კვარაცხელია აჯობებს თუ ჰოლანი? - ევროპისათვის საინტერესო დაპირისპირება

AutoSharing Option
ზამთრის პერიოდში დიდი სანაკრებო პაუზა გამოდის. კარგია ქართველი ლეგიონერების გულშემატკივრობა, თუმცა ეროვნული ნაკრები ისაა, რაზეც მუდმივად გვეფიქრება. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩამდე დაახლოებით 2 თვე დარჩა, თუმცა ამას წინ მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლის მხრიდან შემადგენლობის შერჩევა, გამოცხადება, მოსამზადებელი პერიოდი უდგას (მანამდე ამხანაგური მატჩიც უნდა ჩავატაროთ). ასე რომ, პროცესი, ფაქტობრივად, მუდმივად მიმდინარეობს. შესაძლოა, ამ თემებზე საუბარი ცოტა ადრე მოგვეჩვენოს, თუმცა საკითხი აქტუალურია და გულშემატკივრებს ყოველთვის აინტერესებთ.

მოგეხსენებათ, სასტარტო მეტოქე ნორვეგიის ნაკრებია, რომელსაც დიდი ალბათობით, ბათუმში ვუმასპინძლებთ (ევროპის ახალგაზრდული
ჩემპიონატის გამო "დინამო არენის" რეკონსტრუქცია იგეგმება).

Sportall.Ge

რა თქმა უნდა, როცა ამ ქვეყნის ნაკრებს ვახსენებთ, ყველას თვალწინ ერლინ ჰოლანი გვიდგას, რომელსაც საოცარი პროგრესი აქვს, მიმდინარე პრემიერლიგის 18 მატჩში კი 22 გოლი გაიტანა. თუმცა ინგლისის ჩემპიონატში ის ახლა საუკეთესო მაინც არაა და ამ სტატუსს ნორვეგიელთა "ათიანი", 24 წლის მარტინ ოდეგორი ატარებს. ლონდონის "არსენალი" პრემიერლიგის ტიტულთან ასე ახლოს დიდი ხანია არ ყოფილა, მის ნორვეგიელ კაპიტანს კი 8 გოლი, 5 შედეგიანი მოქმედება აქვს და სასიამოვნოდ თამაშობს. ეს ორი ფეხბურთელი დიდი ძალაა, თუმცა მთავარია, მოწინააღმდეგეს გუნდურად ვაჯობოთ. ნორვეგიელია "ნაპოლის" უკანახაზელი ლეო ოსტიგორი და სხვა საინტერესო მოთამაშეებიც ჰყავთ.

თუკი ჩვენ ჰოლანის შეჩერება გვანერვიულებს, მეტოქის დამრიგებელ სოლბაკენს ხვიჩა კვარაცხელიაზე ფიქრი არ ასვენებს. ქართველმა გარემარბმა საფეხბურთო ევროპა აალაპარაკა, მისი არა მხოლოდ საკლუბო მატჩები, არამედ თუნდაც შვედებისა და ესპანელების წინააღმდეგ გარჯა მოწინააღმდეგეს ბევრ სამსჯელოს უჩენს. ლიდერის როლი გასაგებია, თუმცა მთავარია, გუნდური საკითხები როგორ მოგვარდება. საერთაშორისო მასშტაბითაც მშვენიერ დაპირისპირებას ვიღებთ - კვარაცხელია ჰოლანის წინააღმდეგ!

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების სხვა წევრების მდგომარეობას რაც შეეხება, განსაკუთრებულ პრობლემებზე მაინც ვერ ვიწუწუნებთ - მეკარე გიორგი მამარდაშვილი კარგ ფორმაშია, გიორგი მიქაუტაძეს უკანასკნელ ტურებში გააქვს, გიორგი ჩაკვეტაძემ 2022 წელს იმედები დაგვიბრუნა... თუმცა ვილი სანიოლს მაინც არაერთი სირთულე აქვს. მარტამდე ჩვენი ლეგიონერების გარკვეულ ნაწილს გახურებული სეზონი არ აქვს, ეროვნული ლიგა ისვენებს, რაც კონკურენციის გაზრდის საშუალებას ნაკლებად იძლევა. სათამაშო პრაქტიკის გარდა, არსებობს ჯანმრთელობის პრობლემებიც, მაგალითად, ბუდუ ზივზივაძის ტრავმა. არიან მოთამაშეები, რომლებისგანაც დარჩენილ პერიოდში ოპტიმალურ ფორმაში დაბრუნებას ველით, როგორშიც სულ ცოტა ხნის წინ იყვნენ. ასეთი, მაგალითად, ზურიკო დავითაშვილია, რომელსაც კიდევ უფრო მეტის რესურსი და შესაძლებლობა გააჩნია...

ნორვეგიის ნაკრები შესარჩევ ეტაპს 25 მარტს, ესპანეთთან სტუმრობით დაიწყებს. ამ დროს ვილი სანიოლის გუნდს ამხანაგური შეხვედრა უნდა ჰქონდეს, ნორვეგიელებს კი 28 მარტს (20:00 სთ) ვუმასპინძლებთ.

Sportall.Ge

თუკი მუნდიალის წინ საქართველოს ნაკრები მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის მომავალ ნახევარფინალისტს, მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდა და (0:3) დამარცხდა, ნორვეგიელებმა ირლანდიას სტუმრად (2:1) აჯობეს (ერთი გოლი "ნაპოლელმა" ოსიგორმა გაიტანა), ფინელებს კი დაუზავდნენ (1:1). სოლბაკენის გუნდმა გასული წლის "ერთა ლიგის" B დივიზიონში მეორე ადგილი დაიკავა და სერბეთს 3 ქულით ჩამორჩა. ჰოლანის ანგარიშზე 6 გოლი და 1 "ასისტი" იყო, რაც ლიგაში საუკეთესო შედეგი გამოდგა.

შეგახსენებთ, შესარჩევი ეტაპის "ა" ჯგუფში ესპანეთის, შოტლანდიის, ნორვეგიის, თემურ ქეცბაიას კვიპროსისა და საქართველოს ნაკრებები მონაწილეობენ, ორი საუკეთესო კი გერმანიაში 2024 წელს გასამართ ევროპირველობაზე ავტომატურად გავა.

altსაქართველოს ნაკრების შანსები, უპირატესობები და პრობლემები - მომავლის ვარსკვლავები ერთ ჯგუფში

მკითხველის კომენტარები / 15 /
ჰოლანდს მომენტი უნდა შეუქმნა და გაიტანს.
კვარა კი თავად ქმნის მომენტს და იტანს ან გატანინებს
darwin
11:52 19-01-2023
0
არც ერთია პორტუგა;ლიელი და არც მეორე არგენტინელი, თორე როგორი დაპირისპირება იქნებოდა ხვიჩა- ჰოლანდი, ამ წუთში ევროპაში ყველაზე დამაინტრიგებელი.
irakli81
12:42 19-01-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული