კომპლექსებისგან გათავისუფლებული საქართველოს ნაკრები, რომელმაც საქმე ბოლომდე მიიყვანა...

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე გასვლით მთელი ქვეყანა ხარობს. ამ გზასა და "ერთა ლიგიდან" გასვლის შანსს ორი წლის წინ შევუდექით. ჯგუფური ეტაპის წარმატებით დაწყებით შემდეგ სტატია ასეთი სათაურით შემოგთავაზეთ - "კომპლექსებისგან გათავისუფლებული საქართველოს ნაკრები, რომელიც საქმეს ბოლომდე მიიყვანს..." - რასაც ახლა უცვლელად გთავაზობთ...

საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთში (5:2) გამარჯვებით გულშემატკივრები ძალიან გაახარა. ამ ქვეყანაში სტუმრობა, როგორც წესი, უსიამოვნოდ სრულდებოდა (ორჯერ 2:6 დავმარცხდით), ახლა კი, ფაქტობრივად, სრულფასოვანი რევანში აღებულია - მეტოქე ყველა კომპონენტში დაიჩაგრა, მათ შორის, ფსიქოლოგიურადაც.

Sportall.Ge

ასეთ მოგებას ტკბობა უხდება, თუმცა დიდი ხნით არა
- მატჩის შემდეგ ამაზე ვილი სანიოლმაც ისაუბრა, ხვალიდან შრომა უნდა გაგრძელდესო. 9 ივნისს კიდევ ერთი უხერხული და ჯგუფში ლიდერობაში მთავარი კონკურენტი ჩრდ. მაკედონია გველის, რომელთანაც უფრო მეტი იქნება საჭირო...

გარდამტეხი ეპიზოდი

ნებისმიერი წარმატების დროს ქართველი გულშემატკივრებისგან გვსმენია, რომ "ეს უკვე ნანახი აქვთ". დეჟა ვუს განცდას ის ტოვებდა, რომ არაერთი მატჩი თუ შესარჩევი ეტაპი ომახიანად დაგვიწყია და შემდეგ სათანადო გაგრძელება არ მოჰყოლია. ბულგარეთში იყო ეპიზოდი, როცა დავიძაბეთ და გვეგონა, წარმატებული პირველი ტაიმი თავზე გვენგრეოდა. დავიძაბეთ გულშემატკივრები, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა კი 2-ბურთიანი სხვაობა მალევე აღადგინეს - ბუდუ ზივზივაძემ გიორგი აბურჯანიას მშვენიერი პასი გამოიყენა. ეს ამ შეხვედრის გადამწყვეტი მომენტი იყო.

Sportall.Ge

ასეთი ეპიზოდები თავდაჯერებას გვიძლიერებს და მომავალში იმის შიში ნაკლებად იქნება, ერთ მოდუნებას, კონცენტრაციის დაკარგვასა თუ შეცდომას ვერაფრით გამოვასწორებთ და ყურებს ჩამოვყრით. ეს ნამდვილად ახალი ტიპის, არასრულფასოვნების კომპლექსისგან გათავისუფლებული ნაკრებია, რომელიც დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ევროპის ჩემპიონატის გზა მხოლოდ "ერთა ლიგაშია" და შესარჩევი ეტაპის დაძლევის შანსები არ გვექნება.

რესურსი, როგორც ძალა

საქართველოს თუ მასზე ძლიერ ნაკრებშიც გვინახავს, რომ კონკურენციასა და როტაციას გუნდში დისბალანსი შეაქვს. გარდა ამისა, ხანდახან მწვრთნელებიც ისე აიხლართებიან, თითქოს გამოკვეთილი 11 ფეხბურთელის არსებობა უკეთესი იქნებოდა. საქართველოს ნაკრებში ახლა განსხვავებული ვითარებაა.

