კვარაცხელია და ჩაკვეტაძე ერთად - სანიოლის "დაბრუნებები" და სიახლეებზე ფიქრი

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა, რომელიც მაროკოსთან მატჩისთვის მოემზადება, ცნობილია. ამხანაგური შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალი თუ კარგად დავიწყებული მოთამაშეების გამოცდაა, თუმცა ზღვარი მაინც არსებობს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ეს ბალანსი მეტ-ნაკლებად წარმატებით დაიცვა.

დებიუტანტები

საკმაოდ დიდი ხანია ველოდით, რომ გიორგი გოჩოლეიშვილს ეროვნულ ნაკრებში ვიხილავდით. "საბურთალოსა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მარჯვენაფლანგელი თავისი პროგრესით ამას იმსახურებდა. სადებიუტო შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობა საბა საზონოვს უკვე უფროს "ჯვაროსნებში" მიეცემა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დიდი ალბათობით, ჩამოთვლილი ფეხბურთელები მომავალი წლის ზაფხულში 21-წლამდელთა ნაკრებსა და
ევროპირველობაზე უნდა იყვნენ.

Sportall.Ge

ოთარ კაკაბაძის (ტრავმა) არყოფნაში გოჩოლეიშვილს სასტარტოში ველით. გუნდში საბა ლობჟანიძეცაა. რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, აქ გიორგი წიტაიშვილის თამაში უალტერნატივოდ გამოიყურება. ახალგაზრდულ ნაკრებზე ვისაუბრეთ და იმის შანსიც საკმაოდ დიდია, ირაკლი აზაროვი მომავალ წელს ამ გუნდის წევრი იყოს (რამაზ სვანაძემ ახლაც გამოიძახა). როგორც ჩანს, რადგან მხოლოდ ერთ შეხვედრას ვმართავთ, სია მაქსიმალურად შეზღუდულია (ორი მეკარეა) და კიდევ ერთ ფლანგელს, პოლონეთში მოასპარეზე გურამ გიორბელიძეს ვერ ვხედავთ.

დაბრუნებები

ფრანგი სპეციალისტის სიაში ის ფეხბურთელებია, რომელთა ნაკრებში ყოფნა ცოტათი გადაგვავიწყდა კიდეც.

ჯიმი ტაბიძე წინა შეხვედრებისთვისაც გამოიძახეს, თუმცა გუნდს ბოლო მომენტში გამოაკლდა. 26 წლის ფეხბურთელმა თბილისის "დინამოში" დაბრუნების შემდეგ ოპტიმალური ფორმის დაბრუნება დაიწყო. მას გამოცდილება და კლასი ნამდვილად არ დაეწუნება.

ლევან შენგელიას ეროვნულ ნაკრებში ვლადიმირ ვაისიც ენდობოდა და მას თავდაპირველად, სანიოლიც დაეყრდნო. ამჟამად ბერძნული "პანეტოლიკოსის" წევრმა გასულ შესარჩევ ეტაპზე ორი მატჩი ჩაატარა, მერე კი ნაკრებში აღარ გამოჩენილა. ის ბოლო დროს კარგ ფორმაშია და ვნახოთ, თავს როგორ წარმოაჩენს.

Sportall.Ge

მას შემდეგ, რაც ბუდუ ზივზივაძე და გიორგი მიქაუტაძე სანიოლის რჩეულებში სტაბილურად არიან, წინა ხაზის სხვა მოთამაშეებს შანსი არ ეძლეოდათ. გიორგი ქვილითაისა და დავით ვოლკოვს ახლა სიაში ვხედავთ. ისინი უფრო ე.წ. საჯარიმოს, ტანმაღალი ფორვარდები არიან და იმდენს არ მოძრაობენ, რამდენსიც ბუდუსა თუ "ჟორჟისგან" შევეჩვიეთ. გვახსოვს, ვოლკოვის მონდომებოთ სანიოლი როგორი აღფრთოვანებული იყო. მან აზერბაიჯანის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში სამი გოლი გაიტანა. ქვილითაიას, არსებულ ფეხბურთელებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სანაკრებო გამოცდილება აქვს, ტრავმის შემდეგ კი კვიპროსულ "აპოელში" ძველებურად ვერ ათამაშდა და საკმაოდ დიდი ხანია, მეტოქის კარი არ დაულაშქრავს.

სასიამოვნოა, რომ გიორგი ბერიძემ შანსი ისევ მიიღო. იმედია, ის ეროვნულ ნაკრებშიც ბოლომდე გაიხსნება და შედეგიანად ათამაშებდა. გიორგიმ "ანკარაგიუჯუს" რიგებში 30 ოქტომბერს სეზონში მე-4 გოლი გაიტანა.

ახალი ტაქტიკა?

ფეხბურთელების გამოცდასთან ერთად, სანიოლს ოფიციალურ მატჩებამდე უკანასკნელი შანსი ექნება, ახალი ტაქტიკური სქემა მოსინჯოს. რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებს საბაზისო სტრატეგია გააჩნია, რომლითაც წარმატებული სერია აქვს, თუმცა წინ შესარჩევი ეტაპია და ყოველგვარი ვარიაცია იქნება საჭირო.

Sportall.Ge

ჩვენს გუნდს ოთარ კიტეიშვილი დაუბრუნდა, რომელთან ერთადაც ბურთის ფლობას მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. "შტურმის" "ათიანი" ამ მხრივ გამორჩეულია. გიორგი ჩაკვეტაძე კი ასეთ კარგ ფორმაში კარგად ხანია, არ გვინახავს და საინტერესო იქნება, ვილი მის ადგილს სად ხედავს.

ახლა მთავარია, ხვიჩა კვარაცხელია ბოლომდე მომჯობინდეს და ნაკრებს შეუერთდეს. არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, "ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერი იქნებ შეტევის წინა ხაზზე ვიხილოთ, მარცხენა ფლანგზე მისი ადგილი კი გიორგი ჩაკვეტაძემ დაიკავოს. სამწუხაროდ, ხშირად ნამდვილად არ მომხდარა, რომ "კვარასა" და "ჩაკვეს" ერთდროულად გამოყენების საშუალება გვქონოდა. იმედია, მომავალში ეს პრობლემა აღარ იქნება და მთავარ მწვრთნელს ბალანსის პოვნა მოუწევს. დღეისთვის საქართველოს ნაკრების ტატქიკური სქემა ისეთია, ჩაკვეტაძის ადგილი რთულად მოიძებნება. ჩვენი გუნდი პლეიმეიქერით არ თამაშობს, მარცხნივ კი კვარაცხელია გამოდის. მაროკოსთან ამხანაგური დაპირისპირება საინტერესო ამ კუთხითაც იქნება.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე მაროკოს 17 ნოემბერს (თბილისის დროით 20 საათზე) არაბთა გაერთიანებულ საემიროებში შევხვდებით. ეს ბოლო მატჩი იქნება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე, სადაც სადებიუტო დაპირისპირება 2023 წლის მარტში, ნორვეგიასთან საკუთარ მოედანზე გვექნება. ჯგუფის წევრები ესპანეთი, შოტლანდია და თემურ ქეცბაიას კვიპროსიც არიან.

alt საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ამხანაგური მატჩისთვის

altსაზონოვის მამა: საბას საქართველოს ნაკრებში გამოძახება ჩვენთვის პოზიტიური სტრესია

მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიან საინტერესო იქნება კვარას, ჩაკვეს, დავითაშვილის და კიტეიშვილის ერთად ყოფნა გონივრული დალაგებით
იროდი
11:00 11-11-2022
0
უნდა მოვუგოთ მაროკოს. ეს იქნებოდა შესანიშნავი!
ლაშა
10:56 11-11-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული