"ხვიჩა სკამის ფორმას მიიღებს, ნაკრები ვერაფერს მიაღწევს" - არის ასეთი "კადრები", უკადრებელის მკადრები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების წარმატებულ ასპარეზობაზე იმდენი დაიწერა და იმდენი ითქვა, რამის დამატება უბრალოდ საჭიროდ არ ჩავთვალე, მაგრამ "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლის წინ ისევ დაიწყეს ვაიგულშემატკივრებმა ბოღმიანი კომენტარების გამოგზავნა (რომელთაც არ ვაქვეყნებთ), გულმა არ მომითმინა და თქვენის ნებართვით, პასუხს გავცემ.

ადამიანის, თუკი შეიძლება ზოგიერთი ასე მოიხსენიო, ყველაზე დიდი ნაკლი დაუნახაობა და დაუფასებლობაა, კიდევ უფრო დიდი, როდესაც ჩასაფრებულთა მთელი ჯგუფი ჩვენი ეროვნული გუნდის ფეხის დაცდენას ელის და პირველივე ასეთი შემთხვევისას შეურაცხყოფის მიყენებას იწყებს - სრულიად დაუმსახურებლად და უსაფუძვლოდ. ძლივს გამოსწორდა საქმე, ბიჭებმა თამაში
დაიწყეს, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა, კვარაცხელია მალე "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება, იმედია, სხვებიც უკეთეს გუნდებში გადავლენ, ნაკრები ბოლო 9 მატჩში არ დამარცხებულა, ერთა ლიგაზე ჯგუფი ფაქტობრივად მოვიგეთ, B დივიზიონში გადავალთ, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად პლეი-ოფში ვიბრძოლებთ, თუმცა ეს ყველას როდი ახარებს. გუშინ ერთმა მოკლე კომენტარი გამოგზავნა - "ხვიჩა "ნაპოლიში" სკამის ფორმას მიიღებს“. ეს ერთეული შემთხვევა რომ იყოს, იფიქრებდი, რა მოხდა მერე, საზოგადოებაში რა დალევს ზიზღიანსა და ბოროტსო, მაგრამ მთელი უბედურებაც ისაა, ასეთები ცოტანი რომ არ არიან. ისე, არცთუ ბევრნი, ვინაიდან საუბედუროდ, როგორც წესი, ისინი სოციალურ ქსელებში უფრო აქტიურობენ და სპორტულ საიტებზეც.

"ჯვაროსნების" მატჩების ყურება უკვე ერთი სიამოვნებაა. მუდამ დაუძლურებული და მარცხისთვის განწირული გუნდი გარდაისახა. ერთ მუშტად შეკრულ ფეხბურთელებს თამაში უხარიათ, იბრძვიან, არავის არაფერს უთმობენ. მეტიც, სხვებს სჯაბნიან, პროგრესირებენ, წინ მიიწევენ. შემადგენლობის სიღრმეც გამოჩნდა, ერთ და ორ შემსრულებელზე აღარ ვართ დამოკიდებული, რაც მწვრთნელ ვილი სანიოლს როტაციისა და ტაქტიკური ცვლილებების საშუალებას აძლევს. გასვლით შეხვედრებში თამაშის ერთგვარი სინდრომიც აღარ არსებობს, აღარც შიში, გაცილებით უფრო თვითდაჯერებულები გახდნენ, იგრძნეს საკუთარი ძალა და ის, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ. ბულგარეთთან ფრედ დასრულებულმა შეხვედრამ კი ზოგიერთი ისე განარისხა, გეგონებათ, რაიმე დიდი ფიასკო განიცადეს. საქართველოს ნაკრებზე უფრო ძლიერ გუნდებს უჭირთ 11 კაცით საკუთარ კარში ჩამდგარი მოწინააღმდეგის ძლევა. ხდება ხოლმე, როცა ბურთსაც ცოცხალი თავით არ უნდა კარში შესვლა. ასეთია ფეხბურთი, რამეთუ ყოველთვის ვერ მოიგებ. ამ დროს ერთა ლიგაზე 4 ტურის მერე მოპოვებული 10 ქულა (ბურთების შეფარდება 12:2), საშინაო მატჩის წინ უახლოესი მდევრის, ჩრდილოეთ მაკედონიის 3 ქულით ჩამოტოვება, მშვენიერი შედეგია, რაზეც ცოტა ხნის წინ ვერც ვიოცნებებდით.

Sportall.Ge

სანიოლმა მიაგნო გამარჯვების "ფორმულას", რომელიც კარგად ორგანიზებულ დაცვასა და ფლანგებიდან სწრაფ კონტრიერიშებზეა აგებული. ამისათვის სათანადო შემსრულებლებიც ჰყავს და მის ხელთ არსებულ კონტინგენტს ძალიან პრაგმატულად იყენებს. რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული გუნდი უნაკლო არაა, ჯერჯერობით თითქოს უჭირს პირველ ნომრად თამაში, რასაც თავისი როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზები გააჩნია. უპირველეს ყოვლისა, ამისათვის საჭირო კი არა, აუცილებელია ნახევარდაცვის ცენტრში ბურთის დამჭერი ფეხბურთელი, რომელიც ტემპს დაარეგულირებს, პარტნიორებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. ასეთად ყველაზე მეტად ჯანო ანანიძე მოიაზრებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მას ტრავმის გამო კარიერის ნაადრევად დასრულება მოუწია. ვფიქრობ, ამ როლის შესრულება ზურიკო დავითაშვილსა და ოთარ კიტეიშვილს შეუძლიათ და თუ ეს მოხერხდა, შეტევები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება და ეს შედეგზეც უთუოდ აისახება.

ერთი სიტყვით, წინ პირველი ნაბიჯი გადაიდგა, ძალიან დიდი, მაგრამ არა გადამწყვეტი. ეს ერთგვარი ბლიცკრიგი მომავალი წარმატებების საწინდარი უნდა გახდეს, რათა ქართულმა ფეხბურთმა თვისობრივად ახალ სიმაღლეზე გასვლა შეძლოს. ამისათვის აუცილებელია მამარდაშვილისა და კვარაცხელიას ევროპის ტოპ 5-ის ლიგებში გაკვალულ გზას სხვებიც გაჰყვნენ და რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველით ხვიჩას "ნაპოლიში" წარამატებულ დებიუტს. მოლოდინი დიდია და არცთუ უსაფუძვლო. მან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ფორმა დაიბრუნა, ფსიქოლოგიური მდგომარეობაც, თამაში უხარია, ხან ერთი ფრთიდან უტევს, ხან მეორიდან, ყველა კუთხურს აწვდის, ბურთის დაკარგვისთანავე უკან ბრუნდება და დაცვას ეხმარება. მოდით, ვიყოთ ობიექტურები, განა ბევრია თანამედროვე ფეხბურთში ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელსაც საოცარი ტექნიკა აქვს, ბრძოლის ჟინი, მოედნის ხედვა, კარგი და გრძელი პასი, კარში დარტყმა და სისწრაფე, განსაკუთრებით, სასტარტო. ხანდახან ზედმეტსაც მოვითხოვთ ხოლმე მისგან, მაგრამ თამასა იმხელა სიმაღლეზე ასწია, ეს, ალბათ, მოსალოდნელიც იყო.

ძნელი სათქმელია, როგორ წარიმართება მისი კარიერა მეტად რთულ სერია A-ში. ნუ დაგვავიწყდება, რომ "სკუადრა აძურაში" არიგო საკი თვით რობერტო ბაჯოს არ ათამაშებდა. არ ვიცით, "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი როგორ მიუდგება, რა ფუნქციებით დატვირთავს და როგორ ნდობას გამოუცხადებს, მაგრამ შეუძლებელია ასეთი ტალანტი არ გამოიყენოს. მით უმეტეს, იტალიურ პრესაში ლამის ყოველდღე ქვეყნდება მის შესახებ წერილები, რომ ლორენცო ინსინიეს ღირსეული შემცვლელი იქნება. იმ ვაიგულშემატკივრისგან განსხვავებით, რომელმაც ხვიჩას სკამის ფორმის მიღება უწინასწარმეტყველა, ყველა ჭეშმარიტ ქართველ ქომაგთან ერთად წარმატებას ვუსურვებთ - ხვიჩა, ჩენ გვჯერა შენი, შენ ეს შეგიძლია, შენ ეს უნდა გააკეთო, აუცილებლად უნდა გააკეთო!

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 90 /
იტალიელები რა კომენტარებს დაწერენ რაში გვაინტერესებს? ეგ მათი აზრია.
ika
24 ივნისი 2022 08:12
1
ძალიან გთხოვთ გამოაქვეყნოთ, ნაციონალების უმეტეობას ჩვენი ქვეყნის წინსვლა არც სპორტში უხარია და არც ისე ზოგადად, პირადად შევესწარი რამოდენიმე მათგანის დიალოგს ერთმანეთში და სერიოზული კამათიც მოგვივიდა, წარმოუდგენელია როგორი უვარგისი უნდა იყო რომ საქართველოს ნაკრების წაგებას ნატრობდე
მამუკა
24 ივნისი 2022 08:02
2
რატომ გიკვირთ იმის მერე რაც ნახეთ ტელევიზიაში?გარეჯის ნახევარზე ჩვენი არააო და ტაში დაუკრა სტუდიამ.წმინდა მიწაზე არიან მზად თქვან უარი და ფეხბურთის გუნდი რა ფეხებზე კიდიათ ან ქართველთა წარმატება.
მოსეხონელი
24 ივნისი 2022 05:40
1
საქართველოს წარმატება ვისაც არ უხარია, ის ქართველი არ არის.
სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ხარახურა ხალხი ჩამოვიდა საქართველოში წინა საუკუნეებში და დღესაც ჩამოდიან ისეთები, ვისაც ჩვენი წარმატება ნერვებზე შლის.
ქ. გ.
24 ივნისი 2022 03:21
1
როცა ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ ხვიჩა ტოპ ფეხბურთელი გახდეს, რატომ უნდა უსურვო მას სკამის ფორმის მიღება? გარანტირებული არავის არაფერი აქვს, მაგრამ იმ პოტენციალით, რაც კვარაცხელიას აქვს, 50%-ზე გაცილებით მეტი ალბათობით გახდება ვარსკვლავი. ვუსურვოთ წარმატებები ხვიჩას, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრჯერ გაგვახარებს!
ნიკო
24 ივნისი 2022 02:24
1
სტაჟიანი გულშემატკივარი ვარ (66 წლის ვარ). ჩვენი ლეგენდარული "დინამოს", რომელიც ფაქტიურად საქართველოს ნაკრები იყო მაშინდელ საბჭოთა კავშირში, ბევრი დიდებული და სამწუხაროდ უსახურად ჩატარებული თამაშიც მინახავს. გაოცებული და გაბრაზებული ხშირად დავრჩენილვარ ჩემს მრავალ თანამემამულესთან ერთად იმის გამო, რომ ჩვენმა გუნდმა ვერ მოუგო "ზარიას", "კარპატს", "ზენიტს", ხოლო ბუდაპეშტის მტკ-სთან ჩემს ოქროს დაბადების დღეს სულაც 1:4 წააგო თბილისში. მაგრამ გუნდი იყო, თამაშობდა და იმედი ცოცხლობდა, რომ ეს გუნდი თავის სათქმელს იტყოდა და თქვა კიდევაც ომახიანად. თანაც ერთხელ კი არა-წლების მანძილზე. ახლა მართლაც გაოცებული ვარ იმით, რომ გულშემატკივრების ნაწილმა უარყოფითად შეაფასა ჩვენი ნაკრების ფრე ბულგარეთთან მატჩში. არადა განსაკუთრებული არც არაფერი მომხდარა: ჩვენმა ნაკრებმა ვერ მოუგო გუნდს, რომლისთვისაც იმ თამაშში მთავარი არწაგება იყო.ჩვენ, ქართველები, მაქსიმალისტები ვართ, მაგრამ ყველა თამაშს ტოპგუნდებიც ვერ იგებენ. დავინახოთ მთავარი: გვყავს ნაკრები, რომელიც თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს, რომლის ყურებაც ერთი სიამოვნებაა, რომელმაც ტრაბახა მაკედონიელებს სამი განსხვავებული კლასიკური გოლი გაუტანა სკოპიეში (სხვა უამრავ დადებით მომენტს არ შევეხები), რომელმაც იმედი გაგვიჩინა და რაც მთავარია, გვყავს ვარსკვლავი, რომელიც სერია ა-შიც დონეზე იქნება და საერთოდ საფეხბურთო სამყაროშიც. დაველოდოთ სექტემბერს და მეც თქვენთან ერთად გავიხარებ.
ბიძინა კუკულაძე
24 ივნისი 2022 02:15
1
ერთი მაგათი ვისაც ჩვენი კარგი არ უხარია.
T.q
24 ივნისი 2022 01:18
1
არ გინდა შენ ისტორიულ სამშობლოზე ისაუბრო,ერევანი მოინახულე..ცენზურის გამო ვერ მოგიკითხავ..ისე მაშტაბურად…
T.q-s
24 ივნისი 2022 09:48
1
რატომ გაქვთ მასეთი მიუღებლობა განსხვავებული და არაპოპულარული აზრების მიმართ? ადამიანები განსხვავდებიან და შეიძლება ზოგიერთი სხვანაირად უყურებდეს თითოეულ საკითხს.
ევროპა და განვითარებული სამყარო რომ მოგვწონს, იქ ყველანაირი აზრი არსებობს და მაგ აზრთა ჭიდილში იბადება ჭეშმარიტება. იტალიაში კვარაცხელიას ბევრი რამის ნახვა მოუწევს. იქაც გააკრიტიკებს ბევრი და ბევრიც შეიყვარებს.
შეიძლება მაგ კომენტარის ფორმა არ იყო მოსაწონი, მაგრამ ადამიანი რომ ფიქრობდეს, რომ კვარაცხელიას გაუჭირდება ნაპოლის ძირითადში ჩაჯდომა, ამაში გასაკვირი არაფერია. რა თქმა უნდა, ეს არავის გვინდა, მაგრამ შეიძლება ასეც მოხდეს. არანაკლები გულდაწყვეტები გვინახავს ქართული ფეხბურთის გამოცდილ გულშემატკივრებს. თვითონ ხვიჩაც მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ყველაფერი გარანტირებულად კარგად არ იქნება და ამისთვის ბევრი შრომა იქნება საჭირო. თვითონ მისთვისაა ამის დროულად მიხვედრა უკეთესი.
წარმატებებს ვუსურვებ ყველა ქართველ ფეხბურთელს.

(იმედია ამ კომენტარს არ დაბლოკავთ).
Vertical
24 ივნისი 2022 01:07
13
Skeleton - ვინ რას გასწავლით :)) თქვენთვის პირადად არაფერი მომიწერია. სტატიის წაკითხვა დავიწყე და ვიღაცის კომენტარზე ამხელა წერილის დაწერა სასაცილოდ მომეჩვენა. რამდენი ადამიანიცაა იმდენი აზრია. ლანძღვას რაც შეეხება და ფეხი მოტყდესო - ეგ სიბოროტეა რა თქმა უნდა და მაგათზე მე არაფერი მითქვამს. მე დავწერე იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რა ემოციებს იწვევს დღეს ჩვენში ხვიჩას თამაში, მაინც მხოლოდ მასზე და მის მონდომებაზეა დამოკიდებული თუ როგორ განვითარდება მისი კარიერა. იგივე ემოციებს იწვევდა, შორს რომ არ წავიდეთ, ჩაკვეტაძის თამაშიც და ვერავინ წარმოვიდგენდით რომ დღეს ამ მდგომარეობაში იქნებოდა. ასე რომ, ნებისმიერ აზრს (ელემენტარული ზრდილობის და ეთიკის ფარგლებში, რა თქმა უნდა) აქვს არსებობის უფლება და მეტიც, სასარგებლოა (რადგან ის არაპოპულარული აზრი შეიძლება იყოს ხანდახან სიმართლე). სულ ამის თქმა მინდოდა.
Vertical
24 ივნისი 2022 02:59
4
და ვინ წერს რომ არ უნდა გააკრიტიკონ და თუ არ მოეწონებათ მისი თამაში არ აღნიშნონ? ისედაც სულ კრიტიკით ცოცხლობენ და ვინ დაუშლით მაგას?
აქ სულ სხვა კომენტარებზეა ლაპარაკი, თავად მაქვს სქრინები შენახული რას უწერდა ხალხი.
დამშვიდდით არავინ გთხოვთ ხვიჩას ქებას 24 საათი, მითუმეტეს მას არ ჭირდება ეგ.
თავისუფალ აზრს და კრიტიკას არავინ ვდევნით, უბრალოდ როცა დაწერთ, რომ ძალიან გინდათ დაილეწოს, ვერ ითამაშოს, სკამზე იჯდეს სულ და ასე შემდეგ, იმისთვისაც მზად იყავით, რომ პასუხს მიიღებთ ადეკვატური გულშემატკივრისგან.
ვინ გთხოვათ რომ არ გააკრიტიკოთ ვინმე?
კრიტიკასა და წყევლა-კრულვა-გინებას შორის განსხვავებას ვერ ხედავთ?
დასავლეთი რომ მოგწონთ იქ ბულინგზე და გინებაზე ყოველთვის აქვს საზოგადოებას ჯანსაღი რეაქცია, კეთილი ინებეთ და მიიღეთ.
აზრი შეუზღუდეს თურმე.
ფეხი მოტყდესო ეგეც აზრია და ნეტა ვერასდროს ითამაშოსო...
ნუ მასწავლით რა კომენტარებიც აქვს ბრბოს დაწერილი მისთვის და თუ ამას ეთანხმებით მაშინ ერთი მიზეზი მაინც დამისახელეთ რით დაიმსახურა ეგ!!!
თითოეული ბინძური კომენტარის ავტორის გვერდზე გადავდიოდი და სახეებზე ვაკვირდებოდი, ადამიანები არ მეგონა თუ იყვნენ ისეთებს წერდნენ.
რისთვის დაიმსახურა, ნაკრებისთვის ბოლომდე რომ იხარჯება და სულს და გულს დებს ყველა თამაშზე ამისთვის?
მიპასუხეთ!!
Skeleton
24 ივნისი 2022 01:41
5
მაგის დამწერი არის ანტი საფეხბურთო იდეოლოგი ..არიან ესეთები საქართველოში და უნდათ რომ ამერიკული ფეხბურთი იყოს მთავარი ან ისეთები ვინც ვერ აუხდინა ოცნება ვერ გახდა ხვიჩასავით მაგარი!
გიო
24 ივნისი 2022 00:25
1
წარმატებები საქართველოს და ქართველებს ყველგან!!!სამწუხაროა,რომ ვისაც რა უნდა იმას წერს,ბოღმიანებისა და ბოროტების მეტი რაა,მაგრამ ერთ აზრს გამოვთქვავ-პოლიტიკაში ასეა,ნაცები საქართველოს ფეხის დაცდენას ელოდებიან ყველგან და ყველაფერში,მათი სტრატეგიაა დაიკავეს ქვეყანა და მღვრიე წყალში ოქროს თევზი დაიჭირონ!სამწუხაროდ ხელისუფლებაც ხელს უწყობს!თუ ნაცები გაქრებიან ქოცები აღარ დაგვჭირდება!
ლუკა
23 ივნისი 2022 23:59
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული