევა (ქალთა ნაკრების კაპიტანი): "ყველა სპორტსმენი უნდა ფიქრობდეს, როგორ განავითაროს საკუთარი თავი, როგორ იყოს ყოველდღე უკეთესი და არასდროს დაკმაყოფილდეს მიღწეულით და გააკეთოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი. ცხადია, ამისთვის დიდი ნებისყოფა და მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო."

Sportall.Ge

სიმბოლიკა

ამ შინაარსის გამომხატველი ვიზუალური სიმბოლიკა თავად ჩვენი ქვეყნის გერბზეა გამოსახული - წმინდა გიორგი სიძლიერის, იმედის, ბოროტებასთან ბრძოლის სიმბოლოა.

ამ სიმბოლოს ერთ-ერთი მთავარი ინტერპრეტაცია საკუთარ სისუსტეებზე გამარჯვებაა - ნებისმიერ მეტოქეს დაამარცხებ, თუ დაამარცხებ სისუსტეს შენში. სწორედ ამიტომ იქცა ამ სიმბოლოს განახლებული, თანამედროვე ვარიაცია ეროვნული ნაკრების ბრენდის ვიზუალურ იდენტობად.

სიმბოლოს მოჰყვა ვიზუალური სტილიც. მასში გამოყენებული უნიკალური "პატერნი" ქართულ ხასიათსა და სიმბოლიკას ჰარმონიულად აერთიანებს ბრენდის იდენტობასთან.

Sportall.Ge


ვერბალური იდენტობა

"მე ვარ საქართველო" - ბრენდის ახალი სლოგანი და ვერბალური იდენტობაა, რომელიც ახალ იდეოლოგიას ახმოვანებს.

ამ ფრაზას, ერთი მხრივ, ამბობს ბრენდი, რომელიც ქვეყანას მსოფლიო ასპარეზზე წარმოაჩენს და თავიდან ეცნობა სამყაროს; მეორე მხრივ, ამბობს ფეხბურთელი, რომელიც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, ყოველდღიური ძალისხმევით მუდმივად ვითარდება, ავლენს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს და ამგვარად ახდენს კონტრიბუციას საერთო საქმეში და ასევე ამბობს გულშემატკივარიც, რომელიც მთელი ქვეყნის სახელით უჭერს მხარს ეროვნულ ნაკრებს.

გურამ კაშია (ვაჟთა ნაკრების კაპიტანი): "ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ინსპირაციის მომცემი ფრაზაა "მე ვარ საქართველო" - მე ვიაზრებ პასუხისმგებლობას, რომ ვაჩვენო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი - გავიმარჯვებ თუ დავმარცხდები, ნებისმიერ შემთხვევაში მე ვარ პასუხისმგებელი. ეს მთელმა ერმა უნდა გავითავისოთ - ყველაფერი ჩვენგან იწყება და თითოეული ჩვენგანი ვართ ჩვენი ქვეყნის წარმატებაზე პასუხისმგებელი."

უნიკალური დიზაინის ფორმა

ბოლოს, შეიცვალა საფეხბურთო ნაკრების ფორმების დიზაინიც - ვიზუალური იდენტობის მიხედვით შეიქმნა სამი განსხვავებული ფორმა (საშინაო, საგარეო და მესამე), რომლებიც ირეკლავს ბრენდის ახალ ფილოსოფიას, ითვალისწინებს თანამედროვე ვიზუალურ ტრენდებს, აძლიერებს ნაკრებს, როგორც ბრენდს და გულშემატკივრებს ახალ, ეროვნულ სიმბოლიკასთან შესაბამისობაში მყოფ ვიზუალურ გადაწყვეტას სთავაზობს.

Sportall.Ge

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): "ახალ ეტაპზე გადასასვლელად, უპირველესად, არსებული პრობლემების გაანალიზება, მისი მიზეზების ძებნა და გადაჭრის გზების ძიებაა საჭირო.

მთავარი შეცდომა, რომელიც წარმატების მიღწევაში გვიშლის ხელს, ისაა, რომ მუდამ სხვაგან ვეძებდით და ვეძებთ პრობლემას. გვავიწყდება ის, რომ საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა - ვაკეთებ მე ყველაფერს იმისთვის, რომ ჩემი გუნდი, ჩემი ქვეყანა წარმატებული იყოს?

არ უნდა გვეშინოდეს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების, არ უნდა გვეგონოს, რომ სხვა გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს, არამედ ჩვენვე უნდა ვიყოთ მუდამ ჩვენი შესაძლებლობის ზღვარზე და თუ თითოეული ჩვენგანი ამ იდეით გაერთიანდება, სწორედ ეს განსაზღვრავს შემდგომ ჩვენს წარმატებას.