წინა მატჩის შემდეგ საბა ლობჟანიძის სასტარტოში არყოფნამ ერთგვარი საუბრები გამოიწვია, თუმცა სანიოლმა ერთხელაც დაამტკიცა, რომ საკადრო საკითხებში კარგად ერკვევა. შესაძლოა, ის საბას სისწრაფის გამოყენებას მეორე ნახევარში აპირებდა, მაგრამ ამის საჭიროება აღარ იყო და ჩრდ. მაკედონიასთან დასვენებული ლობჟანიძე ძირითადში უნდა ვიხილოთ (სავარაუდოდ, კაკაბაძე ისევ ცენტრს დაუბრუნდება).

გარდა ამისა, "ჯვაროსნების" თავკაცი თავის გამოჩენის შესაძლებლობას მაქსიმალურად ყველას აძლევს ისე, რომ ამან გუნდს მხოლოდ დადებითი ეფექტი მოუტანოს. მაგალითად, თუკი აზაროვი გიბრალტართან განაცხადშიც არ ყოფილა, ახლა ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო. ზურიკო დავითაშვილის სრულყოფილი თამაში, როგორც ნახევარდაცვაში, ასევე შეტევაში, აუცილებელ ქებას იმსახურებს. გვილია, მამაუჩაშვილი - ახლა დრო მათაც მიეცათ და საკმაოდ კარგადაც გამოიყენეს.

Sportall.Ge

ბულგარეთში შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა მშვენიერი გოლი შექმნეს - მიქაუტაძემ ყაზაიშვილს გაატანინა. განვლილ ორ შეხვედრაში ისინი კარგად გამოიყურებოდნენ და სასტარტოში თამაშის ამბიცია ექნებათ. კარგია, რომ ეს ფეხბურთელების მოტივაციას ეხმარება და არა პირიქით, აბრაზებდეს და ხასიათს უფუჭებდეს მათ, რისი შემთხვევებიც ჩვენი ნაკრების ირგვლივაც გვინახავს...

გიორგი ჩაკვეტაძე ახლა განაცხადში არ იყო, რაც სანიოლმა ერთგვარად დაგვიანონსა კიდეც. დარწმუნებულები ვართ, ეს ისეთი ფორმით მოხდა, გიორგისთვის მხოლოდ პოზიტიურად რომ იმოქმედებს და შემდეგ მატჩში კიდევ უფრო მოტივირებულს ვიხილავთ.

რადგანაც მომდევნო მატჩი ჩრდ. მაკედონიასთანაა, აქვე გავიხსენოთ, რომ ვლადიმირ ვაისის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ერთი და იმავე ფეხბურთელების მიმართ ზედმეტი ნდობა, იშვიათი ცვლილებები და ალტერნატივების ნაკლები ძიება გამოდგა. კარგია, რომ სანიოლი ამ მხრივ კარგად მოქმედებს.

რაც გამოსასწორებელია

როგორც თავდაპირველად აღვნიშნეთ, მხოლოდ პოზიტიურ ელემენტებზე საუბარი სამომავლოდ კარგი არაა - მთავარ მეტოქესთან ბრძოლა წინ გვაქვს.

დაცვაში, განსაკუთრებით, მეორე სართულზე, დაშვებული შეცდომები თვალშისაცემი იყო. გარდა ამისა, საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს ბურთის დაკარგვით მეტოქეს საშუალებას ვაძლევთ, არაფრიდან ხიფათი შეგვიქმნას. თურქეთი, სლოვაკეთი და სხვა ნაკრებები, რომლებიც შესაძლოა, "ერთა ლიგის" პლეი-ოფში გადაგვეყარონ, თითოეული შეცდომის გამოყენებას შეეცდებიან...

მეტია სამუშაო პოზიციური შეტევების ორგანიზების კუთხით. კარგია, რომ ჩვენი ნიშა ვიპოვეთ და სწრაფი ფეხბურთელების ძალისხმევით მეტოქეებს კონტრშეტევებზე ბევრ საფრთხეს ვუქმნით, თუმცა რამდენიმე დღეში, იმავე ბულგარეთთან თბილისში, ინიციატივის უფრო მეტად აღება დაგვჭირდება.

