С4 ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად საქართველოს ეროვნულ გუნდს 1 ქულაც ჰყოფნიდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში უკეთესი პოზიციის დასაკავებლად ქულათა მაქსიმუმი და ბურთების საუკეთესო შეფარდება სჭირდება. მეტოქე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გვესტუმრა, მაგრამ ცხადი იყო, თეორიული შანსის გამოსაყენებლად თავს არ დაზოგავდა, მთელი 90 წუთის განმავლობაში დაცვაში ვერ ჩადგებოდა და იმისათვის, რათა ის არ განმეორებულიყო, რაც გასულ ტურში თბილისში ბულგარეთთან მოხდა (0:0), სასურველი დებიუტშივე დაწინაურება გახლდათ.
„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა 3-4-2-1 ტაქტიკა აირჩია, კარში მამარდაშვილი ჩააყენა, ჩაკვეტაძეს კი სიცხე ჰქონდა და ამ მიზეზით არ იყო განაცხადში. შეხვედრა ნელ ტემპში დაიწყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მეტოქე სივრცეებს გვიკეტავდა, იერიშების მიტანა გვიჭირდა. პირველი მომენტი მოწინააღმდეგემ შექმნა, როდესაც შორიდან სპიროვსკის ძლიერად დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ აბურჯანიას გატანა მეკარემ არ დაანება, მორიგი შეტევისას კი კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში მიოვსკიმ ჩაჭრა. შემდეგ ზივზივაძემ ვერ უწია მიზანს და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.
მეორე ტაიმი მოწინააღმდეგემ აქტიურად დაიწყო, მიოვსკი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გადაგვარჩინა. ამას ჩვენი გუნდის კონტრშეტევა მოჰყვა და ხვიჩამ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. საქართველოს ნაკრები ბევრ შეცდომებს უშვებდა, არ გვყავდა მოედნის ცენტრში ფეხბურთელი, რომელიც ბურთის დაჭერას, ტემპის დარეგულირებას და თამაშის დალაგებას შეძლებდა. თუმცა, 64-ე წუთზე ზივზივაძემ მეტოქეს ბურთი აართვა, კვარაცხელიას დიდებული გადაცემა გაუკეთა და მან ანგარიში გაზარდა. ცოტა ხანში ბუდუმ ისევ მოჰპარა მოწინააღმდეგეს ბურთი, მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა, მაგრამ კარს ააცილა. მაკედონიელებმა საპასუხოდ დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ბარდის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა ლამაზ ნახტომში მოიგერია, დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და გავიმარჯვეთ.
საქართველოს ნაკრებმა ბოლო 10 მატჩიდან 8 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და შემდეგ შეხვედრას 26 სექტემბერს გასვლაზე გიბრალტართან გამართავს.
თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 2:0
გოლები: 1:0 მიოვსკი (35, საკ. კარში), 2:0 კვარაცხელია (64)
საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა (ლოჩოშვილი 72), კაკაბაძე, კვეკვესკირი, აბურჯანია (მამუჩაშვილი 87), წიტაიშვილი (აზაროვი 72), კვარაცხელია, დავითაშვილი (მექვაბიშვილი 78), ზივზივაძე (მიქაუტაძე 78)
ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ალიოსკი, ველკოვსკი (სერაფიმოვი 72), მუსლიუ, ზაიკოვი, აშკოვსკი (ტოდოროვსკი 68), სპიროვსკი (ტრაიკოვსკი 68), ბარდი (ელიზი 84), ელმასი, რისტოვსკი (ატანასოვი 73), მიოვსკი
მაგრამ ერთიც უნდა ავღნიშნო, 60-65 წუთის მერე გუნდი "ჩაჯდა", ფიზიკურად ვერ უძლებენ. ეს ჩვენი ყველაზე სუსტი ადგილია.
მამარდაშვილიც საუკეთესო იყო მაგარი ბურთები აიღო