ჩვენი ახალი ლოგო და სლოგანიც ამ ფილოსოფიას ატარებს - "მე ვარ საქართველო" - ვიაზრებ ჩემს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას, იმას, რომ მე უნდა გავაკეთო ჩემი საქმე.

მნიშვნელოვანია, რომ გულწრფელად გვჯეროდეს ამ სიტყვების, ვიყოთ საკუთარ თავში დარწმუნებულები და ვთქვათ, რომ დიახ, სწორედ მე ვარ საქართველო, მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ეს გუნდი, ეს ქვეყანა წარმატებული იქნება."

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "ჩვენი პრობლემა მუდამ ის იყო, რომ ვერ გადაგვქონდა ფეხბურთელების ინდივიდუალური წარმატება გუნდურ წარმატებაში; ვერ შევძელით გაგვეერთიანებინა ჩვენი სიძლიერე.

ვფიქრობ, ყველა ძლიერი გუნდის უკან ძლიერი ფილოსოფია და იდეოლოგია დგას, რომელიც უნდა აერთიანებდეს ბავშვთა ფეხბურთს, ქალთა, ასაკობრივ და ეროვნულ გუნდებს. ამის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა.

მნიშვნელოვანია, ყველამ ვიცოდეთ, რომ წარმატებისთვის ინდივიდუალურად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. მნიშვნელობა არ აქვს, ფეხბურთელი იქნება, გულშემატკივარი თუ ფეხბურთში ჩართული სხვა პირი - ყველამ ჩვენი საუკეთესო შედეგი უნდა ვაჩვენოთ.

თუ მე არ მივცემ მაგალითს, რომ მე ვაკეთებ ჩემს საუკეთესოს, ვერც სხვას მოვთხოვ ამას. თუ გუნდში თითოეული ინდივიდი ძლიერია და პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე, საბოლოოდ მთელი გუნდი წარმატებულია.

ახალი ლოგოც სწორედ ამ იდეოლოგიას ატარებს - ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე ყოველთვის ჩვენივე თავია. როცა წარმატების მიღწევა გვინდა, პირველ რიგში, ჩვენი თავი უნდა დავამარცხოთ.

ამ მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება ეს ცვლილებებიც, რომელთა განხორციელებაც დიდი ხანია გვინდა და ვთვლი, რომ ახლა ყველაზე სწორი და კარგი დროა ახალი ეტაპის დასაწყებად და ეს ძალიან განსაკუთრებული მომენტია ქართულ ფეხბურთში."

ვილი სანიოლი (ვაჟთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "როდესაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვახსენებთ, მხოლოდ გუნდს არ მოვიაზრებთ - ეს არის ის ღირებულებები, ფასეულებები და კულტურა, რომლებიც ამ გუნდის უკან დგას.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია აღნიშნული ცვლილებები. მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელი, საკუთარი გუნდის გარდა, მიეკუთვნებოდეს ძლიერ ინსტიტუციას, რომელსაც მკაფიოდ გამოხატული, საქვეყნოდ ცნობადი მახასიათებლები აქვს. ფილოსოფიაც ხომ ჩვენს თავში არსებული ხმაა, რომელიც გვეხმარება, არ დაგვავიწყდეს საიდან მოვდივართ, რა გვინდა და რა მიზნები გვაქვს, საით მივისწრაფვით.

ფეხბურთელები იცვლებიან, თუმცა ბრენდის ღირებულებები და იდენტობ რჩება. ამიტომ, განსაკუთრებით ეროვნული ნაკრებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარი თავის მყარად დამკვიდრება სპორტის ინდუსტრიაში - მკაფიოდ განსაზღვრა, რა არის გუნდის ფასეულობები, საით აქვს გეზი აღებული და ა.შ.

ვთვლი, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის დასაწყისში ვართ და ძალიან მიხარია, რომ ამ ცვლილებების დამსწრე და თანამონაწილე "სტუმარი" მეც გახლავართ."

ვატო ქავთარაძე ("ვინდფორსის" დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი): "ქართული ფეხბურთი, როგორც ბრენდი, საბჭოთა კავშირის ეპოქაში ჩამოყალიბდა. მას შემდეგ, რაც ეს ეპოქა დასრულდა და ჩვენმა ფეხბურთმა დამოუკიდებლად განაგრძო არსებობა, ჩვენ ვერ მოვახერხეთ ჩვენი დამოუკიდებელი საფეხბურთო ფილოსოფიის შექმნა, რომელზეც შემდეგ მთელი დარგი და სამოქმედო სისტემა დაშენდებოდა.

ჩვენ უბრალოდ ინერციით გავაგრძელეთ სვლა და, შესაბამისად, დღემდე ექოსავით მოგვყვება პრაქტიკულად ყველა ის მანკიერი და დრომოჭმული სააზროვნო მოდელი, რომელიც საბჭოთა სისტემას ახასიათებდა.

უმთავრესი და ყველაზე დესტრუქციული, რაც იმ ეპოქას ახლდა, იყო კოლექტივიზმი - სადაც ინდივიდები, მათი შესაძლებლობების მიუხედავად, ხელოვნურად თანაბრდებოდნენ ერთმანეთთან. სისტემა მთლიანად შეზღუდვებზე, ლიმიტებსა და იერარქიულ შიშზე იყო აგებული. ის რკინის ფარდა, რომელიც ჩვენ თავისუფალი სამყაროსგან გვყოფდა, ისეთ ჩარჩოებს ქმნიდა ჩვენს ცნობიერებაში, რომლებიც ამ სამყაროსთან ჩვენ სრულფასოვან ინტეგრაციას შეუძლებელს ხდიდა - მას შემდეგაც კი, რაც ეს ფარდა ჩამოიშალა.

ამიტომ, ამ კოლექტივიზმისგან ერთხელ და სამუდამოდ გასათავისუფლებლად, ჩვენ მას ინდივიდუალიზმი დავუპირისპირეთ - სწორედ ის, რაზეც დასავლური ცივილიზაცია დგას და რაც განასხვავებს მას საბჭოურისგან.

ახალი ბრენდ-პლატფორმის მთავარი ქვაკუთხედი ინდივიდია - ინდივიდი, რომელსაც აქვს უნარი, თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და მუდმივი თვითგანვითარების რეჟიმში წარმართოს თავისი ცხოვრება და სპორტული კარიერა.

მხოლოდ ამგვარი ინდივიდებისგან შემდგარ ერთობას აქვს შანსი, აქციოს ეროვნული ნაკრები კონკურენტულ და ანგარიშგასაწევ ძალად საერთაშორისო ასპარეზზე."

წყარო: nakrebi.ge
მკითხველის კომენტარები / 12 /
ძმაო ძალიან ლამაზი სიმბოლიკა გვქონდა, მე თუ მკითხავთ მთავარია ბავშვთა ფეხბურთს მიხედოთ და კორუფცია აკონტროლოდ!!! ეს ფორმები და პლაკატები თამაშებს ვერ მოიგებს!!!
სოლომონი
03 ივნისი 2022 01:11
1
სიტყვა იდენტობა,ძალიან ცუდ ასოციაციებს აღმიძრავს და საერთოდ ეს ეგრეთწოდებული ბრენდირება და ხმაურის ატეხვა,რისთვისაა საჭირო,კარგად ვერ გავიგე.გუშინ კობიაშვილს და იაშვილსაც ვუსმინე,მინდოდა გამეგო,რა სურდათ და ჩემი აზრიც ამის შემდეგ გამომუშავებინა,მაგრამ რა უნდათ,თვითონაც არ ესმით მგონი კარგად და ჩვენ რას ვიგულისხმებთ,მაგ სლოგანში,ეგ უკვე სხვა თემაა.ქვეყანა თავზე გვექცევა და ახალგაზრდობისაგან იცლება.თუ იდენტობაზე ვლაპარაკობთ,მაშინ იდეოლოგია და პატრიოტიზმის სწავლება,სკოლებში უნდა დაბრუნდეს.ბავშვმა ბავშვობიდანვე უნდა გაითავისოს სამშობლო,შეიყვაროს ის, მზად იყოს,მასზე ზრუნვისათვის.იქ უნდა ისწავლონ,რომ სამშობლო მისია და სხვა არავინ იზრუნებს მასზე,მის გარდა.იქიდანვე უნდა ჰქონდეს ჩანერგილი დევიზი"ვინ,თუ არა მე!"აი მაშინ შეიძლება გაერთიანდეს საქართველო,საქართველოს ინტერესების და კეთილდღეობის გარშემო და მხოლოდ მაშინ მიაღწევს წარმატებებს.ლევან კობიაშვილი პარლამენტარიცაა და პარლამენტიდან რომ დაიწყოს,ამ "ბრენდის" დამკვიდრება,მაგაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებს.დღეს ხომ პარლამენტში სხედან ხალხი,ვინც იაფად ჰყიდის საქართველოს ინტერესებს და ხალხი,ვინც კიდევ უფრო იაფად გაჰყიდის,თუ როგორმე მიუშვეს ქვეყნის საჭესთან.
მაპატიეთ მეგობრებო,პოლიტიკური ანარეკლით გამომივიდა ეს პოსტი,მაგრამ თვითონ თემაც პოლიტიკურია,დიდწილად და თანაც ძალიან საჭირბოროტო.
სოსო
25 მაისი 2022 12:17
0
მე კიდე ზიმბაბვე ვარ! ჰა, როგორ ჟღერს? ისე. საინტერესოა, ამ ბრენდოპატრიოტებიდან ომში რამდენი წავა ან ჯარში თუ მაინც არიან ნამყოფები...
ჯოტია მანდელა
25 მაისი 2022 11:16
0
ჯერ სირბილო რომ ვისწავლოთ არა
ნიკა
25 მაისი 2022 10:29
0
ბრენდი, სლოგანი, ლოგო, ფორმა, პლატფორმა... განა ცუდია? კარგია! მაგრამ ეს უნდა კეთდებოდეს როცა ფუნდამენტური უკვე ყველაფერი მოთავებულია, ინფრასტრუქტურა აწყობილი, ბავშვთა სკოლები გამართული, რაღაც წარმატებები ასე თუ ისე მიღწეული, ისა, ესა და ბოლოს ეს. ეხლა კიდე უბრალოდ ტრაფარეტია, ლამაზი შესახვევი ქაღალდი, ცარიელი პიარი მოკლედ..
მიჩინიო
25 მაისი 2022 07:49
1
ახალი "დონე" იდენტობა. მთავარია დონე იყო და ყველაFერი გამოვა
დონე.
25 მაისი 2022 05:24
0
დევიზი მე ვარ საქართველო ძალიან მომეწონა, თუმცა ჩვენ ერთი გუნდი ვართ არ იყო ცუდი დევიზი.

რა შუაშია წმინდანი და ფეხბურთი? ყველაფრის ფანატიზმი უკვე მარაზმში გადადის.
დააT
24 მაისი 2022 22:51
0
ეს სლოგანი "მე ვარ საქართველო" რაღაცნაირად პირდაპირ სულში და გულში გადის.მინდა ეს იყოს არა მარტო ფეხბურთის არამედ მთელი საქართველოს უმთავრესი სლოგანი, ნებისმიერ სფეროში.განსაკუთრებით პოლიტიკაში.
მართალი
24 მაისი 2022 21:19
1
მე ვარ საქართველო!
შავი კაცი
24 მაისი 2022 20:46
1
ბოლოს ვინმე ვატო ამბობს რომ საბჭოთა იყო დრომოჭმული და ჩვენ კი დასავლურ ცივლიზაციას უნდა მივააწვეთ! ამ დროს ფაქტი ჯიუტია, სწორედ მაშინ გვქონდა უმაღლესი შედეგებიც და მიღწევებიც და სანამ იქედან გამოგყვა რამე რესურსი მანამდე კიდევ ვითვლებოდით მართლა ანგარიშგასაწევ ძალად! და იმ საბჭოთა სტრუქტურის შედეგია რომ უკრაინა და რუსეთი კვლავინდებურად წინ არიან, ამ სპორტში, ჩვენ კი არსად! რატო ცდილობთ გააბანძოთ ის, რაც პირიქით გასაფრთხილებელი და გასათვალიწინებელია, მანკიერება რა იყო, რომ ყველა სოფელს, ყველა რეგიონს, ყველა კუთხეს ექცეოდა ყურადღება და თუ ბავშვი ნიჭიერი იყო მას გზას უკვალავდნენ? თუ ის რაც ახლა ხდება? რომ თუ მამას ფული არ აქვს, ან საერთოდ თუ არ ყავს მამა არავის ადარდებს! აქედან დაიწყეთ და არა ბოლოდან! ბრენდირება და ფულის შოვნა ბოლოს იყოს!
ტარიელ მაღალდაძე
24 მაისი 2022 17:59
9
სრულიად გეთანხმებით! მაშინ გვქონდა იდენტობა თუ გვქონდა, ყველა გვიცნობდა ჩვენი ინდივიდუალური საშემსრულებლო ოსტატობით, ვირტუოზული, სანახაობრივი თამაშით და ევროპელ ბრაზილიელებსაც კი გვეძახდნენ! ახლა რა სტილს ვთამაშობთ, ბავშვებს რას ვასწავლით, რა ტაქტიკაში ვართ ვერ გავერკვიე! ძირითადად ვწვალობთ რომ არ წავაგოთ, ან არ წავაგოთ დიდი ანგარიშით! ალბანეთთანაც კი! ამ დროს საბჭოთა დროს მართლა ქარიშხალივით შემტევი სტილით დავქროდით მოედანზე და ჩვენი ფეხბურთის ხილვა ყოველთვის უხაროდათ სადაც არ უნდა გვეთამაშა! აი ის იყო იდენტობაც და სავიზიტო ბარათიც! ახლა ბავშვებს უნერგავენ რომ ბურთი არ გაიჩეროპნ, პასი მეკარეს მიცენ, როგორმე გადარჩენ არ წააგონ, მთავარი ლოგო ყოფილა და ფორმა თურმე, ზედ წარჭერით!
ზურა
25 მაისი 2022 11:32
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული