სანიოლი: ვცდილობ, კვარაცხელიას თავში ჩავიხედო - დავითაშვილს ევროპაში წარმატებული კარიერა ექნება

AutoSharing Option
ჩრდილოეთ მაკედონიასთან და გიბრალტართან მატჩებისთვის მოსამზადებელი ეტაპის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა. 15 სექტემბერს ვილი სანიოლმა მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს სასტუმრო "შერატონში" უპასუხა. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის საწვრთნელ შეკრებას 19 სექტემბერს თბილისში დაიწყებს.

ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩი 23 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან თბილისში შედგება. 26 სექტემბერს ჩვენი გუნდი სტუმრად გიბრალტარში ითამაშებს.

ვილი სანიოლი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "რა თქმა უნდა, ჩრდილოეთი მაკედონია ყველაზე ძლიერი მეტოქეა ჯგუფში. ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვიქნები ერთი ან სამი ქულით.
ბედნიერი ვიქნები, რომ ჯგუფი პირველ ადგილზე დავასრულოთ. არაჩვეულებრივი იყო ივნისის თამაშები და იმავეს ველოდები სექტემბერშიც. შეიძლება უფრო რთული და სკოპიეს მატჩისგან განსხვავებული თამაში იყოს. ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრის პირველ ტაიმში დაშვებული მცირე შეცდომები მომავალ კვირას უნდა გამოვასწოროთ.

მესმის აჟიოტაჟი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას გარშემოა ატეხილი. ვცდილობ, წარმოვიდგინო, რას ფიქრობს ფეხბურთელი. ვცდილობ, მის თავში ჩავიხედო. ჩემს შვილს 21 წლის ასაკში ყოველდღე არ ვეტყოდი, რომ მსოფლიოში საუკეთესოა, რადგან ის ამ შემთხვევაში არასდროს გახდება საუკეთესო. ერთ წლის წინ, როცა "რუბინში" თამაშობდა, ბევრი კრიტიკა იყო. ახლა ბევრი რამ დადებითად შეიცვალა. თუ გვინდა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს, უნდა დავაკვირდეთ, რას ვამბობთ მასზე, რადგან ახალგაზრდაა და ბალანსის დაცვა აუცილებელია. ბედნიერი ვარ მისი თამაშით ახალ ქვეყანაში. განსხვავებულ გარემოსა და კულტურაში იოლი არასდროს არის ადაპტაცია. ხვიჩას ჯერ ასი პროცენტით არ გამოუვლენია საკუთარი შესაძლებლობები და გაცილებით მეტი უნდა იშრომოს, ვიდრე აქამდე იმისთვის, რომ მაქსიმუმს მიაღწიოს. ის ახალგაზრდაა და მას ყველას მხარდაჭერა სჭირდება. ყველა პასუხისმგებელი ვართ მასთან მიმართებით, მათ შორის, ნაკრების მწვრთნელები და ფედერაცია, რათა მან სწორი გზით იაროს და მაქსიმუმის მიღწევა შეძლოს.

ბოლო პერიოდში მიქაუტაძემ და ლოჩოშვილმა ბევრად გააუმჯობესეს თამაში. მიქაუტაძე ერთა ლიგის მატჩებში გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე წინა შეხვედრებში. ივნისში მან თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა. ლოჩოშვილს ჩვენთან ბევრი არ უთამაშია, ამიტომ რთულია ბევრის თქმა. ვფიქრობდი, ლოჩოშვილის პოზიციაზე გვყავდა ფეხბურთელები, რომლებიც უკეთ გაართმევდნენ თავს დავალებას, თუმცა ბოლო პერიოდში ნაჩვენები პროგრესის ფონზე, ჩემთვის გართულდა გადაწყვეტილების მიღება, თუ ვინ იქნება სასტარტო შემადგენლობაში. კონკურენცია გაზრდილია და დაცვის ხაზში არჩევანის საშუალება გვექნება. კმაყოფილი ვარ ბოლო თვეებში ლოჩოშვილის მიერ ნაჩვენები თამაშით.

ამჟამად გუნდში არსებული კონკურენციით კმაყოფილი ვარ. ისევე, როგორც დაცვაში, მარცხენა ფლანგზეც დიდი კონკურენციაა: გიორბელიძე, აზაროვი, წიტაიშვილი. მარჯვენა ფლანგზე კაკაბაძე, ლობჟანიძე და სხვა მოთამაშეები, მათ შორის, გოჩოლეიშვილი. ნახევარდაცვაში შედარებით მცირე კონკურენციაა, თუმცა ეს გვილიას და კიტეიშვილის ტრავმებითაა გამოწვეული, მიუხედავად იმისა, რომ მან დღეს შეიძლება განაახლოს თამაში. დიდი არჩევანია თავდასხმაში: ზივზივაძე, მიქაუტაძე, ასევე, ქვილითაია, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ტრავმა ჰქონდა.