მართალია, ბულგარეთში ეს მალე გამოვასწორეთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, უპირატესობის შენარჩუნება ისე მოხდეს, მხოლოდ თავს არ ვიცავდეთ. ბურთის კონტროლის ნაწილში, რაც მოწინააღმდეგის პრესინგის პირობებში გვიჭირს, კიდევ მეტია საჭირო.

ვარსკვლავური ლიდერი

ბოლო ორი სანაკრებო მატჩია ხვიჩა კვარაცხელიას, როგორც ნამდვილ ვარსკვლავურ ლიდერს, ისე ვხედავთ. "ნაპოლის" მომავალი ფეხბურთელი მატჩის ბედს მნიშნელოვნად წყვეტს, ყველაფერს უმაღლესი კლასით აკეთებს; ამავდროულად, რჩება განცდა, რომ მას კიდევ უფრო მეტი შეუძლია და მომატებას ნებისმიერ დროს შეძლებს.

აუგს ჩვენი ნაკრების ვერცერთ ფეხბურთელზე იტყვი, თუმცა მათ ჰყავთ ხვიჩა და მთელ გუნდს სჯერა, რომ ის ყველაფერს შეძლებს. "კვარამ" უბადლო პასები გააკეთა, საკუთარ საჯარიმოსთან მშვენიერი ართმევა შემოგვთავაზა, თერთმეტმეტრიანი მოიპოვა და მისი თამაშის ხილვა ერთი სიამოვნებაა...

როგორ გაგრძელდება როტაცია?

ჩრდ. მაკედონიასთან ჯგუფის მთავარ მატჩამდე კვლავ მცირე ინტერვალია. საქართველოს ნაკრებში შემადგენლობის ცვლილებას ისევ ველით.

Sportall.Ge

რა თქმა უნდა, რთულია თავის გამოჩენის საშუალება 29-ვე ფეხბურთელს მიეცეს. სულ რამდენიმე წუთით ითამაშა, თუმცა კარგად გამოჩნდა, ოთარ კიტეიშვილი ჩვენი გუნდისთვის რამდენად მნიშვნელოვანია. მას სიმშვიდე შემოაქვს და პასის კულტურა უმაღლეს დონეზე აქვს აყვანილი. გამორიცხული არაა, მაკედონიაში ის პირველივე წუთებიდან ვიხილოთ. გიორგი წიტაიშვილის დაბრუნება მარცხნივ კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის...

ახლა მთავარია, ეს პოზიტიური გარემო სრულყოფილად შევისრუტოთ და ივნისის შეხვედრები ისე ჩავატაროთ, ჯგუფის მოსაგებად სექტემბერში მცირე ძალისხმევა იყოს საჭირო.

altსანიოლი: ფეხბურთელებს უყვართ საკუთარი ქვეყანა - დინამიკა არ უნდა დავკარგოთ

altდიდებულია - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ბულგარეთი გააბითურა - 5:2! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 27 /
ვილიმ ძალიან მაგარი კონკურენცია შექმნა გუნდში კარგი გაგებით, რასაც ამდენი წელია ველით, მგონი ძალიან მაგარი გუნდი გვეყოლება ამ ურთულესს გზაზე თუ არ გვყავს უკვე, მადლობა ბიჭებს, ვილის და ქომაგებს................
მაგარია
14:20 06-06-2022
0
ყველაზე თვალშისაცემი იყო ლორიას მიერ ბურთის ფეხით თამაშში შეყვანის უზუსტობები, რის გამოც შეტევის წამოწყების ნაცვლად თავდაცვაზე გვიწევდა ფიქრი. ეს განსაკუთრებით იგრძნობოდა პირველ ტაიმში.
გულშემატკივარი
15:17 06-06-2022
0

სიახლეები პოპულარული