გვყავს კვარაცხელია, ყაზაიშვილი, ჩაკვეტაძე, ბერიძე და სხვა ფეხბურთელები, რომლებსაც ნაკრებში თამაში შეუძლიათ. ერთი წლის წინ გუნდში არ იყო დიდი კონკურენცია, ეს შედეგზეც აისახებოდა. რაც უფრო დიდია კონკურენცია, გუნდს უკეთესი შედეგები აქვს. რაც შეეხება მეკარის პოზიციას, ბედნიერი ვარ, რომ გუნდში ლორიასა და მამარდაშვილის სახით ორი კარგი მეკარე მყავს. ისინი მამა-შვილივით არიან. ვერ ვიტყვი, რომელი ითამაშებს, უმაღლესი დონის ფეხბურთში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. რამდენიმე დღეში მათ შევხვდები, ვისაუბრებთ ჩემს მოლოდინზე არა მხოლოდ უახლოეს მატჩებთან დაკავშირებით, არამედ მომავალზეც.

ბოლო პერიოდში ჩვენთან ერთად იყო ლაზარე კუპატაძე, რომელიც ახლა სანაკრებო განაცხადში არ არის. გასულ წელს მან ორჯერ ითამაშა ნაკრებში და ორივე შემთხვევაში ძალიან დამაჯერებელი იყო. ახლა ლევან შოვნაძე გამოვიძახეთ და ეს კარგია, რადგან პირადად შეგვიძლია ახალი ფეხბურთელის შესაძლებლობების ნახვა. ტრავმა რომ არ მიეღო, შესაძლოა, დავით კერესელიძე ყოფილიყო ჩვენთან ერთად. კარგია, რომ მეკარის პოზიციაზე მხოლოდ ლორია და მამარდაშვილი არ გვყავს და შეგვიძლია არჩევანის გაკეთება კარგ მოთამაშეებს შორის.

ზურიკო დავითაშვილის დამატებით რამდენიმე ფრანგული კლუბი იყო დაინტერესებული. ამის შესახებ გვქონდა საუბრები და ვფიქრობ, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. "ბორდო" მეორე ლიგაშია, მაგრამ ეს ძლიერი ჩემპიონატია. ეს მისი პირადი არჩევანი იყო, თუმცა სადაც უნდა წახვიდე, მთავარია სათამაშო პრაქტიკა გქონდეს, რათა ეროვნულ ნაკრებში მოხვდე. ვიმედოვნებ, ზურიკო ხშირად იქნება მოედანზე ბორდოში. ვფიქრობ, თუ ბევრს და წარმატებით ითამაშებს, ევროპაში წარმატებული კარიერა ექნება.

ივნისში, მიმდინარე ერთა ლიგაზე, ჩვენმა გუნდმა დიდი პროგრესი აჩვენა. შესაძლოა იმის გამოც, რომ უფრო უკეთ გაიგეს, რას ვითხოვ მათგან. თუ შეადარებთ ესპანეთთან ჩემი პირველი მატჩის განაცხადს, ბულგარეთის ან ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ გამოსულ შემადგენლობას, აღმოაჩენთ, რომ ბევრი ფეხბურთელი შეიცვალა. ახალგაზრდებმა ამ ერთი წლის განმავლობაში მეტი გამოცდილება მიიღეს. ასე იყო გამოცდილი მოთამაშეების შემთხვევაშიც - მაგალითად, ნიკა კვეკვესკირმა, მისი ასაკის მიუხედავად, ბოლო ორი წლის განმავლობაში დიდი პროგრესი განიცადა. ამასთან ერთად, გუნდში უკეთესი ვითარებაა დისციპლინის მხრივ და ფეხბურთში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ჩვენი წარმატებული ასპარეზობის მთავარი მიზეზი არის სისტემის ცვლილება, სამი ცენტრალური მცველით თამაში. ამ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება ჩვენი თამაშების ანალიზის შედეგად მივიღეთ.

ლუკა გაგნიძე ბოლო პერიოდში კარგად გამოიყურება. პოლონეთში ყოფნისას მას არ ჰქონდა სათამაშო დრო. ფაქტი, რომ ის ახლა რუსეთშია, მისთვის საუკეთესო სიტუაცია არ არის, მაგრამ ვცდილობ მოვუსმინო ხალხის აზრს საქართველოში და ვეთანხმები მოსაზრებას, რომ გუნდი უნდა შეიცვალოს. თუმცა ეს არ არის ადვილი. უნდა მოძებნო კარგი გუნდი კარგ ქვეყანაში, სადაც უკეთეს მოთამაშედ ჩამოყალიბდება, რასაც დროს სჭირდება. ეს არ ჰგავს ერთი ბინიდან მეორეში გადასვლას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიტუაცია მალე შეიცვლება და ფეხბურთის ფედერაცია მას ამაში დაეხმარება. ლუკა ძალიან კარგი ახალგაზრდა მოთამაშეა. თუ ასე გააგრძელა, მომავალში შემოგვიერთდება და გვაჩვენებს, რა შეუძლია.

ჩაკვეტაძე ახლა მეტს თამაშობს, რაც ბოლო წლებში ძალიან აკლდა. ბედნიერი ვარ მის გამო და მადლობა მინდა გადავუხადო ვლადიმირ ვაისს, რომელმაც საკუთარ გუნდში მიიწვია და შანსი მისცა. წინა შეკრებაზე ჩაკვეტაძეს შესაძლებლობა მივეცით და უთამაშებელი გამოვიძახეთ ნაკრებში. ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრი ადამიანი დაეხმარა მას, რადგან ყველამ ვიცით, რომ ის კარგი მოთამაშეა და ეროვნულ ნაკრებში გამორჩეული მომენტები ჰქონდა. იმედი მაქვს, იმავე დონეზე ითამაშებს მომავალშიც. მას სათამაშო პრაქტიკა და შედეგიანობა სჭირდება დაკარგული განწყობის დასაბრუნებლად. ამაში მას როგორც ეროვნული ნაკრები, ისე "სლოვანი" ეხმარება. ჩაკვეტაძის მომავალი მხოლოდ მის ხელშია და თუ ყოველდღიურად იშრომებს, მოედანს სწორედ ის გიორგი ჩაკვეტაძე დაუბრუნდება, რომელმაც ერთა ლიგაზე შესანიშნავი მატჩები ჩაატარა. კარგია, რომ მასთან ერთად "სლოვანში" გურამ კაშიაა, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალია. თუ გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას რჩევებს ყურადღებით მოუსმენს, უმაღლეს დონეს დაუბრუნდება. საბოლოო ჯამში, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული და მიზნის მისაღწევად ყოველდღიური შრომაა საჭირო".

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლევან შოვნაძე („სამგურალი“, წყალტუბო, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია), სოლომონ კვირკველია („ნეფთჩი", ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გურამ გიორბელიძე („ზაგლებიე“, ლუბინი, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), ჯემალ ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე („ჰათაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი“, სამხრეთი კორეა), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი)

უეფას ერთა ლიგის მატჩების განრიგი

23 სექტემბერი - 20:00

საქართველო - ჩრდილოეთი მაკედონია

26 სექტემბერი - 22:45

გიბრალტარი - საქართველო

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
სანიოლს ვეთანხმები კვარაცხელიაზე გამოთქმულ აზრში,კვარამ ჯერ კიდევ ბევრი უნდა იშრომოს და განვითარდეს,არ ჭირდება კვარას ყოველდღიური ქება-დიდება ზომიერება საჭირო, იმიტომ რომ კვარას ჯერ კიდევ ბევრი რამის დამტკიცება მოუწევს, ის ჯერ მხოლოდ 21-წლის არის, ამ ასაკში სიფრთხილეა საჭირო როცა მის შესაძლებლობებზეა ლაპარაკი.
qomagi
16 სექტემბერი 2022 15:53
0
გიორგი არაბიძე იმსახურებს შანსის მიცემას
არაა დასაკარგი ფეხბურთელი ნაკრებისთვის
jeko
16 სექტემბერი 2022 09:36
8
ბერიძეო და სიაში არაა, არ უნდა იყოს?
ლევან მაღლაკელიძე
16 სექტემბერი 2022 09:22
1
ყველაფერი კარგად და გააზრებულად ჩამოაყალიბა.ოღონდ ერთი- რაღა დროს ყაზაიშვილია?
სანდრო
16 სექტემბერი 2022 01:48
9
და ქვილითაია ?
მახა
16 სექტემბერი 2022 12:42
4
Yazaishvils sul sheudzlia kargi pasis an golis gatana
Kutaisi
16 სექტემბერი 2022 08:44
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული